თსუ-ს მკვლევრებმა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გაუმჯობესებული ბიოდიზელი მიიღეს
თსუ-ს მეცნიერებმა ენერგიის განახლებადი წყაროებიდან – რაფსის (მცენარე) და მეორადი საკვები ზეთების გადამუშავების შედეგად გაუმჯობესებული მახასიათებლების ბიოდიზელი მიიღეს, რაც ჩვეულებრივი ბიოდიზელის მახასიათებლებს ერთნახევარჯერ აღემატება – შენახვის ვადა გაზრდილია 4 წლამდე, შემცირებულია გამონაბოლქვი აირების რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს: სათბური აირების ემისიების შემცირებას, ნარჩენების მართვას და გადამუშავებას, ეკო მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოებას.
გაუმჯობესებული მახასიათებლების ბიოდიზელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნათელა ხეცურიანმა და დოქტორანტმა კახა ქარჩხაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შექმნეს.
მკვლევრებმა რამდენიმე ტონა ბიოსაწვავი დაამზადეს, რის შემდეგაც ბიოსაწვავის ფიზიკურ-ქიმიური და სპექტრალური ანალიზი ჩატარდა, ასევე განხორციელდა ბიოსაწვავის პარამეტრების ოპტიმიზაცია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და მისი კომერციალიზაციის პროექტი შემუშავდა, რომლის საფუძველზეც 2018 წლის ივლისში საქართველოში და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ბიოდიზელის ქარხანა ,,ბიოდიზელი ჯორჯია” გაიხსნა. საწარმოში და მის ლოჯისტიკურ ქსელში სულ 45 ადამიანია დასაქმებული.
„ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების და ნახშირწყალბადოვანი წარმოშობის ენერგომატარებლების დაზოგვითი ტექნოლოგიების განვითარების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ენერგიის არატრადიციული განახლებადი წყაროების გამოყენებაა. ენერგიის განახლებადი წყაროებიდან – რაფსის (შალგი) და მეორადი საკვები ზეთების გამოყენებით შესაძლებელია ბიოდიზელის საწვავის წარმოება, რაც დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გაზრდის მის ენერგოდამოუკიდებლობას.
ბიოდიზელის, როგორც ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის წარმოების დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე არის დამოკიდებული. ბიოდიზელს კი წარმატებით შეუძლია შეცვალოს ნავთობდიზელი დიზელის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებში, ძრავის მოდიფიკაციის გარეშე.
თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში შესწავლილია ენერგიის განახლებადი წყაროებიდან ბიოდიზელის წარმოების შესაძლებლობა საქართველოში. ნედლეულად გამოყენებულია მცენარე რაფსის (Brassica napus) ზეთის და კვების მრეწველობის ობიექტების მოხმარებული (მეორადი) საკვები ზეთები. ეთერიფიკაციის რეაქციით (სინთეზით) მიღებულია სუფთა ბიოდიზელის საწვავი B100 და ბიო გლიცერინი. მიღებული და დამზადებულია საცდელი ნიმუშები. შესწავლილია ბიოდიზელის B100-ის და ბიოდიზელის და ნავთობდიზელის ნარევების (B5, B10 და B20) ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური მახასიათებლები.
ბიოსაწვავების ინდივიდუალური ნახშირწყალბადები შესწავლილია გაზური ქრომატოგრაფიის საშუალებით, ხოლო ფუნქციონალური ჯგუფები – ინფრაწითელი სპექტრომეტრით. ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ B5, B100 და B20-ის ბიოსაწვავების და ნავთობდიზელის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები EN 14214, ASTM D6751 და EN 590 სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისია“, – აცხადებს ნათელა ხეცურიანი.
ამ დროისთვის ,,ბიოდიზელი ჯორჯია” მეორად მოხმარებულ საკვებ ზეთს ამუშავებს და აწარმოებს ბიოდიზელს, რაც ნარჩენების უტილიზაციასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. საწარმო საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე მსხვილი საწარმოებიდან მარაგდება. შესაბამისად, საკვების დამზადებისას მეორადი საკვები ზეთების გამოყენებისა და, ასევე, ფერმების მიერ შინაური ცხოველების საკვებში მისი შერევის პრევენციას ახდენს. 2018-2022 წლებში საწარმომ 1550 ტონაზე მეტი მეორადი მოხმარებული ზეთი გადაამუშავა და 1200 ტონაზე მეტი ბიოდიზელი აწარმოა.
„შესაბამისად ბიოდიზელის საწარმომ დაზოგა 1200 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის იმპორტი საქართველოში, ხოლო ატმოსფეროში 2500 ტონაზე მეტი CO2-ის ემისია – ამბობს ნათელა ხეცურიანი და განმარტავს, რომ „სისტემატურად მიმდინარეობს შ.პ.ს. ,,ბიოდიზელი ჯორჯია”–თვის სანედლეულო ბაზის კვლევა და შერჩევა; ასევე ხორციელდება ტექნოლოგიური პარამეტრების ოპტიმიზაცია, რაც უზრუნველყოფილია მეცნიერებისა და საწარმოს ურთიერთთანამშრომლობით“.
საქართველოში წარმოებული ბიოდიზელი ევროკავშირის ბაზარზე უკვე იყიდება. 2022 წელს კომპანიამ 1 მლნ ლიტრზე მეტი პროდუქცია აწარმოა, ხოლო 2023 წელს სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო ,,ბიოდიზელი ჯორჯია” 1,5 მლნ ლიტრი პროდუქციის (ბიოდიზელის) წარმოებას გეგმავს.
საქართველოში წარმოებული ბიოდიზელის ხარისხის მაჩვენებლების მდგრადობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მკვლევრები ნათელა ხეცურიანი და კახა ქარჩხაძე „ბიოდიზელ ჯორჯია“-სთან სამეცნიერო კონსულტანტების რანგში თანამშრომლობას განაგრძობენ.
„ბიოდიზელი ჯორჯია“, გარდა მისი ძირითადი საქმიანობისა, საქართველოს აგროსექტორის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან რაფსის დათესვა შესაძლებელია ხორბალთან მონაცვლეობით. რაფსის ზეთის მიღების შედეგად დარჩენილი კოპტონი კი გადაეცემა ფერმერთა ასოციაციას მათი შემდგომი გამოყენებისთვის.