ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში ჯორჯ კობის მემორიალური ფოტო მუზეუმი გაიხსნება

თარიღი: 2023-04-10 20:58:39

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა, კულტუროლოგმა ელენე გეგეშიძემ გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში  – ,,კულტურულ სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“.  კულტუროლოგ ელენე გეგეშიძეს წარდგენილი ჰქონდა პროექტი – ,,ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში მემორიალური ფოტო მუზეუმის გახსნა“, რომელიც ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის სახელობის მუზეუმის დაარსებას ითვალისწინებს.

,,ჯორჯ კობი გახლდათ ქიმიური მრეწველობის ქართველი გამომგონებელი, რომელიც მოღვაწეობდა ამერიკაში და იყო ცნობილი მილიონერი. იგი 70-მდე მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონების ავტორია, რომელმაც საქართველო თავისი უნიკალური ნიჭიერებით ასახელა. კულტურის სამინისტრომ მომცა შანსი, რომ ჯორჯ კობის მემორიალური ფოტო მუზეუმი გავხსნა მის მშობლიურ თხმორში და ამით, ქართველებმა, დავაფასოთ გრიგოლ კობახიძის ღვაწლი, მისი სახელი“,  – აღნიშნავს ელენე გეგეშიძე, რომელიც დიდ წარმატებად თვლის   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან დაფინანსების მოპოვებასა და ხელშეწყობას.

ელენე გეგეშიძე სულ ახლახანს, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში,  აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით – ,,ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე თხმორიდან ამერიკაში – ჯორჯ კობი“. ღონისძიების სახელწოდება გახლდათ – ,,ჩემი მთავარი სამეცნიერო მიღწევა“.

ქალბატონ ელენეს სურს – ჯორჯ კობის თაობაზე ცოდნის გადაცემა დააგვირგვინოს პრაქტიკული საქმით, რაც მისი სახელობის ფოტო მუზეუმის ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.

Facebook
Twitter
LinkedIn