რა გეგმები აქვს თსუ-ში ვიზიტისას სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს

თარიღი: 2023-05-04 16:45:10

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საინტერესო მაისი იწყება. გარდა იმისა, რომ ეს თვე სხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებებითაც დატვირთულია, წელს სასწავლო პროცესს განსაკუთრებული გარემოება ახლავს თან – ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d’enseignement du journalisme – CUEJ) 38  სტუდენტი და 10 პროფესორი ეწვია. მათი ვიზიტის მიზანია საქართველოს შესახებ ბეჭდური, სატელევიზიო და რადიო პროდუქციის მომზადება, რაც, ცხადია, ქართველ კოლეგებთან და სტუდენტებთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნება და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ მეტად შეუწყობს ხელს.

სტრასბურგის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის  სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები თბილისში პირველად არ იმყოფებიან. მათ მსგავსი ვიზიტი 2003 წელსაც განახორციელეს საქართველოში და საინტერესო პროდუქცია ჩაიტანეს თავიანთ ქვეყანაში. როგორც ჩანს, აქ მიმდინარე  საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები საფრანგეთის, კერძოდ კი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა, რამაც სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმეორებითი ვიზიტი დააგეგმვინა.

პროექტი, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს, ითვალისწინებს წერილობითი და აუდიოვიზუალური პროდუქციის შექმნას, მისი საგულისხმო ნაწილი ისაა, რომ ფრანგი სტუდენტები ქართველ სტუდენტებთან ერთად იმუშავებენ და, თემატიკის მიხედვით გადანაწილებულნი, მოივლიან მათთვის საინტერესო კუთხეებს, შეხვდებიან რესპონდენტებს, მოიპოვებენ მასალებს.

პროექტში, სტრასბურგის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ჩართულნი არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებიც. სამუშაო პროცესს შესაბამისი ტექნიკით (კომპიუტერები, აუდიოჩამწერები, TV კამერები) სრულად უზრუნველყოფს ფრანგული მხარე. CUEJ ასევე ანაზღაურებს ყველა ხარჯს, რაც სამუშაო პროცესთან იქნება დაკავშირებული, სამუშაო შეხვედრის დასასრულს კი – პროექტის მონაწილე ქართველ სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს.

3 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგ და ქართველ სტუდენტთა პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, პროექტის მონაწილე უცხოელი და ქართველი სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

ნინო გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საორგანიზაციო კომიტეტს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის და წარმატებები უსურვა პროექტის მონაწილეებს. „სტრასბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორთა ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია. ვიმედოვნებ, განსახორციელებელი გეგმები წარმატებით დასრულდება და ამ კოლაბორაციით ორივე მხარე  კმაყოფილი დარჩება. მადლობა, რომ დაინტერესდით საქართველოთი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტითა და კონკრეტულად ჟურნალისტიკის მიმართულებით. თსუ-ს ადმინისტრაცია მზადაა ნებისმიერი თანადგომა  გაგიწიოთ, რათა დაწყებული საქმე წარმატებით დაგვირგვინდეს“, – აღნიშნა მან და თსუ-ს სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ  პროექტში იმისთვის, რომ წარმოაჩინონ ყველა ის პროფესიული უნარ-ჩვევა, რომელიც მაღალი დონის აკადემიური პროექტისთვის არის საჭირო.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ფრანგული უნივერსიტეტის სტუმრობა საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს – დაამყარონ ურთიერთობები კოლეგებთან და განიმტკიცონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ საქმიანობაში წაადგებათ. „ჩვენს სტუმრებს მოუწევთ გაეცნონ საქართველოს ისტორიას და თანამედროვეობას და ამაში მეგზურობას გაუწევენ ჩვენი სტუდენტები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის რამდენიმესაფეხურიანი კონკურსი გაიარეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი დახმარებით საქართველოს ამბები ობიექტურად და წარმატებით იქნება გადმოცემული. ეს მომავალი ჟურნალისტების პროფესიული ზრდისთვისაც კარგი იქნება და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენაშიც დიდ როლს ითამაშებს“,- აღნიშნა მან.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის რამდენიმესაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა შამილიშვილმა. მან გაიხსენა, რომ ერთ-ერთმა ქართველმა განმანათლებელმა, ნიკო ნიკოლაძემ, რომელიც თავის დროზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ფრანგული საზოგადოებისთვის მიღებული და ცნობილი პერსონა იყო, ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა ცნობილი ნაშრომი  „ფრანგული პრესის დეკადანსი“. ნაშრომი იმ პრობლემებს ეხება, რომელიც თითქოს საუკუნეების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღესაც აქტუალურია და ცოცხლობს. „ჩვენ გარკვეულ „სიურპრიზებსაც“ ვამზადებთ ჩვენი სტუმრებისათვის. კონკრეტულად, თსუ-ს მულტიმედია ცენტრის ბაზაზე, მოწვეული პედაგოგის, რეჟისორ ნათია რაჭველიშვილის ხელმძღვანელობით, გადავიღებთ ფილმს სტუდენტების მონაწილეობით, რომელიც მთელი ამ პროექტის მიმდინარეობას და სტუდენტთა მუშაობის პროცესს ასახავს. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს სპეციალური ჟურნალის – „გზავნილის“ მომზადება, რომელიც საქართველოში სტრასბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორთა ვიზიტს მიეძღვნება. ის უნარები, რომელსაც ჩვენი სტუდენტები ამ პროექტის განმავლობაში შეიძენენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი პროფესიული ზრდისთვის. სამი კვირა არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ დააკვირდნენ, შეისწავლონ, მასტერკლასებს დაესწრონ და გარკვეული უნარები შეიძინონ ან გაიუმჯობესონ“, – აღნიშნა თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა შამილიშვილმა.

სტრასბურგის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის  წარმომადგენელმა ალენ პეტერმა გაიხსენა ის წლები, როცა იგი პირველად სტუმრობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. „მას შემდეგ საქართველოც შეიცვალა და საფრანგეთიც, უცვლელი დარჩა პედაგოგიური მიდგომა – ჩვენმა სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ ბევრი რამ, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ უცხო ქვეყანაში რეპორტაჟების მომზადების დროს. ჩვენ უნდა შევქმნათ ბეჭდური, აუდიო და ვიზუალური მასალები, რომელიც ვებგვერდზე განთავსდება. ამ მიზნის განხორციელება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთობას დაამყარებენ ერთმანეთთან ქართველი და  ფრანგი სტუდენტები“, – აღნიშნა ალენ პეტერმა და აუდიტორიას წარუდგინა ოცი წლის წინანდელი პროექტის მონაწილე და შემდგომ სტრასბურგის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო სკოლის კურსდამთავრებული, დღეს უკვე თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი თინათინ მაჭარაშვილი, რომელიც პროექტის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში  აქტიურადაა ჩართული. 

ფრანგულ-ქართული ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებით იქნება დაკომპლექტებული, შექმნიან ერთობლივ კრებულს, აუდიო და ვიზუალურ მასალას, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქციას მოიცავს. საუკეთესო სიუჟეტები გადაიცემა ფრანგული ტელევიზიით, ქართველ მონაწილეებს კი  მიეცემათ საშუალება – ფრანგ თანატოლებთან ერთად მუშაობისას თავადაც შექმნან შერჩეულ თემაზე საკუთარი პროდუქცია.

პროექტის მონაწილე თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტის, თამთა ძველაიას თქმით, პროექტის ყველა მონაწილეს აქვს მოლოდინი, რომ  თსუ-სა და სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლას შორის თანამშრომლობა იქნება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.  იგივე მოლოდინები აქვთ ფრანგ სტუდენტებსაც: „ძალიან გვიხარია, რომ ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს იქნება ახალი ხალხის გაცნობის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა“, – განაცხადა ემილი აუსტინმა.

პროექტი 29 მაისს დასრულდება. მანამდე კი ქართველ და ფრანგ სტუდენტებს მეტად საინტერესო და დატვირთული მაისი ელით.

Facebook
Twitter
LinkedIn