,,საჯარო სამართლის ჟურნალის“ პირველი ნომერი და საინტერესო შედეგები

თარიღი: 2023-05-10 18:59:40

„მიხარია, რომ დაფუძნებიდან უმოკლეს დროში მოხერხდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო სამართლის ჟურნალის“ პირველი ნომრის გამოცემა. ჟურნალის მიზანია – პოლიტიკური ინსტიტუციის წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის დისკუსიას ჩაუყაროს საფუძველი. ამიტომ, პრობლემის იდენტიფიცირებისას პასუხების გაცემის გარდა, ბევრი ღია კითხვაც დაისვა“, – ამბობს ჟურნალის მთავარი რედაქტორი კობა ყალიჩავა.

„საჯარო სამართლის ჟურნალი“ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია. სარედაქციო კოლეგია თსუ-სა და ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესურისგან დაკომპლექტდა.

ჟურნალი 2022 წელს დაფუძნდა და წელიწადში ორჯერ ქართულენოვანი და უცხოენოვანი (ინგლისურ-გერმანული) გამოცემების სახით ქვეყნდება.

პირველ ნომერში ექვსი სტატია დაიბეჭდა:

პროფ. გერდ ვინტერისა და პროფ. კობა ყალიჩავას სტატიის თარგმანი: „სამართლის ტრანსფერი და შინაგანი დინამიკა ტრანსფორმაციულ ქვეყნებში: საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი“;

პროფ. ბესარიონ ზოიძის სტატია ქართულ სამართალში ფორმალიზმის შესახებ, რომელიც განხილულია უპირატესად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით;

პროფ. კობა ყალიჩავასა და ლია შატბერაშვილის სტატია სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტების შესახებ ევროინტეგრაციის კონტექსტში: შედარებითი ანალიზი;

პროფ. ნორბერტ ბერნსდორფის სტატიის თარგმანი: „ადამიანის ძირითადი უფლებები ევროპულ კავშირში: ძირითად უფლებათა ქარტიის მნიშვნელობა – რომელიც დღემდე ვერ გახდა ევროპული კონსტიტუცია“;

ასოც. პროფ. პაატა ჯავახიშვილის სტატია: „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ნეგატიური კანონმდებელი და მისი კანონშემოქმედებითი ტრანსფორმაცია ქართულ სამართლებრივ სინამდვილეში“;

სამართლის მაგისტრის, თამარ შავგულიძის სტატია: „განგრძობადი აღიარებითი სარჩელი ქართულ ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში – ქართული და გერმანული სამართლის შედარება“.

„უფრო დეტალურად შემიძლია ვისაუბრო ორ სტატიაზე, რომლის თანაავტორიც ვარ. პირველი სტატია შეეხება სამართლის ტრანსფერის საკითხებს გარდამავალ ქვეყნებში საქართველოში ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითზე. კვლევა ინდუქციურია – ქართული ზოგადი/საპროცესო ადმინისტრაციული და სამშენებლო კანონმდებლობის განვითარების დაკვირვებისა და განზოგადების საფუძველზე  ჩამოყალიბებულია სამართლის ტრანსფერის ინოვაციური თეორია. კვლევის შედეგები პირველად გერმანულენოვან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა, რომლის ქართულენოვან ვერსიას პირველად ამ ჟურნალში ვთავაზობთ მკითხველს. სტატია ეხება იმას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ერთი ქვეყნის სამართლის გადატანა სხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში, როგორ „ეგუება“ ის მიმღები ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ პირობებს. არსებობს თეორია, რომელიც ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.

ჩვენ შევიმუშავეთ „ინტეგრირებული სამართლის ტრანსფერის თეორია“, რომლითაც ვასკვნით, რომ უცხოური სამართლის გადატანა, მართალია,  თავიდანვე არ იწვევს გარდამტეხ ცვლილებებს, თუმცა მას აქვს განმავითარებელი ეფექტი და საბოლოოდ ინტეგრირდება უცხო ქვეყნის სამართლებრივ ცხოვრებაში. ქართულმა მაგალითმა ეს პრაქტიკულად დაგვანახა.

საინტერესო შედეგები მივიღეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტების შესახებ ევროინტეგრაციის კონტექსტში. მოგეხსენებათ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით 12 პუნქტიან შენიშვნებს შორის ერთ-ერთი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას უკავშირდება. საკითხი შედარებითი ანალიზის მეთოდით ვიკვლიეთ. შედეგად დადგინდა, რომ დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭოს მოდელი, რომელიც საქართველოში არსებობს, სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას თავისთავად ვერ უზრუნველყოფს, რამეთუ აუცილებელია სხვა ასპექტების გათვალისწინებაც. ეს ევროპულმა გამოცდილებამაც დაადასტურა, რაზეც ვრცლად არის საუბარი სტატიაში. საკითხის კვლევა გრძელდება, მეორე და შემაჯამელი ნაწილების გამოქვეყნება დაგეგმილია შემდეგ ნომრებში“, – განმარტავს კობა ყალიჩავა.

„საჯარო სამართლის ჟურნალის“ პირველი ნომრის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ბმულზე – https://journalofpubliclaw.tsu.ge/img/sajaro-samartlis-Jurnali_1-2023.pdf?fbclid=IwAR39HN1EVxN78QeY5i7qGYVdkXW8rFeQQ-JFkZIiwl3F-per9BdUdjcPUeA 

Facebook
Twitter
LinkedIn