თსუ-ს კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელებს
თსუ-ს კურსდამთავრებული მარიამ კუტუბიძე სწავლას ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით გააგრძელებს. მარიმ სწავლის 100%-იან დაფინანსებასთან ერთად აშშ-ში უფასოდ ცხოვრების უფლება და სამსახურში დასაქმების შემოთავაზებაც მიიღო.
მარი კუტუბიძე მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის რჩეული არ გახლავთ, იგი მსოფლიოს პირველი ხუთეულის ყველა უნივერსიტეტმა: ჩიკაგოს, პენსილვანიის, ვაშინგტონის სენტ ლუისის, კოლუმბიის, ნიუ-იორკის უნივერიტეტებმაც მიიღეს და, არა მარტო მიიღეს, სასწავლო გრანტები და სხვა სიკეთეებიც შესთავაზეს, მაგრამ მარი ირჩევს ჰარვარდს…
მარი კუტუბიძემ ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა და ამჟამად მთავარი იურისტის პოზიციაზე მუშაობს.
„პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ძმის – ლევანის გამოცდილებამ. როცა მე-8 კლასში ვსწავლობდი, ლევანი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ყოველთვის ვინტერესდებოდი მისი სახელმძღვანელოებით და პირველი, რომელიც წავიკითხე და დამამახსოვრდა, პროფესორ გიორგი ხუბუას „სამართლის თეორია“ იყო. შესაბამისად, თავიდანვე კარგად მქონდა გააზრებული ამ პროფესიის შინაარსი და ვიცნობდი სამართლის პრინციპებს.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვცდილობდი ყველა საგნისთვის დამეთმო დრო და, შედეგად, სწორად შემერჩია ის მიმართულება, სადაც მუშაობას გავაგრძელებდი. ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას სტუდენტურ კონფერენციებში. ბაკალავრიატის მეორე წლიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული სტაჟირებებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. ჩემი ერთ-ერთი პირველი მთავარი გამოცდილება „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში“ გავლილი სტაჟირება იყო სამართლის მეთოდების მიმართულებით. მას შემდეგ კი იურიდიულ ფირმებში გავდიოდი სტაჟირებებს“, – აცხადებს მარი კუტუბიძე.
მარი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველ თანატოლებს, პროფესიული გამოცდილების დაგროვების პარარელურად, ურჩევს საკუთარი თავის მრავალმხრივ განვითარებაზეც იზრუნონ.
,,ვინც აპლიკაციის მომზადების პროცესს იცნობს, ზუსტად იცის, რამხელა მოთმინება და ყურადღებაა საჭირო ამ ეტაპზე. ჩემთვის მოტივაცია ის გამოცდილება და შესაძლებლობებია, რომელსაც ამერიკული განათლება გვთავაზობს. გარდა ამისა, ჩემი მთავარი მოტივაცია იყო და ყოველთვის იქნება გენდერული ბარიერების მოშლა, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მუდმივი ბრძოლა. ეს მიღწევა კი ჩემთვის ამ გზაზე წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელმაც თავდაჯერება და მოტივაცია მისცა არაერთ სკოლის მოსწავლე გოგონას, რომელთა წერილებსაც დღემდე ვიღებ“, – ამბობს მარი და აკონკრეტებს – რა მოთხოვნები აქვთ ამერიკაში უმაღლეს სასწავლებლებს.
„ამერიკის უნივერსიტეტები, როგორც წესი, „ჰოლისტიკური მიდგომით“ აფასებენ სტუდენტებს. ეს გულისხმობს აპლიკანტის შერჩევას არა მხოლოდ პროფესიული მონაცემებით, არამედ მისი პიროვნების, ინტერესების, მიზნების საფუძველზე. აპლიკანტის სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მის მიერ განვლილი გზა და ის ინტერესები, რომელიც არ უკავშირება მაინცდამაინც პროფესიულ ცხოვრებას. ყველას ვურჩევ, მაქსიმალური თეორიული ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების დაგროვების პარალელურად, არ დაივიწყონ სპორტული, სამოქალაქო და სხვა საინტერესო აქტივობები, განვითარდნენ მრავალმხრივ და იპოვონ სხვადასხვა ჰობი, რომელიც განტვირთვაში დაეხმარებათ“, – აცხადებს მარი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში მიეცემა დიდი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რომ სასწავლო წლის განმავლობაში გაიცნობს არაერთ წამყვან სპეციალისტს ამა თუ იმ სამართლებრივ სფეროში და მათ გამოცდილებას გაიზიარებს.
ზოგადად, ახალგაზრდები, ვინც უცხოეთში ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს ამთავრებს, სამშობლოში ნაკლებად ბრუნდებიან… მარის აზრით კი, არ აქვს მნიშვნელობა – სად საქმიანობ, რადგან საზღვრებს გარეთაც შეგიძლია შენი ქვეყნისთვის უდიდესი წვლილის შეტანა. „ჩემი მიზანიც ესაა – ამერიკაში მიღებული ცოდნა ქართული სამართლის განვითარებას მოვახმარო. ამდენად, ვეცდები, ყველა შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების დასაგროვებლად გამოვიყენო, რასაც ამ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა შემაძლებინებს. ჩემი სამომავლო გეგმები მოიცავს ამ პროგრამის მეშვეობით მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას, რათა წარმატებული კარიერა მქონდეს კორპორატიულ სამართალში. ვიმედოვნებ, მომეცემა შანსი, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სამართლებრივი სივრცის დახვეწაში“, – აცხადებს მარი, რომელიც მადლიერებასაც არ ივიწყებს იმ ადამიანების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც რეკომენდაცია და ფასდაუდებელი რჩევები არ დაიშურეს ჰარვარდის რჩეულისთვის.