ვიქტიმოლოგიაში  ახალი სახელმძღვანელო გამოიცა 

თარიღი: 2023-04-24 20:21:53

„ვიქტიმოლოგია – მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის შესახებ“ –  ვიქტიმოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს მეორე შევსებული გამოცემაა, სადაც დაწვრილებით არის გაანალიზებული დანაშაულის მსხვერპლად გახდომის საფუძვლები; დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაზარალებულის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური მდგომარეობა; მსხვერპლის რევიქტიმიზაციის პრევენციისთვის მისი რეაბილიტაციის ხელშეწყობის აუცილებლობა როგორც საზოგადოების, ასევე, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

„სისხლის სამართლის სფეროთი დაინტერესებული მეცნიერები ძირითადად  ყურადღებას დამნაშავის პიროვნებას (ბრალდებულს/მსჯავრდებულს) და მის  მიერ ჩადენილ ქმედებას აქცევენ. დანაშაულის მსხვერპლი/დაზარალებული  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხედვის არეალში მხოლოდ დამნაშავის  პიროვნების შესწავლის კუთხით ხვდება. დანაშაულის მსხვერპლის იგნორირებით დამნაშავეობის მხოლოდ ცალმხრივი, სელექციური შესწავლა ხდება, ანუ  შეისწავლება მხოლოდ დამნაშავის პიროვნებასთან დაკავშირებული გარემოებები. დამნაშავეობის უკეთ გასაგებად კი საჭიროა, რომ დანაშაულის მსხვერპლი  კრიმინალური მეცნიერების კვლევის საგანი გახდეს. 

ვიქტიმოლოგია არის კრიმინოლოგიის ნაწილი მეცნიერება, რომელიც დანაშაულის მსხვერპლს შეისწავლის. ქვეყნის კრიმინალური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განმარტებულია ნაშრომის შესავალ ნაწილში. 

ახალი სახელმძღვანელოს ავტორები მორის შალიკაშვილი, ხატია თანდილაშვილი და უშანგი ბახტაძე არიან.

ვიქტიმოლოგიის, როგორც დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი გამოცემა განკუთვნილია სტუდენტებისათვის, იურისტებისათვის, დანაშაულის  მსხვერპლთან მომუშავე სახელმწიფო ორგანოების (პოლიციელები, გამომცემლები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ფსიქიატრები), საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლებისა და, ზოგადად, კრიმინალური მეცნიერებებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

„ვიქტიმოლოგიის პირველი სახელმძღვანელო 2011 წელს გამოვაქვეყნე, ამჯერად ორ თანაავტორთან ერთად შევსებული და გადამუშავებული მეორე გამოცემა გამოვიდა.

ეს ნაშრომი არის სრულყოფილად დამუშავებული ვიქტიმოლოგიის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც საკმაოდ ფართოდ განიხილავს დანაშაულის მსხვერპლს და მომავალში ვიქტიმოლოგიური კვლევების განხორციელებასა და ანალიზს შესაძლებელს ხდის. დანაშაულის მსხვერპლი კრიმინოლოგიური, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური, სისხლისსამართლებრივი და ადამიანის უფლებათა დაცვის  კუთხით არის განხილული. 

თეორიული საკითხების გარდა, ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია სასამართლო პრაქტიკა, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ ვიქტიმოლოგია, როგორც არჩევითი საგანი, მაგისტრატურის საფეხურზე დაინერგოს. გარდა ამისა, წიგნის თანაავტორები – ხატია თანდილაშვილი და უშანგი ბახტაძე – აღნიშნული საგნის დანერგვას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გეგმავენ“, – აღნიშნა სამართლის დოქტორმა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა.

ახალი სახელმძღვანელო ვიქტიმოლოგიაში 18 თემატური თავისგან შედგება და შემდეგ თემატიკას მოიცავს: ვიქტიმოლოგიის შესწავლის საგანი და ცნება; ვიქტიმოლოგიური კვლევა; პიროვნების ვიქტიმირების პროცესის სახეები; მსხვერპლის ტიპოლოგიები; ვიქტიმოლოგიის თეორიები; დანაშაულის შედეგად მსხვერპლისთვის მიყენებული ზიანი;  დაუხმარებლობის სინდრომი; დანაშაულის მსხვერპლის სამართლებრივი ასპექტები; დაზარალებულის მოთხოვნილებები;  ცალკეულ დანაშაულთა ვიქტიმოლოგიური ასპექტები; დამნაშავე, როგორც დაზარალებული; დამნაშავე და დანაშაული; დამნაშავის შერიგება დაზარალებულთან; გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის  მსხვერპლები; მედია და დაზარალებული; პოლიციელი, როგორც მსხვერპლი;  ვიქტიმოლოგიური სიტუაცია საქართველოში; (პოტენციური) მსხვერპლის პრევენცია. 

Facebook
Twitter
LinkedIn