ქართული ენის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების განხილვა 14 აპრილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
10 აპრილს ქართული ენის კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება. სამეცნიერო კონფერენცია, ტრადიციისამებრ, ქართული ენის დღეს, 14 აპრილს ტარდება, თუმცა წელს 14 აპრილი წითელ პარასკევს ემთხვევა და, სწორედ ამიტომ, კონფერენციის ორგანიზატორებმა ღონისძიება უფრო ადრე გამართეს.
კონფერენციაზე განიხილეს ქართული ენის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემები, ქართული ენის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები და ის ეტაპები, რომლებიც გაიარა ქართულმა ენამ 1978 წლიდან დღემდე.
კონფერენციაზე გაიხსენეს ის გზა, რომელიც გაიარა ქართულმა ენამ 1978 წლიდან დღემდე. ეს მოხსენება პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მოხსენებაში მან განიხილა ის ეტაპები, რომლებიც გაიარა ქართულმა ენამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში. ,,მოხსენებაში განხილული იყო საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკის პერიოდიზაცია, განსაკუთრებით კი ის პერიოდი, რომელსაც კრემლი განიხილავდა გარდამავალ მონაკვეთად რუსულენოვანი საბჭოთა ხალხის შესაქმნელად. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს კონსიტუტიებში ცვლილებების შეტანა და რუსული ენის გამოცხადება ერთადერთ სახელმწიფო ენად, რასაც უპრეცედენტოდ მასშტაბური დემონსტრაცია მოჰყვა თბილისში, რამაც უკან დაახევინა საბჭოთა ხელისუფლებას და 1978 წლის კონსტიტუციაში ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენად დარჩა. ამას გარდა, დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრეთ ქართულზე რუსული ენის გავლენის თაობაზე. თუ საბჭოთა პერიოდში ქართულს ჰყავდა ერთადერთი კონკურენტი საბჭოთა კავშირში რუსულის სახით, პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართულის მდგომარეობა უფრო გართულდა, რადგან ინგლისური ენის გავლენა ძალიან დიდ ენებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ გაჭირვების გამო მოსახლეობა ტოვებს საქართველოს და რომ ემიგრაციაში ქართული ენა სათანადოდ ვერ ვრცელდება. იბადება და იზრდება თაობა (საქართველოდან წასული ოჯახების შვილები), რომელიც ქართულ ენაზე არა თუ არ მეტყველებს, მათ მშობლებიც კი არ ელაპარაკებიან ქართულად. ჩვენ უკვე მოგვიმრავლდა ქართული წარმოშობის ცნობილი ავტორები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე წერენ“, – თქვა ჩვენთან საუბარში პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.
,,კონფერენცია, რითიც, ფაქტობრივად, დაიწყო ქართული ენის კვირეული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის დღეს მიეძღვნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ქართული ენის აქტუალურ საკითხებს ეხება, მათგან საყურადღებოა ქართული ენის სტრუქტურისა და ტერმინოლოგიის თემებისადმი მიძღვნილი შრომები, აქვე ფრიად საინტერესო მოხსენება იყო წარმოდგენილი ქართული ენის სწავლების საწყისი დონეებისთვის ვიზუალური მასალის მნიშვნელობაზე. საინტერესო იყო მოხსენება, რომელიც ოსური ანთროპონიმების ქართულ ენაზე გადმოცემის საკითხებს ეხება, კერძოდ, თუ როგორ უნდა იქნეს გადმოტანილი ოსური საკუთარი სახელები ქართულად. ბოლოდროინდელი ტრაგიკული პოლიტიკური მოვლენების გამო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ურთიერთობაში მყოფ ქართველ და ოს ხალხებს შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ვფიქრობთ, ასეთი სახის სამეცნიერო-საგანმანათებლო აქტივობებსაც (მხედევლობაში გვაქვს ზემოაღნიშნული მოხსენება) შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ ქართველი და ოსი ხალხების კეთილგანწყობის აღდგენაში“,− აღნიშნა თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ.
მოხსენება – ,,ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის საკითხები ოსური საკუთარი სახელების ქართულ ენაზე გადმოტანის დროს“ – პროფესორმა ნაირა ბეპიევმა წარმოადგინა და როგორც თავად ამბობს, ეს საკითხი დღემდე კვლევის საგანი არ გამხდარა. ,,ტრანსკრიფცია/ტრანსლიტერაციის მიხედვით, საკუთარ სახელებში თითოეული ასო-ბგერა უნდა წარმოვადგინოთ ორივე ენის ბგერათა ფონეტიკური თავისებურებების გათვალისწინებით. მათი განსხვავებულობის წარმოჩენა თავიდან აგვაცილებს მრავალ გაუგებრობას. როდესაც ოსურ ენას ვიკვლევთ, იქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ირანულ ენათა კანონზომიერება და, ასევე, კავკასიურ ენათა ფონეტიკური თავისებურებები, რადგან ეს ნაზავი ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი ოსურ ენაში – როგორც სხვადასხვა ტერმინოლოგია, ასევე საკუთარი სახელებიც და ამის გათვალისწინება აუცილებლად მოუხდება ამ სფეროში მომუშავე ადამიანს.
კონფერენციას ესწრებოდნენ ახალგაზრდები და ეს აუცილებელია, რომ მათ გააგრძელონ ქართულ-ოსური ენობრივი ურთიერთობების კვლევა, რაც გვჭირდება გაციებული კონტაქტების აღსადგენად, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერების ინტერესებშია“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ პროფესორების მოხსენებათა შორის იყო თემები: ,,ენის საკომუნიკაციო ფუნქციის რღვევა პოსტმოდერნულ სამყაროში“ – რუსუდან ასათიანი; ,,კალკირების გამო დაკარგული ერთი კრებითი ლექსემის შესახებ ქართულ გასტროკულტურაში“ – სალომე ომიაძე; ,,ვიზუალური აზროვნების მეთოდების გამოყენება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საწყის დონეებზე“ – ნინო პოპიაშვილი; ქართულ საენათმეცნიერო ტერმინთა ინგლისურად გადმოცემისათვის: მწკრივი – Screeve, ნაკვთი – Chunk” – რამაზ ქურდაძე.
გიორგი ახვლედიანის საზოგადოებამ კონფერენციის მსვლელობის დროს დააჯილდოვა ორი ცნობილი ენათმეცნიერი, გიორგი ახვლედიანის მოწაფეები – ქალბატონი ციური ახვლედიანი (რომელიც ფრანგული ენის კათედრის გამგე იყო და ამჟამად პროფესორი ემერიტუსია) და ბატონი ივანე ლეჟავა (რომელიც გიორგი ახვლედიანის მიერ დაარსებული ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელია). ისინი დაჯილდოვდნენ გიორგი ახვლედიანის მცირე ზომის ბარელიეფებით, რომლებიც შექმნა ცნობილმა მოქანდაკემ გიორგი შხვაცაბაიამ. ასევე დაჯილდოვდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ოსური ენის განყოფილების გამგე – ელენე ბესოლოვა და ვლადიკავკაზის მე-7-ე სკოლის დირექტორი, დამსახურებული პედაგოგი და დამსახურებული დირექტორი ტატიანა კორნაევა. ,,ისინი, როდესაც ჩამობრძანდებიან ჩვენთან საქართველოში, იმედი მაქვს, ჩვენს კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას და მათაც გადავცემთ ასე საზეიმოდ გიორგი ახვლედიანის ბარელიეფს“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაირა ბეპიევმა.