თსუ-დან მედიაგანათლების პროგრამაში ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე მონაწილეობდა

თარიღი: 2023-05-01 19:04:56

მედიაგანათლების პროგრამა  – ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება საქართველოშიაშშ საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება და უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა მედიასკოლის პროფესორ-მასწავლებლებმა შეძლეს გასცნობოდნენ ჟურნალისტიკის სწავლების ამერიკულ გამოცდილებას და ცვლილებები შეეტანათ სასწავლო კურიკულუმებში.

2023 წლის მედიაგანათლების პროგრამას ახორციელებდა ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრი (ICFJ), რომელმაც კონკურსის წესით შეარჩია 10 ქართველი პროფესორი და ჟურნალისტი და ვაშინგტონსა და არიზონაში უმასპინძლა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებმა სპეციალური ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. თეორიულ და პრაქტიკულ ლექცია-სემინარებთან ერთად, რომელიც უშუალოდ   ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე ტარდებოდა, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  გასცნობოდნენ  ამერიკის, ჰემპტონისა და არიზონას უნივერსიტეტების ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლების მეთოდოლოგიას, სასწავლო კურსების თავისებურებებსა და თანამედროვე სტანდარტებს.

პროგრამის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე აღნიშნავს, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო  ვიზიტი გაზეთ USA Today-ს რედაქციასა და  არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვალტერ კრონკაიტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლაში, სადაც, სასწავლო გარემოს გაცნობასთან ერთად, საინტერესო დისკუსიები გაიმართა ჟურნალისტიკის სასწავლო გეგმების მოდერნიზაცია-დახვეწის თაობაზე. „მედიაგანათლების პროგრამამ, რომელიც ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება, შედეგი უკვე გამოიღო  და გასული წლების ვიზიტების შემდეგ რამდენიმე უნივერსიტეტის სასწავლო კურიკულუმში  სერიოზული ცვლილებები მოხდა, შეიქმნა სამაგისტრო პროგრამები და კურიკულუმებს დაემატა ახალი საგნები. მათ შორის, დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორების საპასუხო ვიზიტის შემდეგ, ლიანა მარქარიანთან ერთად, მეც შევქმენი „მობილური ჟურნალისტიკის“ სასწავლო კურსი, რომელიც უკვე მეორე წელია, წარმატებით ისწავლება და სტუდენტთა საყვარელი საგანიც გახდა. პროგრამაში მონაწილეობის მიზანი, ჩემი მხრიდან, ახლაც მსგავსი იყო – ადგილზე შემესწავლა სწავლების ამერიკული მეთოდები და ჩამომეტანა იდეა, რომლის განხორციელებაც სასიკეთოდ წაადგება თსუ-ში ჟურნალისტიკის სწავლებას.    ჩემი აზრით,  ეს იყო ძალიან საინტერესო პროგრამა, რადგან ICFJ-ს ორგანიზებით, შეხვედრები  გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  და რამდენიმე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და ახალი ლიტერატურის მოწოდებასაც დაგვპირდნენ.  ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება გამოვიყენო და, პროგრამაში ახალი საგნის დამატებასთან  ერთად, კონკრეტული ცვლილებები შევიტანო იმ საგნებში, რომელსაც ვასწავლი“, – გვითხრა მაია ტორაძემ, რომელმაც ამ პროგრამისთვის მადლობა გადაუხადა  აშშ საელჩოს და იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში მედიაგანათლების ხარისხის ზრდისთვის იღვწიან.

ინფორმაციისთვის:

აშშ-ის საელჩოს მედია განათლების პროგრამა  (MEP) მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის გაძლიერებას. უკანასკნელ პერიოდში პროგრამა ფოკუსირებულია მედია პროფესორების პროფესიულ განვითარებაზე და საქართველოს უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის მიმართულებით სასწავლო გეგმების მოდერნიზაცია-დახვეწაზე.  ეს ყოველივე მიზნად ისახავს  ჟურნალისტთა მომავალი თაობის მომზადებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული, დაბალანსებული, ეთიკური მედია-გარემოს შექმნას.

MEP-ის განხორციელებაში აშშ-ის საელჩოს პარტნიორია „საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტებისათვის“ (International Center for Journalists (ICFJ) ). ICFJ  არის არამომგებიანი, პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტებს უნარ-ჩვევების გაღრმავებას, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობას და მეტად საიმედო, სანდო და მდგრადი საინფორმაციო მედია ორგანიზაციების შექმნას სთავაზობს.

Facebook
Twitter
LinkedIn