აქტუალური თემა, რამაც თსუ-ს სტუდენტს მაგდა სარჯველაძეს გამარჯვება მოუტანა

თარიღი: 2023-04-05 19:33:53

მაგდა სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ის მეორეკურსელია და მისი ძირითადი სპეციალობაა  სოციოლოგია.

მაგდა ჩვენთან საუბარს იმ მიმართულების  შესახებ  იწყებს, რომელიც მისი მტკიცე არჩევანია. როგორც მან აღნიშნა, სოციოლოგები არიან ის სპეციალისტები, რომელთა საქმიანობა მთლიანად ეფუძნება კვლევებსა და სტატისტიკას, რაც ყოველთვის იყო მისი ინტერესის სფერო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გაჰყოლოდა ამ საქმეს.

,,სოციოლოგები არასდროს არიან აქტორები, ისინი გარედან აკვირდებიან სიტუაციებს და  იკვლევენ ძირითად ტენდენციებს“, – ასე ახასიათებს არჩეულ პროფესიას მაგდა.

სწორედ კვლევებისა და საკვლევი საკითხების მიმართ ინტერესმა მიიყვანა იგი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებამდე  და გადააწყვეტინა მონაწილეობა მიეღო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ 82-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში მეგობართან, არჩილ წივილაშვილთან ერთად.

,,სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის მიტოვების (drop out) მიზეზების კვლევა თბილისის 4  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მაგალითზე”, – ეს არის თემა, რომლის კვლევამაც მაგდას გამარჯვება მოუტანა.

ეს საკითხი ყველა დროში აქტუალური და პრობლემატურია, ჩვენი რესპონდენტის გარემოცვაშიც ბევრი ისეთი ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელთა მაგალითიც მაგდას ამ საკითხისადმი კვლევის ინტერესს კიდევ უფრო უღვივებდა.

,,საინტერესო იქნებოდა რომ მეკვლია ეს საკითხი და თან შემეხსენებინა უნივერსიტეტებისთვისა და სახელმწიფოსთვისაც, რომ ეს თემა ოდესმე უნდა იკვლიონ და ეცადონ პრობლემა აღმოფხვრან”, – ასე განმარტავს მაგდა თავის არჩევანს.

კვლევა, როგორც აღვნიშნეთ, მოიცავდა  ოთხ უმაღლეს სასწავლებელს (თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). სახელმწიფო  უნივერსიტეტებზე  ყურადღების შეჩერებას მაგდა ასე ასაბუთებს:  ეს პრობლემა ყველაზე მეტად მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ეხებათ, რადგან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს იშვიათად ექმნებათ მდგომარეობა, როდესაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი. მაგდას სურს, რომ ამ თემასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება ეტაპობრივად დაიწყოს და ახალგაზრდები, რომელთაც ნამდვილად უნდათ განათლების მიღება, უსახსრობის გამო არ რჩებოდნენ უნივერსიტეტს მიღმა.

კვლევა ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და  უნივერსიტეტებში საკმაოდ დატვირთულ პერიოდს დაემთხვა – სტუდენტებს ყველა იმ საკითხზე მუშაობა, რომელიც საკონფერენციო თემის მოსამზადებლადაა საჭირო (ინტერვიუები რესპონდენტებთან, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ჩატარება, პრეზენტაციის გაკეთება),  შუალედური გამოცდების პარალელურად უწევდათ, თუმცა შრომა დაფასდა და გამარჯვებით დაგვირგვინდა. ,,უდიდესი მნიშვნელობისაა მსგავსი პროექტები სტუდენტების განვითარებისთვის, რადგან თუ  ხარ აქტიური სტუდენტი, ცდილობ, განავითარო საკუთარი თავი  და, ინტერესების დაკმაყოფილებასთან ერთად, ფიქრობ იმაზე, რომ შენს დოსიეში აღინიშნებოდეს შენი მონაწილეობა მსგავს პროექტებში, რაც, ვფიქრობ, მომავალში ნაკლები  კითხვის ნიშანს გააჩენს ჩემი, როგორც კადრის მიმართ და არ გამიჭირდება სამსახურის შოვნაც”,- აღნიშნა მაგდამ.

მაგდა  კონფერენციაში მონაწილეობის მრავალი დადებითი ფაქტორიდან გამოყოფს კომუნიკაციის  გაღრმავებას  სტუდენტებთან  და სტიპენდიას, რომლის მიღებაშიც სწორედ ამ კონფერენციაზე  გამარჯვებამ ითამაშა დიდი როლი.

საკუთარ წარმატებაზე საუბრისას მაგდა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას  უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობაზე: ,,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, სადაც ხარ.  ჩემი  სოციუმი  დატვირთულია  ადამიანებით,  ვისაც  უყვარს  შრომა და აქტიური ცხოვრება. მე, პირადად, ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც მაკლია თსუ-საგან, სწორედ ამიტომაც ჩავატარე კვლევა ამ მიმართულებით, რომ ამ საკითხს მიექცეს ყურადღება, არა მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში”, – ამბობს იგი.

მაგდა განსაკუთრებული სიყვარულით გვესაუბრება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  შესახებ  და ბედნიერია, რომ ფაკულტეტის დეკანი არის სალომე დუნდუა. მისი აზრით, დეკანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტებს და ფაკულტეტის განვითარებას, ამიტომ თავს გრძნობს როგორც უსაფრთხო ჭერქვეშ: ,,სასიხარულოა, რომ ჩვენი ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე ,,ცოცხალი” და აქტიურია. ძალიან მომწონს, რომ ასე ამოქმედდა ფაკულტეტის სოციალური ქსელი და ქვეყნდება ფაკულტეტის  ყველა სიახლე, რაც დიდი სტიმულის მომცემია. ამ კონფერენციამდე მე გავხდი  გამარჯვებული  კონფერენციაზე,  რომელიც  გურიის  საგანმანათლებლო პოლიტიკას შეეხებოდა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა”, –  დასძინა მაგდამ.

აბიტურიენტები უკვე რეგისტრირდებიან სასურველ უნივერსიტეტებში და სწორედ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იმ სტუდენტების აზრი, რომლებიც აქ სწავლობენ  და კარგად იცნობენ უნივერსიტეტს. ცხადია, სოციოლოგიის მიმართულების ერთი სტუდენტი ვერ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ისაუბროს სრულიად უნივერსიტეტის მასშტაბებზე,  თუმცა  იმ  ფაკულტეტის მაგალითზე, რომელმაც დიდი გამოცდილება, ცოდნა, ურთიერთობები და თავდაჯერება შესძინა, მაგდა აბიტურიენტებს ურჩევს, რომ არჩევანი თსუ-ზე შეაჩერონ: ,,ჩემი აზრით, ისეთი ადამიანების გამო, რომლებიც ასწავლიან ჩვენთან,  საშიში  არაფერია,  პირიქით,  გაქვს  ყველანაირი კომფორტი, რომ მიიღო განათლება და სწორი კუთხით განვითარდე“, – გვითხრა მაგდამ და დასძინა, რომ სადაც არ უნდა მოხვდეს სწავლას მოწყურებული ადამიანი, მთავარია საკუთარი თავი აღმოაჩინოს, თსუ კი მათ დიდ მრავალფეროვნებას დაახვედრებს ამის მოსახერხებლად.

ნინო ჯანჯალაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn