დატრენინგებულმა სტუდენტებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

თარიღი: 2023-04-14 14:17:28

დასრულდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი  – „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“. 11 აპრილს თსუ-ში პროექტის შედეგები შეაჯამეს.

კონკურსის პირველ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტებიდან შერჩეულმა 30-მდე სტუდენტმა ადამიანის უფლებების სფეროში 5-დღიანი ტრენინგი გაიარა. მეორე ეტაპზე კი ტრენერებად შეირჩნენ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 8 სტუდენტი, რომლებმაც, დედაქალაქის გარდა, შეხვედრები გამართეს ბათუმის, ლაგოდეხისა და გორის საჯარო სკოლებში. მათ შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს.

პროექტის შედეგების შეჯამება თსუ-ში შედგა. ღონისძიების მონაწილეებმა პროგრამის მნიშვნელობასა და არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,პროექტი თავისი მიღწევის გზებით მასშტაბური იყო. მისი ყველაზე დადებითი მხარეა ის, რომ სწორედ სტუდენტები უტარებენ  ტრენინგს სკოლის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბულინგის პრევენცია, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კრიმინოლოგიური დახასიათება, ფსიქოლოგიური თემები, თავისუფლება და თავისუფლებიდან გაქცევა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში მოვიარეთ თბილისის, გორის, ლაგოდეხის, ბათუმის სკოლები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო თვითონ იმ სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა – მათი ემოციები, მათთან დისკუსია, მათთან გაცვლითი საუბრები ამ თემებზე. ამ ლექციების და საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ კიდევ უფრო მეტს გაუჩნდა სურვილი – გახდეს იურისტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ყოველთვის ელის ასეთ განსწავლულ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა პროექტის ინიციატორმა, თსუ-ს პროფესორმა მაია ივანიძემ.

პროექტი  – „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის მიზანი გახლდათ საგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, სამართლებრივი კულტურის გაძლიერება, სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლება და მომავალი თაობის იურისტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დაესწრო, რომელმაც თავისი გამოსვლა საგრანტო წინადადების წარმდგენი თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებისადმი მადლობით დაიწყო.

,,მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის განმახორციელებელ გუნდს –  თინათინ წერეთლის საზოგადოებას, ქალბატონ მაია ივანიძეს და, ზოგადად, ფაკულტეტს, ვინაიდან, რომ არა ეს საერთო ძალისხმევა, პროექტი ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული. ჩემთვის, როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლისთვის, უაღრესად სასიამოვნოა, როდესაც ჩვენ მიერ თავის დროზე გაკეთებული არჩევანი შესაბამისი პროექტის საკეთილდღეოდ უკვე კონკრეტულ შედეგებში გამოისახა. ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეში სტუდენტები უშუალოდ იყვნენ ჩართულები, რაც უაღრესად საინტერესო გამოცდილებაა მათთვის.  შეიძლება ზოგიერთს კიდეც გაუჩნდეს სურვილი, რომ პედაგოგიური საქმიანობით დაკავდეს ამ მიღებული გამოცდილების კვალდაკვალ. შემიძლია გითხრათ იუსტიციის მინისტრის სახელით, მთელი ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენი უწყება ყოველთვის იქნება ერთგული მხარდამჭერი ნებისმიერი ინიციატივისა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამართლებრივი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, განმტკიცებაზე და ახალგაზრდებში იურიდიული განათლების, მათ შორის, არაფორმალური განათლების გავრცელების ხელშეწყობაზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა: ,,მინდა, მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს ამ ტიპის პროექტების მხარდაჭერისათვის. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სამართალი არ არის მხოლოდ კანონშემოქმედების პროდუქტი, ის არის განათლების პროდუქტი და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რასაც ამ პროექტის ფარგლებში ჰქონდა ადგილი სკოლის მოსწავლეებთან მიმართებით“.

ღონისძიებას პროექტის მონაწილე სტუდენტები, სხვადასხვა სკოლის წარმომადეგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომელთაც თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

,,ტრენინგი ლაგოდეხის რაიონში, სოფელ აფენში, N 1 სკოლაში ჩავატარე. თემა გახლდათ –  არასრულწლოვანი და პოლიციელი. სკოლის მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია – როგორ შეუძლიათ დაუკავშირდნენ 112-ს; გვქონდა საუბარი არასრულწლოვანთა კოდექსზეც, რაც მათ სკოლის პერიოდში გამოადგებათ. ჩემს ტრენინგს ქალბატონი მაია ივანიძეც ესწრებოდა და როგორც მან აღნიშნა, მე აუდიტორია, ასე ვთქვათ, ხელში მყავდა აყვანილი და რომ ვიყავი ძალიან აქტიური და პოზიტიური ტრენერი, რომელიც ყველა მოსწავლეს აძლევდა ტრენინგში ჩართულობის შესაძლებლობას“, – გვითხრა სტუდენტმა არზუ ჯალალოვამ.  

,,ამ პროექტმა მოგვცა ძალიან დიდი გამოცდილება ჩვენს ასაკში. პროექტის ფარგლებში მივიღეთ დიდი ცოდნა და შემდეგ უკვე პრაქტიკული სამუშაოები ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებთან. პირადად მე თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში გავმართე ტრენინგი თემაზე –  პოლიცია და არასრულწლოვანი. ჩვენთვის, ტრენერებისთვის, ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ თავად ახალგაზრდებისგან დავინახეთ ზღვა ინტერესი ამ საკითხების მიმართ, მათგან მოდიოდა უამრავი კითხვა ნებისმიერ საკითხზე და ეტყობოდათ, რომ ეს საკითხები მათთვის მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ზაზა სურგულაძე.

,,მე მოვისმინე ტრენინგი ბულინგთან და კიბერ ბულინგთან დაკავშირებით. ამ ყველაფერმა დამანახა  – თუ რა არის ბულინგი და როგორ შეიძლება მისი აღკვეთა სხვადასხვა სამართლებრივი ღონისძიებით. ჩემთვის ეს ლექცია ძალიან საინტერესოდ ჩატარდა, კითხვებიც დაგვისვეს, რაზეც პასუხებიც მიიღეს“, – აცხადებს ქალაქ თბილისის 37-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ახალაია.

,,ტრენინგის ფორმატში თავიანთივე თანატოლებისგან ინფორმაციის მიღებას სხვა ეფექტი და დატვირთვა ჰქონდა და ძალიან მოვიხიბლე სტუდენტებით, მათი მეტყველებით, მათი ცოდნით“, –  აღნიშნა 55-ე სკოლის დირექტორმა მაია აბრამიძემ, რომელიც აცხადებს, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია და რომ ასეთი ურთიერთობა თავის შედეგს  დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიღებს.

შეხვედრის ბოლოს პროექტის მონაწილეებს – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ექსპერტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

Facebook
Twitter
LinkedIn