სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) წარმომადგენლების ვიზიტი ჟურნალისტიკის პრაქტიკულ სწავლებას ეძღვნება

თარიღი: 2023-04-27 13:44:58

3-დან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, უშუალოდ კი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას  სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d’enseignement du journalisme – CUEJ) წარმომადგენლები ესტუმრებიან 38 სტუდენტისა და 10 პროფესორის შემადგენლობით.

სამუშაო პროცესს ფრანგული მხარე სრულად უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკით (კომპიუტერები, აუდიოჩამწერები, TV კამერები). ასევე, CUEJ ანაზღაურებს ყველა ხარჯს, რაც სამუშაო პროცესთანაა დაკავშირებული, ვორქშოფის დასასრულს კიპროექტის მონაწილე ქართველ სტუდენტებს  სერტიფიკატებს გადასცემს.

„ვიზიტი ჟურნალისტიკის პრაქტიკულ სწავლებას ეძღვნება და ორი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ქართულ ამბებზე წერილობითი და აუდიოვიზუალური ჟურნალისტური მასალის შექმნას ისახავს მიზნად.

ფრანგულ – ქართულ ჯგუფებად დაყოფილი სტუდენტები ერთობლივად მოამზადებენ რეპორტაჟებს საქართველოს შესახებ. ჩვენი სტუდენტები, ფრანგ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაგეგმილ აქტივობაში, იქნება ეს თარგმნა, მეგზურობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში მონაწილეობა თუ სხვა.

წარმოდგენილი ერთთვიანი სასწავლო პროგრამა სავალდებულო სასწავლო კომპონენტია სტრასბურგის უნივერსიტეტის მედიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ამის შესახებ გვესაუბრა პროექტის ხელმძღვანელი ალენ პიტერი, რომელიც საორიენტაციო ვიზიტით თებერვლის დასაწყისში კოლეგასთან ერთად გვეწვია. თანამშრომლობის საკითხებთან ერთად განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც. კერძოდ, ითქვა, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ მომზადებული საუკეთესო სიუჟეტები გადაიცემა ფრანგული ტელევიზიით, გამოიცემა აგრეთვე პროექტის შედეგების ამსახველი სპეციალური კრებული, ხოლო ქართველ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება – ფრანგ თანატოლთან ერთად მუშაობისას თავადაც შექმნან შერჩეულ თემაზე საკუთარი პროდუქცია“, – წერს სოციალურ ქსელში მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა შამილიშვილი.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება აქტიურად ემზადება პროექტის მონაწილეთა დასახვედრად. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია  ქართველ მონაწილეთა შერჩევის პროცესი და უკვე რამდენიმე დღეში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო და ე.წ. „მაინორ“ პროგრამების ინგლისური ენის სრულყოფილად მცოდნე 25-მდე სტუდენტი  ფრანგ კოლეგებთან  ერთად შეუდგება საქმიანობას.

„ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ მასპინძლის როლი და საინტერესო გეგმები გვაქვს. პროექტის ამსახველი ფილმის მომზადებას გვპირდება  თსუ-ს მულტიმედია ცენტრი, ხოლო „ბეჭდური მედიის“ სასწავლო კურსის ფარგლებში გამოცემული „გზავნილი“ მთლიანად ამ მოვლენას მიეძღვნება“, – აღნიშნავს მანანა შამილიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn