ერთი ქართული ტერმინის შენარჩუნება და გადარჩენაც უდიდესი საქმეა
„ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე“ – ევროკავშირის საერთაშორისო პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები ჩაერთნენ. პროექტი ევროკავშირის საერთო ტერმინოლოგიურ ბაზაზე – IATE-ზე ხორციელდება. სამუშაო ჯგუფი თსუ-ს არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას, თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის პროფესორებსა და სტუდენტებს აერთიანებს.
პროექტი „ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე“ 10 პროექტს მოიცავს. მისი მიზანია ევროკავშირის საერთო ტერმინოლოგიურ ბაზაში ყველა ევროპული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, ტერმინოლოგიის თავმოყრა. პირველ ეტაპზე პროექტი „საკვების“ (FOOD) ორი ქვეპროექტი – „საკვების უსაფრთხოება“ (Food Safety) და „მეღვინეობის კულტურა“ (Vitivini culture) შეირჩა.
ქართული ნორმატიული და სტანდარტიზებული ტერმინოლოგია, უპირველეს ყოვლისა, ქართული ტერმინთბანკის საფუძველზე მუშავდება, რომელსაც არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება ქმნის. ესაა პირველი ბაზა საქართველოში, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფით გამოცემული ბეჭდური ლექსიკონების სხვადასხვა რედაქცია ერთიანდება.
„ევროკავშირის პროექტის მიზანია გაამარტივოს და გააუმჯობესოს ურთიერთობა სხვადასხვაენოვან დარგის სპეციალისტებსა და უბრალოდ დაინტერესებულ პირთა შორის. ამისათვის შეიქმნა რამდენიმე მრავალენოვანი პროექტი. თითოეული პროექტი მოიცავს რამდენიმეენოვან რესურსს, რითაც თვით პროექტის ფარგლებში მომუშავე ქვეყნები უზრუნველყოფენ ერთმანეთს. ყოველ ახალ მონაწილეს საშუალება აქვს, ერთი მხრივ, გამოიყენოს სხვა მონაწილის მიერ დამუშავებული მასალა (იგულისხმება, რომ შეუძლია გამოიყენოს სიტყვანი. წყარო ტერმინი უნდა იყოს ინგლისური ან ფრანგული) და შეუსაბამოს მშობლიური შესატყვისები, ხოლო, მეორე მხრივ, თავადაც შეავსოს ახალი ტერმინებით.
ჩვენ მიერ პროექტში მონაწილეობის მიზანი კი ქართული ტერმინოლოგიის პოპულარიზაციაა ევროპაში. ის ფაქტი, რომ საქართველო მონაწილეობს ევროპარლამენტის მიერ ორგანიზებულ პროექტში ევროპის ქვეყნებთან ერთად, ვფიქრობთ, ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისაკენ.
საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია მუშავდება ტერმინთბანკისა და ჩვენს ხელთ არსებული ლექსიკონების მიხედვით. ინგლისური სიტყვანი განთავსებულია პროექტის ვებგვერდზე. თითოეული ტერმინისათვის სტუდენტები ეძებენ ქართულ შესატყვისებს სხვადასხვა ლექსიკონში (საკვების უსაფრთხოება საკმაოდ ფართო სფეროა. ის მოიცავს როგორც საკვებთან დაკავშირებულ, ისე ბიოლოგიის, ქიმიის, მედიცინის და გარემოს დაცვის ტერმინოლოგიასაც კი, შესაბამისად, ტერმინები სხვადასხვა დარგის ლექსიკონებში უნდა მოიძიონ). რაც შეეხება მეღვინეობის ტერმინოლოგიას, აქ ჩვენ, როგორც ღვინის სამშობლო, მეტი თავისუფლებით ვსარგებლობთ. პროექტის ფარგლებში უნდა დამუშავდეს ისეთი ტერმინებიც, რომლებიც ქართული მეღვინეობის კულტურისთვისაა დამახასიათებელი (ღვინის დამზადების ქართული ტექნოლოგიის, ჭურჭლის, ღვინის სახეობების, ყურძნის ჯიშების და ა.შ. ტერმინოლოგია). შესაბამისად, უნდა დავამუშაოთ ერთენოვანი ტერმინოლოგია ისე, რომ თითოეული ტერმინის მნიშვნელობა გასაგები გახდეს ევროპელი მთარგმნელისა თუ მეცნიერისათვის“, – განმარტავს პროექტის კოორდინატორი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ლინდა გიორგაძე.
პროექტში – „ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე“ – თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის 10-მდე სტუდენტია ჩართული, რომლებიც რამდენიმესაფეხურიან სამუშაოს ასრულებენ – აგროვებენ მასალას სხვადასხვა ლექსიკონიდან, ამოწმებენ – რომელ ლექსიკონში რა ფორმით დასტურდება თითოეული ინგლისურენოვანი ტერმინის შესატყვისი ან, საერთოდ, დასტურდება თუ არა, ეძებენ თითოეული ტერმინის განმარტებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან წყაროებში, ასევე – სათანადო კონტექსტებს, აყალიბებენ ისეთი ტერმინების ქართულ შესატყვისებს, რომლებიც არსად დასტურდება. შემდეგ ეტაპზე სტუდენტების ნამუშევრებს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგები განიხილავენ.
„ეს პროცესი სტუდენტებისთვის დიდი გამოცდილების შეძენის საშუალებაა. მთავარია ვისწავლოთ ტერმინოლოგიაზე მუშაობის პროცესი, რომელსაც მთლიანად კოორდინირებას უწევენ ენათმეცნიერების ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლები. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს ვერსიებს, მათი შესაბამისობის დადგენა კი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მოვალეობაა. მთავარი ამოცანაა, ევროკავშირის საკვებთან დაკავშირებულ ტერმინების ბაზაში ქართულენოვანი ჩანაწერებიც გაჩნდეს“, – ამბობს სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი მარიამ ქებურია.
„რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა მოვიძიოთ სხვადასხვა წყაროებში ინგლისური ტერმინოლოგიის ქართული შესატყვისები, ვეძებთ სხვადასხვა სამართლებრივ სამეცნიერო წყაროებში. არის შემთხვევა, როდესაც ვერთვებით ტერმინთშემოქმედების პროცესშიც. განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც ინგლისური ტერმინი რამდენიმე სიტყვისგან შედგება, თუმცა პროცესი საინტერესოა და დიდ გამოცდილებას ვიღებთ“, – ამბობს თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის დოქტორანტი მარინე მახათაძე.
„პროექტში მონაწილეობისას პრაქტიკაში ვიყენებთ ლექსიკოგრაფიის საფუძვლებში მიღებულ თეორიულ ცოდნას – როგორ მოვიძიოთ ტერმინები, სად ვიპოვოთ მათი ეტიმოლოგია, ვენდოთ თუ არა ამა თუ იმ წყაროს“, – განმარტავს თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი თამუნა ქურციკიძე.
„სტუდენტების სამუშაო კვლევით პროცესში ჩართულობა გულისხმობს როგორც ქართული ტერმინოლოგიის, ისე ინგლისური ტერმინოლოგიის კარგ ცოდნას და კვლევას. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ დროს არ ხდება მექანიკური თარგმნა, რაც ხშირია ლექსიკონების შედგენისას, ეს არის კვლევაზე დაფუძნებული პროექტი“, – ამბობს თსუ-ს პროფესორი, პროექტის კოორდინატორი მანანა რუსეიშვილი.
სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი ტერმინების ქართული შესატყვისები თსუ-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტში მოწმდება. დადასტურების შემთხვევაში კი მასალა IATE-ს კოორდინატორების მიერ მოწოდებულ ფორმაში გადადის და ოფიციალურ გვერდზე ასატვირთად იგზავნება (https://yourterm.eu/food-university-projects/).
„ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობით პროექტი ნაყოფიერად ხორციელდება. ვცდილობთ, რომ სტუდენტთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ტერმინები აისახოს ქართულ ტერმინთბანკში და პირიქით, რაც ქართულ ტერმინთბანკშია, შევუსაბამოთ – ამ გზით თავიდან ავირიდებთ ტერმინოლოგიურ სიჭრელეს.
ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტერმინები ნორმატიული გახდება, მათი საბოლოო დამტკიცება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პრეროგატივაა. თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ მასალების დეპარტამენტისთვის წარდგენას“, – ამბობს თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი ლია ქაროსანიძე.
IATE-ს პროექტებს TermCord – ევროპარლამენტის ტერმინოლოგიის მართვის ცენტრი მართავს. ქართველმა კოორდინატორებმა ტერმინოლოგიის თარგმნისთვის საჭირო ძირითადი მითითებები უშუალოდ მათგან მიიღეს.
პროექტი „ტერმინოლოგია საზღვრების გარეშე“ განხორციელების ვადები წინასწარ გაწერილი არ არის, მისი მიზანია შედეგზე ორიენტირებული, კვლევით პროცესზე დაფუძნებით ქართულენოვანი ტერმინოლოგიის შემუშავება, უპირველესად, სტუდენტთა ჩართულობით.
„თითოეული პროექტი, რომელიც ტერმინოლოგიას შეეხება და სრულდება იმ სტანდარტების დაცვით, რომლითაც უნდა მუშავდებოდეს ნორმატიული ტერმინოლოგია, უმნიშვნელოვანესია ქართული ტერმინოლოგიის განვითარებისათვის. დღეს, როცა ასეა მოჭარბებული ჩვენს ენაში უცხოენოვანი ლექსიკა და ვდგავართ ქართული ტერმინების დაკარგვის საშიშროების წინაშე, ამგვარი ღონისძიებები, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია ენისთვის. ერთი ქართული ტერმინის შენარჩუნება და გადარჩენაც უდიდესი საქმეა.
ახალგაზრდების ჩართულობა ამ საქმეში იმედისმომცემია და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული ტერმინოლოგიური სკოლა ისევ განაგრძობს განვითარებას და წინსვლას“, – აღნიშნავენ ქართველი ტერმინოლოგები.