რა სიახლეს გვთავაზობს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

თარიღი: 2023-04-25 19:02:04

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭო 20 მარტის დადგენილები  (N: 25/2023), თსუ-ს  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შოთა ფოთოლაშვილის  კანდიდატურა ეირჩა. რა პრიორიტეტები დაისახა საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწის თვალსაზრისით და რა სიახლეებს უნდა ელოდოს უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის მხრივ, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტთან“ საუბარში სამსახურის უფროსი თავად გვიამბობს:

– ბატონო შოთა, ხარისხის უზრუნველყოფა საგანმანათლებლო სივრცეში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელზეც, ფაქტობრივად, დგას სწავლისა და სწავლების მეთოდიკის მუდმივი დახვეწისა და განვითარების პროცესი. რა სიახლეების განხორციელებას გეგმავთ ამ კუთხით, რა იქნება თქვენი მუშაობის პრიორიტეტები ხარისხის უზრუნველყოფაში?

–  როდესაც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ხელმძღვანელის პოზიციაზე სამუშაოდ მიდიხარ, გააზრებული უნდა გქონდეს – რა კონცეპტუალური ჩარჩო და სამოქმედო გეგმა  გექნება. ჩემს პროგრამაში გამოკვეთილია კონცეპტუალური მიმართულებები, რომლებზეც,  ჩემი საქმიანობის პირობებში, აუცილებლად გამახვილდება ყურადღება. პირველ რიგში,  მარტივით რომ დავიწყოთ,  ეს გახლავთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და არსებული პროგრამების დახვეწა, რაც გულისხმობს, მაგალითად, მათში პრაქტიკული წილის ზრდას.  ყველა ვთანხმდებით, რომ სტუდენტი მხოლოდ თეორიული ცოდნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, მას უნდა ჰქონდეს  პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობები, მით უმეტეს, ისეთ მიმართულებებზე, რომლებშიც  ლაბორატორიული და კლინიკური მუშაობაა საჭირო. უნივერსიტეტი აქამდეც ამ პრინციპით მუშაობდა, მაგრამ საქმიანობა ამ კუთხით კიდევ მეტად გაძლიერდება.

რაც შეეხება ახალი პროგრამების შემუშავებას, ამ ნაწილს სხვადასხვა რაკურსით უნდა შევხედოთ. განათლების მიღება  არის ცოცხალი პროცესი, ამიტომ სუბიექტს სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ის განათლება, რომელიც კონკრეტულ ეტაპზე აქტუალური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე.  ამაში არ იგულისხმება მხოლოდ უნივერსიტეტის ფინანსური ინტერესი, თუ რომელ სპეციალობაზე იქნება მეტი სტუდენტის მიღების შესაძლებლობა, პირიქით, ჩვენ უნდა შევისწავლოთ შრომითი ბაზარი იმიტომ, რომ კურსდამთავრებული მზად შეხვდეს რეალურ გამოწვევას. ახალ პროგრამებში ეს მიმართულება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სამყარო, რას გვპირდება სამომავლოდ შრომის ბაზარი, როგორია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კმაყოფილება უნივერსიტეტით, რა ნაწილში არ არის კმაყოფილი კურსდამთავრებული, რა ნაწილია პროფესიით დასაქმებული და ა.შ. ეს საკმაოდ კომპლექსური და რთული კვლევაა, რასაც უახლოეს მომავალში ჩავატარებთ.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრიზმა, რომლიდანაც შეიძლება საგანმანათლებლო  პროგრამებს შევხედოთ – აქ გასათვალისწინებელია სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიც. მაგალითად, თსუ-ში არის მეცნიერებები და მიმართულებები, რომლებიც   შეიძლება არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი (და ხშირ შემთხვევაში არც არის), მაგრამ უნივერსიტეტი ზრუნავს მათ გადარჩენაზე.

– არის თუ არა დაგეგმილი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია და, ზოგადად, რა ტენდენციები იკვეთება საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების ინტერნაციონალიზაციის კუთხით?

– ცხადია მუშაობა უნდა გაძლიერდეს ინტერნაციონალიზაციის კუთხითაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს უფრო მეტი უცხოელი პედაგოგი და უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი.  განსხვავებული ცოდნის შემოტანა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით არის უმნიშვნელოვანესი, რაც  დადებითად წაადგება სამომავლოდ სხვადასხვა დარგსა თუ მიმართულებას. დღეს არცერთი ქვეყანა არ არსებობს დამოუკიდებლად – გლობალიზაცია არის პროცესი, როდესაც თანაარსებობას და ერთმანეთის  გამოცდილებას ვსწავლობთ. აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც გვაძლევენ. ამისთვის კი უფრო მეტი საერთაშორისო აკრედიტაცია და პროგრამა გვჭირდება, მეტ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ უნივერსიტეტის აღიარებას.

სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ არსებული სასწავლო მასალის რეცენზირება – მონიტორინგი. ეს რა თქმა უნდა, აკრედიტაციის პროცესშიც მიმდინარეობს, როდესაც პროგრამები  ექსპერტების მიერ ფასდება, მაგრამ,  ვინაიდან სწავლება საკმაოდ სწრაფად განახლებადი პროცესია, ჩვენ მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი უნდა გვქონდეს იმაზე, თუ როგორ ნაწილდებიან სტუდენტები ჯგუფებში, რამდენად რელევანტურია ამგვარი გადანაწილება, რამდენად ნაყოფიერი, ათვისებადი და ხელმისაწვდომია ის მასალა, რასაც სტუდენტებს ვაწვდით.

– თქვენ ახსენეთ სასწავლო პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება. ეს შეეხება  საწარმოო პრაქტიკებს და სტაჟირებებს თუ უშუალოდ სასწავლო პროგრამებში შევა ცვლილებები?

– პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის გაზრდა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ პროგრამის რა ნაწილი ახლდება. საკითხი გადის საფაკულტეტო საბჭოებზე, რომლებიც  ამ გადაწყვეტილებას იღებენ.

ამავე დროს, პრაქტიკული კომპონენტის შემოტანისას გვჭირდება როგორც საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და ბაზა, ასევე,  მეტი კავშირი სახელმწიფო და  კერძო  დამსაქმებლებთან. ამ მიზნით, უნივერსიტეტმა ბოლო სამი თვის განმავლობაში არაერთ ხელშეკრულებაზე მოაწერა  ხელი. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი პოტენციური დამსაქმებელი იყოს ჩვენი პრაქტიკული კომპონენტის ნაწილი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.  ჩვენ უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ცვლის იმედიც გვაქვს  და იმისაც, რომ ჩვენი მიდგომა, ჩვენი დამოკიდებულება საგანმანათლებლო პროცესის მიმართ გარკვეულწილად მიებმება შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.

– რამდენად იქნებიან სტუდენტები და კურსდამთავრებულები  ჩართული პროგრამების დახვეწის პროცესში?

– სტუდენტები და კურსდამთავრებულები ყველა პროცესში საკმაოდ დიდი დოზით იქნებიან ჩართულნი, ვინაიდან ამ ცვლილებების და ჩვენი საერთო ძალისხმევის საბოლოო ადრესატი ზუსტად სტუდენტია. დიდი იმედი მაქვს, წელსვე დაინერგება კურსდამთავრებულთა კვლევის მიმართულებაც – როგორც კი სტუდენტი ჩვენი კურსდამთავრებული გახდება, ის ჩაერთვება კვლევაში და, მათგან უკუკავშირის საფუძველზე, ბევრ რამეს გავითვალისწინებთ.

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლოსთან ერთად, კვლევითი დაწესებულებაცაა. არის თუ არა მუშაობა დაგეგმილი ამ კუთხით?

– კვლევის და მეცნიერების მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი. დიახ, ჩვენი საქმიანობის ძირითადი ადრესატები არიან  სტუდენტები და კურსდამთავრებულები, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს აკადემიური პერსონალი, რომელსაც უფრო მეტი თანადგომა სჭირდება. ამ მიზნით, ვაპირებთ ვიკვლიოთ – თუ რა ნაწილში ითხოვს პედაგოგი მხარდაჭერას. ეს არ ეხება მხოლოდ ხელფასს ან დატვირთვის საათების გადანაწილებას. პედაგოგზე ან აკადემიურ პერსონალზე შესაძლოა გაცილებით უფრო კომპლექსური ფაქტორები მოქმედებდეს – საბიბლიოთეკო რესურსებიდან დაწყებული, კვლევის და მეცნიერების შესაძლებლობებით დასრულებული.

– არის თუ არა გათვალისწინებული სადოქტორო პროგრამების მონიტორინგი?

 – ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დოქტორანტურაში უნდა გაძლიერდეს კვლევითი კომპონენტები და უნივერსიტეტმა გაცილებით მეტი სარგებელი უნდა მიიღოს დოქტორანტისგან,  ვიდრე დღეს იღებს. უნივერსიტეტი დამოუკიდებელი, განყენებული ფიგურა არ არის, ის ინსტიტუციაა, რომელიც, მასში ჩატრიალებულ ცოდნას ისევ მომავალი თაობების და სტუდენტების აღზრდას მოახმარს.

Facebook
Twitter
LinkedIn