პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება თსუ-ში
თსუ-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად გაიმართა და ის ქვეყნის მასშტაბითაც პირველია.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, კანცლერი ლაშა საღინაძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა და პროგრამების წარმატებით დასრულება მიულოცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ახლო წარსულში პროფესიული განათლება დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით არ სარგებლობდა. პროფესიული სასწავლებლებისათვის მუდმივი პრობლემა იყო კონტინგენტის შევსება, ვინაიდან სკოლებიდან პროფესიულ სასწავლებლებში იმ კონტინგენტის გაგზავნას ცდილობდნენ, რომელთაც კარგი მოსწრება არ ჰქონდათ და მას დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის სწავლის გაგრძელების ალტერნატივად განიხილავდნენ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში პროფესიული სასწავლებლებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მრავალი ინიციატივა ხორციელდება, რომელიც საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სისტემასთან გათანაბრებას უწყობს ხელს.
პროფესიული განათლების სისტემაში წარმატებით განხორციელებულმა რეფორმებმა საზოგადოების დამოკიდებულებაც შეცვალა და დღეს ეს პროგრამები მოთხოვნადი და პოპულარული გახდა იმ პირებისათვის, ვინც შრომის ბაზარზე ღირსეულად თავის დამკვიდრებას ცდილობს. პროფესიული განათლების პროგრამა, დღეს, სტუდენტს ეხმარება სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში და აძლევს შესაძლებლობას, რათა მან უფრო სწრაფად და წარმატებით შეძლოს პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება.
„კურსდამთავრებულები, რომლებიც პანდემიის დროს ეუფლებოდნენ პროფესიას, დღეს პროფესიულ საქმიანობაში შესვლას აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეძენილი ცოდნა და უნარები აუცილებლად გამოადგებათ ნებისმიერ სფეროში. პროფესიული განათლების სისტემის მიმზიდველობის გაზრდისთვის აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ის აღარ განიხილებოდეს, როგორც განცალკევებული სფერო, არამედ, როგორც განათლების ერთიანი სისტემის ნაწილი. დღეს თსუ არის მზად, რომ პროფესიულ პროგრამებზე სწავლა-სწავლების პროცესი უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოს“, – განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
„ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია პროფესიული განათლება. სახელმწიფო დიდ რესურს დებს პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ის საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ასეთი განათლების მიღება საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებშია შესაძლებელი. ის ამზადებს კვალიფიციურ და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტს, რომელსაც უფრო კარგად შეუძლია შრომის ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან ადაპტაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულების განვითარებას ქვეყნისთვის და აცხადებს, რომ თავისი მინისტრობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ განათლებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აღნიშნა თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა, რომელმაც ცენტრის საქმიანობის, პროფესიული პროგრამების, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა თსუ-ს ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
2021-2022 წლებში თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრს 386 კურსდამთავრებული ჰყავს. თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. დღეს პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა 60 %-ზე მეტია დასაქმებული, რაც შრომის ბაზარზე ამ კონტინგენტზე გაზრდილ მოთხოვნაზე მეტყველებს.
დღეისთვის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ. თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
კურსდამთავრებულებს პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი კლეოპატრა ქარუმაშვილი მიესალმა, რომელმაც ქვეყანაში ახალი პროფესიებისა და საგანმანათლებლო კვალიფიკაციების გაჩენის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ახალგაზრდების დასაქმებისაკენ, გამომდინარე იქიდან, რომ, აკადემიურ განათლებასთან შედარებით, მასში მაღალია პრაქტიკული უნარების სწავლების კომპონენტი, რომელიც, გარკვეულწილად, აკომპენსირებს გამოცდილების ნაკლებობას, რასაც უმეტესად ახალგაზრდები განიცდიან.“
თსუ-ს პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზების“ კურსდამთავრებულმა, 11 შვილის დედამ სოფიო კვაშილავამ დიდი მადლობა გადაუხადა ცენტრის ადმინისტრაციას იმ შესაძლებლობისთვის, რამაც მისი დასაქმება უზრუნველყო. „მადლობა ცენტრს იმ ცოდნისა და გამოცდილებისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში შემძინა. ეს ცოდნა გამომადგა არა მარტო პროფესიულ საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ამ პროგრამის დამსახურებაა ის, რომ მისი დამთავრების შემდეგ ძალიან დიდი წინსვლა მქონდა ცხოვრებაში“, – განაცხადა სოფიო კვაშილავამ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ აქ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შევძლებ კარიერის გაუმჯობესებას, დავსაქმდები და მაღალკომეპტენტურ მომსახურებას გავუწევ მოსახლეობას“, – თქვა პროგრამის კურსდამთავრებულმა ერეკლე ხინთიბიძემ.
ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებული ნატალია იაძე მადლობას უხდის ცენტრის პედაგოგებს, რომლებმაც საკუთარი თავის რწმენა შეჰმატეს და ახალი პროფესიით დასაქმების რეალური შესაძლებლობა მისცეს. ნატალია საბავშვო ბაღში აპირებს მუშაობის დაწყებას და თვლის, რომ მზად არის თავისი ცოდნა პატარებთან საჭირო ურთიერთობაში გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო შემდეგ პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა.
სულ მალე ცენტრი თავისი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და სტუდენტებს 2 ახალ პროფესიულ პროგრამას IT-ისა და ფარმაციის მიმართულებით შესთავაზებს.