დავით ფრანგიშვილი:  ცნობილი ვხდებით  არქეების ვირუსების კვლევითაც და წამყვან პოზიციებს ვიკავებთ

თარიღი: 2023-03-28 19:33:26

2023 წლის 22 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, Academia Europaeas-ს თბილისის განყოფილების აკადემიური დირექტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბილისის ახელმწიფო ნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის  დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია  – „არქეები და მათი ვირუსები, რაც ასახავდა სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წელ და ქართულგერმანულფრანგული თანამშრომლობის გამოცდილება. მეცნიერმა ლექციაზე მოკლედ მიმოიხილა 50-წლიანი სამეცნიერო კარიერა; ისაუბრა ქართულგერმანულფრანგულ სამეცნიერო კონტაქტებზე; აღნიშნა, რომ სამივე ქვეყნის მეცნიერების თანამშრომლობამ კვლევის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაშეუწყო ხელი.

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სხდომის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები თინათინ სადუნიშვილი, აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე, პროფესორი დიმიტრი კორძაია.  მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.

გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ლექციის შემდეგ გაესაუბრა ბატონ დავით ფრანგიშვილს:

– ბატონო დავით, რა იყო ის სიახლე, რითაც თქვენი 50-წლიანი სამეცნიერო კარიერა გამოირჩევა და რაზეც ყურადღება გაამახვილეთ ლექციაზე?

– ჩემი 50-წლიანი სამეცნიერო კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენს არქეების სამეფო, რომლის არსებობა ცოცხალ სამყაროში აღმოჩენილი იყო 70-იან წლებში. არქეების შესწავლა დავიწყე პრაქტიკულად მათი აღმოჩენისთანავე – სტაჟირებამ (რომელიც  არქეების კვლევის პიონერების ლაბორატორიებში გერმანიაში გავიარე) და, ასევე, ევროპელი კოლეგების ხელშეწყობამ საშუალება მომცა – საფუძველი ჩამეყარა არქეების კვლევისთვის საქართველოში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტში. ვიკვლევდი სპეციფიურად ჰიპერთერმოფილურ არქეებს – იმ არქეებს, რომლებიც ოპტიმალურად იზრდებიან უკიდურესად მაღალ ტემპერატურაზე – 70°C-ზე და ამის ზევით. სამუშაო იმდენად წარმატებულად წარიმართა, რომ 90-იანი წლების დასაწყისისთვის ჩვენმა ლაბორატორიამ არქეების კვლევების საერთაშორისო სივრცეში წამყვანი პოზიციები დაიკავა. ამ პერიოდის ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო იმ მოლეკულური თვისებების გამოვლენა, რომელთა საფუძველზე იკვეთებოდა არქეების ევოლუციური კავშირი უმაღლეს ორგანიზმებთან. ეს შეხედულება ბოლო წლებში გამყარდა და მეტი და მეტი არგუმენტი გროვდება იმაზე მითითებით, რომ უმაღლესი ორგანიზმები – ცხოველები, მცენარეები – შესაძლებელია არქეას შთამომავლები არიან.

90-იან წლებში შევცვალე ჩემი კვლევის მიმართულება. დავიწყე იმ ვირუსების შესწავლა, რომლებიც სპეციფიკურად ჰიპერთერმოფილურ არქეებს აინფიცირებენ და რომელთა შესახებ 90-იან წლებში პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი. ამ ვირუსებს ვსწავლობდი ჩემს ლაბორატორიებში, რეგენსბურგის უნივერსიტეტში, გერმანიაში და საფრანგეთში, პარიზის პასტერის ინსტიტუტში; ამავე დროს ვთანამშრომლობდი ქართველ ვირუსოლოგებთანაც. წლების განმავლობაში ჩემს თანამშრომლებთან ერთად დავდიოდით ექსპედიციებში ცხელ წყაროებზე სხვადასხვა ქვეყნების და კონტინენტების ვულკანურ ზონებში. ამ წყაროებიდან გამოვყავით უჩვეულო ვირუსების სამი ათეული ახალი სახეობა, რომელთა მორფოლოგიური მრავალფეროვნება მანამდე ბუნებაში არ ყოფილა დაკვირვებული და მოიცავდა ბოთლისებრ, ზამბარისებრ, თითისტარისებრ, ორ-საცეციან და სხვა უჩვეულო ფორმებს. შევისწავლეთ ვირუსების ჩვენი უნიკალური კოლექციის თვისებების ფართო სპექტრი – დაწყებული სტრუქტურული თავისებურებებიდან, დასრულებული ვირუსული ციკლის მახასიათებლებით და ეკოლოგიური ეფექტით.

– როგორ შეაფასებდით თქვენს წვლილს გერმანულ-ფრანგულ-ქართულ სამეცნიერო  თანამშრომლობაში?

ჩემ მიერ წარმართული გერმანულ-ფრანგულ-ქართული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, არქეების ვირუსები ჩამოყალიბდა, როგორც ახალი, დამოუკიდებელი და სწრაფად განვითარებადი კვლევის სფერო. ჩვენმა შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა შეხედულებები დედამიწაზე ვირუსების მრავალფეროვნების შესახებ, ვირუსების როლზე ეკოლოგიურ პროცესებში და მათ ევოლუციურ ისტორიაზე.

მართალია ჩემი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში დიდი გამოცდილება დავაგროვე ევროპულ სამეცნიერო სივრცეში მოღვაწეობით, მაგრამ თავს ვთვლი ქართველ მეცნიერად და ჩემი აღმოჩენები, რა თქმა უნდა, ქართული მეცნიერების მიღწევადაც ჩაითვლება – ეს ცხადყოფს, რომ მეცნიერებას საზღვრები არ აქვს. ამჟამად ვრჩები პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორად, მაგრამ ძირითადად საქართველოში ვმოღვაწეობ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოწვეული პროფესორი, Academia Europaeas-ს თბილისის განყოფილების აკადემიური დირექტორი და საქართველოს მიკრობიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. არქეების ვირუსების კვლევას კიდევ ვაგრძელებ.

აქამდე საქართველო ცნობილი იყო ბაქტერიების ვირუსების, ბაქტერიოფაგების კვლევითაც, ახლა კი ცნობილი ვხდებით  არქეების ვირუსების კვლევით და წამყვან პოზიციებს ვიკავებთ ზოგადად ყველა ტიპის მიკროორგანიზმის ვირუსების კვლევაში.

ამის დასტურია ის, რომ მიმდინარე წლის 2-7 ივლისს თბილისში ვატარებთ დიდ საერთაშორისო კონფერენციას მიკროორგანიზმების ვირუსების შესახებ. კონფერენცია ტარდება საქართველოს მიკრობიოლოგთა ასოციაციის და ევროპის მიკრობიოლოგთა ფედერაციის ეგიდით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და ელიავას ინსტიტუტის მონაწილეობით.

Facebook
Twitter
LinkedIn