ჩინური ენის დღე თსუ-ში
20 აპრილი ჩინური ენის დღეა და იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ უნიკალური ქვეყნის ენაზე დღეს მსოფლიო მოსახლეობის 16 %, ანუ დაახლოებით 1 მილიარდ 355 მილიონი ადამიანი საუბრობს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 14 წლის წინ დააარსა.
მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენის დღე პირველად აღინიშნა და ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სტუდენტების მიერ მომზადებული პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო: „მითი თუ რელობა – ჩინური ენა“, ჩინური დამწერლობა – იეროგლიფები, დიდი ჩინელი ფილოსოფოსის – კონფუცის (ძვ.წ. 551-479) ბრძნული გამონათქვამები, ჩაის მომზადების რიტუალი და სხვა. სინოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა: მირიან კურდღელაშვილმა, აკაკი ბალანჩივაძემ, ირინა ახობაძემ, ნინო ხუბულავამ, კესო გოგიტიშვილმა, ჰასმიკ ტონერიანმა, ნინო ფიცხელაურმა, მარიამ ლურსმანაშვილმა, გიორგი ბადრიძემ, მარიამ ხუციშვილმა, ცისია კვარაცხელიამ, ირაკლი შავერდაშვილმა, მერი ქაქიტაშვილმა, ანა ქასოშვილმა, ლალიკო ღვინიაშვილმა, ნინო მახარობლიშვილმა და სხვებმა ჩინურ კულტურასა და ენასთან დაკავშირებული თემები ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა წარმოადგინეს. ღონისძიებაზე იმპროვიზირებულად იყო წარმოდგენილი ჩაის სმის რიტუალი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს: ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ძვ. წ. 2737 წელს ჩინეთის იმპერატორი შენ ნუნგი ხის ქვეშ იჯდა, მისი მსახური წყალს ადუღებდა, როდესაც ჩაის ფოთლები ადუღებულ წყალში ჩაცვივდა. იმპერატორმა, რომელიც ამავდროულად ჰერბალისტიც იყო, გასინჯა ნაყენი და ძალიან მოეწონა. იმ დროიდან მოყოლებული, ჩაის კულტივირება დაიწყო ჩინეთში, რომელიც მოგვიანებით მეზობელ ქვეყნებში გავრცელდა.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა ჩინურად, ქართულ თარგმანთან ერთად, ცნობილი ჩინელი პოეტების ლექსები წაიკითხეს. აღსანიშნავია, რომ ამ ლექსების ქართული თარგმანი ჩინური ენის პედაგოგს – ანა გოგუაძეს ეკუთვნის. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სტუდენტების გუნდის მიერ შესრულებული პოპულარული ჩინური სიმღერა. ამას მოჰყვა ჩინეთის ისტორიაზე გადაღებული საინტერესო დოკუმენტური ფილმის ჩვენება. „ჩინური ენისა და კულტურის კაბინეტში“ ჩატარებული ეს სასიამოვნო ღონისძიება ჩინური ეროვნული სამზარეულოს კერძების დაგემოვნებით დასრულდა.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის – სინოლოგიის“ მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაშვილის ინფორმაციით, ჩინური ენის დღის აღნიშვნა სტუდენტების ინიციატივა იყო, რაც მისასალმებელია.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შორეული აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს. მითუმეტეს, რომ ჩვენმა მიმართულებამ ახლახანს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და უკვე ძირითადი პროგრამის ფორმატში ველოდებით სტუდენტების ახალ ნაკადს. აქ ისინი შეისწავლიან სრულიად ახალი სასწავლო დისციპლინების ფართო სპექტრს, კერძოდ, ჩინურ ენასთან ერთად, შესასწავლი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, რელიგიურ მოძღვრებებს, ეკონომიკას, ლიტერატურის ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს და სხვ. ხაზგასასმელია, რომ დღესდღეობით სინოლოგიის მიმართ იკვეთება არა მხოლოდ დიდი ინტერესი, არამედ საჭიროებაც, რამდენადაც მოიაზრება ერთ-ერთ მზარდ და დიდი პოტენციალის სპეციალობად საქართველოში. აქვე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩვენს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გრძელვადიანი სტაჟირება გაიარონ ჩინეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში“, – აღნიშნა ნანა გელაშვილმა.