თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს ახალი მოადგილე ჰყავს

თარიღი: 2023-04-19 17:38:14

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციაზე გიორგი დგებუაძე დაინიშნა. გიორგი დგებუაძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის – „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ – ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსულტანტი, საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის სამეცნიერო რედაქტორი.

გიორგი დგებუაძე დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დოქტორანტი და მკვლევარი; სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის სტიპენდიატი. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საერთაშორისო სისხლის სამართალში. ეწეოდა საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. იყო სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ექსპერტი. არის ოცამდე სამეცნიერო სტატიის, რეცენზიის, თარგმანისა და 1 მონოგრაფიის ავტორი, ათამდე სახელმძღვანელოსა და კრებულის სამეცნიერო რედაქტორი, არაერთი საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციის მონაწილე/ორგანიზატორი.

Facebook
Twitter
LinkedIn