ნიკო ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე – „ქართული ქაღალდის ფუ­ლის ისტორია“

თარიღი: 2023-04-27 13:16:30

26 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ისტორიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა თსუ-ს პროფე­სორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის, აკადემიკოს ნიკო ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ქაღალდის ფუ­ლის ისტორია“.

უახლესი ისტორიის ცენტრის  ხელმძღვანელები არიან თსუ-ს დოქტორანტები – ნიკოლოზ სარაჯიშ­ვილი და გიორგი არქანია, რომლებიც საზოგადოებას საისტორიო და პოლიტიკურ  საკით­ხებზე  საინტერესო ლექციების ციკლს სთავაზობენ. 

ცნობილია, რომ ქართულ ლითონის ფულს 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში იცვლებოდა მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას თვალი უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ.

ქართული ქაღალდის ფულის ისტორია სათავეს 1918 წლიდან იღებს. სწორედ ამ საუკუნო­ვანი ისტორიის  უმნიშვნელოვანესი ფაქტის – პირველი ქართული ქაღალდის ფულის შემოღების მიმოხილვით დაიწყო თავისი საჯარო ლექცია ნიკო ჯავახიშვილმა და დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა 1918-2023 წლებში გამოშვებული ფულის ნიშნების გამოსახულებანი, რომლითაც  ქართული ქაღალდის ფულის განვითარების საუკუნოვანი ისტორიის სურათი  დახატა.

 „ქაღალდის ფულის ნიშნებს შეისწავლის ბონისტიკა, რომლის საკითხების კვლევით ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი. ხოლო მათი შეგროვება ჯერ ბავშვობის ასაკიდან დავიწყე.  ქართულ ნუმიზმატიკას ჰყავდა არაერთი მკვლევარი, მათ შორის მიხეილ ბარათაევი (ბარათაშვილი), რომელმაც ქართული მონეტების შესწავლა ჯერ კიდევ XIX  საუკუნეში დაიწყო. მოგვიანებით ამ თემით, სხვებთან ერთად, დიდი ივანე ჯავახიშვილიც დაინტერესდა  და   ამ დარგში ფუნდამენტური ნაშრომიც დაწერა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქართული ქაღალდის ფულის ნიშნების შესწავლა  დავიწყე,  მისი მკვლევარი საქართველოში არ  მოიძებნებოდა. ამ თემაზე მცირე ზომის სტატია ეკუთვნოდა ინგლისელ ქართველოლოგს – დევიდ მარშალ ლენგს, რომელმაც ეს სტატია 1957 წელს გამოაქვეყნა  აშშ-ის ნუმიზმატიკური საზოგადოების ჟურ­ნალში. 1991 წლის 3 დეკემბერს, როდესაც გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ დაიბეჭდა ჩემი პირველი სტატია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშნების შესახებ, 19 წლისა ვიყავი.  ჩემი პირველი მონოგრაფია სახელწოდებით „ქართული ბონისტიკა“  1996 წელს გამოიცა, რასაც 1998 წელს მოჰყვა ახალი წიგნი: „საქართველოს დემოკრა­ტი­ული სახელმწიფოს ბონები“. 2022 წელს აკადემიკოს ჯაბა სამუშიას პროექტის –  „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ – ფარგლებში გამოიცა მერვე ტომი სახელწოდებით: „ფულის ისტორია საქართველოში“,  სადაც ვარ ავტორი მეორე ნაწილისა: „ქართული  ქაღალდის ფულის ისტორია“ – აღნიშნა  აკადემიკოსმა  ნიკო ჯავახიშვილმა, რომელმაც საინტერესო მოხსენებითა და  პრეზენტაციით ქართული ქაღალდის ფულის ისტორია მოკლედ მიმოიხილა.

 „1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ეროვნული ვალუტის შექმნაზე. 1919 წლის 11 ივლისიდან მიმოქცევაში გამოვიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები – ქართული, რუსული და ფრანგული წარწერებით. თუმცა, ეს იყო დროებითი ფულის ნიშნები. 1921 წლისათვის დაგეგმილი იყო სრულფასოვანი ქართული ვალუტის – „მარჩილის“ გამოშვება. ცნობილია 25-მარჩილიანი ბანკნოტის ესკიზიც, მაგრამ 1921 წლის თებერვალ-მარტში მომხდარმა საბჭოთა ოკუპაციამ ეს გეგმა ჩაშალა. საქართველოს სსრ-ის და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის ბონები 1921-1924 წლებში მიმოიქცეოდა. 1924 წლიდან საქართველოში მხოლოდ სსრ კავშირის ფულის ნიშნები მიმოიქცეოდა. 1993 წლის 5 აპრილს გამოვიდა ეროვნული ბანკის კუპონი, რომელიც 1995 წლის შემოდგომამდე მიმოიქცეოდა. 1994 წლიდან საქართველოში დაიწყო წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო. 1995 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული ეროვნული ფულის რეფორმა და „ლარის“ მიმოქცევაში გამოსვლა გახლდათ ამ რეფორმების პირველი ეტაპის წარმატებული დაგვირგვინება“, – განაცხადა  ნიკო ჯავახიშვილმა, რომელმაც  ქართული ქაღალდის ფულის  გამოშვების ინიციატორებსა და  შემქმნელებზეც ისაუბრა.

საჯარო ლექციას  ესწრებოდა საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, პროფესორი დავით იაკობიძე, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის  იმდროინდელი ფულის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.  ლექციის დასასრულს სიტყვით გამოსულმა ბატონმა დავითმა მადლობა გადაუხადა ნიკო ჯავახიშვილს და დამსწრე საზოგადოებას და მოკლედ გაახსენა 28 წლის წინანდელ საქართველოში განვითარებული მოვლენები. მან განაცხადა: „სწორედ ამ წარმატებული ფულის რეფორმის შედეგად ქართულ საზოგადოებაში განმტკიც­და აზრი, რომ საქართველოს შეუძლია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამდენად, ეს ფულის რეფორმა უმნიშვნელოვანესი იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყა­ლიბების თვალსაზრისით“. 

აკადემიკოს ნიკო ჯავახიშვილის საჯარო ლექციას დაესწრნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუ­დენ­ტები, პროფესორ-მასწავლებლები და ქართული ფულის ისტორიით დაინტერესებული  პირებიც. 

Facebook
Twitter
LinkedIn