სტუდენტი გიორგი ჯიჯიეშვილი სწავლას იუტას უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს

თარიღი: 2023-04-27 14:19:31

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს   კუსდამთავრებული გიორგი ჯიჯიეშვილი სწავლას   იუტას  უნივერსიტეტის (ამერიკის შეერთებული შტატები, სოლტლეიკ სიტი) სადოქტორო პროგრამაზე – ანალიზური ქიმიის დეპარტამენტში გააგრძელებს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს   2015 წლიდან თსუ-სთან პარტნიორობით ახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს და სწორედ ერთ-ერთი პროგრამის კურსდამთავრებული გახლავთ გიორგი ჯიჯიეშვილი.

იუტას უნივერსიტეტი  – UOU  ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია მსოფლიოში,  რომელიც    ორიენტირებულია მეცნიერების,  ინჟინერიის,  სოფლის მეურნეობის, სამხედრო მეცნიერების და ა.შ. განვითარებაზე. 

გიორგიმ მოწვევა საზღვარგართის რამდენიმე უნივერსიტეტისგან მიიღო, მაგრამ არჩევანი იუტას   უნივერსიტეტზე შეაჩერა, რადგან თვლის, რომ ქიმიას, როგორც მეცნიერებას,  ყველაზე უკეთ იქ შეისწავლის. 

„თბილისის  N 165-ე საჯარო სკოლა წარმატებით, ოქროს მედალზე დავამთავრე. სკოლის პერიოდში, როდესაც  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა დავიწყე, ძალიან დამაინტერესა ტექნიკურმა  საგნებმა: ფიზიკამ, ქიმიამ… აბიტურიენტობის დროს  გავიგე სან დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც  აქ,  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, გვაძლევდა  ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობას. გადავწყვიტე ხელიდან არ გამეშვა  ეს შანსი და აქ მიმეღო ამერიკული განათლება. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)  – საქართველო ქართველ სტუდენტებს გვთავაზობდა  მაღალი ხარისხის და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე  საბაკალავრო პროგრამებს  STEM დარგებში.  ასე გავხდი   სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი სრული დაფინანსებით. 2021 წელს თსუ-ს და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამით ამერიკაში ვიყავი სასწავლებლად 1 წლით. მიმდინარე წელს  ბაკალავრიატს ვამთავრებ და სწავლას  ამერიკაში, იუტას უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ვაგრძელებ, ანალიზური ქიმიის დეპარტამენტში“, – აცხადებს გიორგი ჯიჯიეშვილი, რომელიც თვლის, რომ დასახული მიზნების მისაღწევად დიდი შრომა და მონდომებაა საჭირო. „დღეისთვის რა მიზანიც დავისახე, ყველაფრის შესრულება მოვახერხე და მოტივაციაც სწორედ სამომავლო მიზნების  მიღწევაა. ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომელიც მეძლევა და ნებისმიერი სირთულე,  რომელიც თან სდევს ამ ყველაფერს, ღირს იმ შედეგად, რასაც მომავალში  მივაღწევ. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვისწავლე,  რაც ძალიან დამეხმარა  კიდევ უფრო ძლიერი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩავრიცხულიყავი. სამომავლოდ უფრო მეტ შესაძლებლობას ველი…“ – ამბობს გიორგი, რომელიც თავის გამოცდილებას გვიზიარებს ამერიკულ უნივერსიტეტებში მოხვედრასთან დაკავშირებით.

 „ამერიკული უნივერსიტეტები სადოქტორო პროგრამაზე გამოცდების ჩაბარებას არ ითხოვენ,  შესაბამისად,  აუცილებელია სტუდენტებმა ყურადღება მიაქციონ ნიშნებს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითიც ფასდება კანდიდატი, არის სწორედ GPA. ძალიან რთულია კარგ უნივერსიტეტში დაბალი ქულებით მოხვედრა. გარდა ამისა, სტუდენტები, რომლებიც სამეცნიერო მიმართულებით აპირებენ  კარიერის გაგრძელებას,  უნდა იყვნენ ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში. მაგალითად, თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტზე არის ასეთი ჯგუფები და იქ შესაძლებელია დიდი პრაქტიკული ცოდნის მიღება.  უცხოურ უნივერსიტეტებში დიდი პლიუსია ასეთი გამოცდილება“, – აცხადებს გიორგი, რომელიც თვლის, რომ საქართველოშიც შეიძლება მაღალი დონის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღება.

„საქართველოში ბევრი რამ ვისწავლე, რაც ამერიკულ უნივერსიტეტში გამომადგა. შესაბამისად,  დავრწმუნდი, რომ აქაც შეიძლება სათანადო პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღება. ჩემს სფეროში რასაც ვიყენებ და მჭირდება, თითქმის ყველაფერზე მიმიწვდება ხელი, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტი და ახალი გვქონდეს. ამერიკაში სამეცნიერო განათლება პრესტიჟულია და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.  ვისურვებდი საქართველოშიც  მსგავსი მიდგომა იყოს“, – აღნიშნავს გიორგი, რომელიც სწავლასთან ერთად მუშაობასაც კარგად ახერხებდა,  რადგან თვლის, რომ  პრაქტიკული საქმიანობა გამოცდილებასთან ერთად ცოდნის მიღებაში ეხმარება.   

„პანდემიის დროს მუშაობა  ლევან სამხარაულის  სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დავიწყე. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ სფეროში მუშაობამ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სწავლა ანალიზური ქიმიის კუთხით გამეგრძელებინა.  ამერიკაში სასწავლო გაცვლითი პროგრამის დროსაც  ვმუშაობდი კვლევით ლაბორატორიებში. ეს ბოლო პერიოდია, სწავლას უფრო მეტ დროს ვუთმობ, სწავლის გასაგრძელებლად ვემზადები  იუტას  სახელმწიფო უნივერსიტეტში.  როდესაც შესაძლებელი იყო,  ორივეს შეთავსებას ვახერხებდი.    მაგრამ ამ ეტაპზე სწავლა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის.  ამ ეტაპზე ვიცი, რომ უცხოეთში სასწავლებლად მივდივარ და მომდევნო რამდენიმე  წელი  იქ  მომიწევს ყოფნა. თუმცა ჩემი გეგმები საბოლოოდ საქართველოს უკავშირდება,  აქ ვაპირებ დაბრუნებას და  საქმიანობას“, – აცხადებს გიორგი, რომელიც ამერიკაში მიღებულ ცოდნას, მისივე სურვილით, საქართველოში გამოიყენებს.  

Facebook
Twitter
LinkedIn