ლევან გიორგაძის გახსენება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოაკლდა ღვაწლმოსილი თანამშრომელი, ღირსეული პიროვნება ლევან გიორგაძე.
ლევან გიორგაძე დაიბადა 1941 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ მოსამსახურის ოჯახში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მუშაობა დაიწო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1967-1970 წლებში სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრში სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. პარალელურად იგი კითხულობდა ლექციებს სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. სხვადასხვა წლებში იგი კითხულობდა შემდეგ საგნებს: საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი, საპარლამენტო სამართალი, მუნიციპალური სამართალი, სამართლის საფუძვლები.
1990 წლიდან ლევან გიორგაძის პროფესიული საქმიანობა სრულად უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როდესაც ინიშნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის მასწავლებლად. პარალელურად აქტიურად ერთვება თსუ-ს ადმინისტრაციულ საქმიანობაში. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე 1990 წლიდან 1995 წლამდე და 2005-2007 წლებში.
ბატონი ლევან გიორგაძე იყო იმ პროფესიონალებს შორის, ვინც სათავეში ედგა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩამოყალიბების პროცესს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იყო ამ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (1995-2005 წწ.) და უცხოენოვანი განყოფილების კოორდინატორი. საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის შექმნასთან ერთად, იგი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას იკავებდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ ინსტიტუტის ერთგული თანამშრომელი იყო.
არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის/პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი. მისი სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციები ეხებოდა საკონსტიტუციო და მუნიციპალურ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს.
ასევე, ახალგაზრდობაში აქტიურად ეწეოდა სპორტულ საქმიანობას. იგი ჯერ იყო თბილისის „დინამოს“ წყალბურთის გუნდის წევრი და შემდგომ – ამავე გუნდის მწვრთნელი. მას 1962 წლიდან სსრ კავშირის სპორტის ოსტატის წოდება ჰქონდა.
იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესში, მათ შორის, 1990 წელს მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
ახლობლებისა და კოლეგების მეხსიერებაში ბატონი ლევანი მარად დარჩება ერთგულების, პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების მაგალითად.
კოლეგები