ლეილა გეგუჩაძის გახსენება

თარიღი: 2023-03-24 18:14:10

გარდაიცვალა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი  პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ლეილა გეგუჩაძე.

ლეილა გეგუჩაძემ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ საუკუნის 10-იან წლებამდე, საშუალო სკოლის ოქროს მედლით  დამთავრების შემდეგ  სტუდენტობიდან თსუ-ს  ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორობამდე – გრძელი და  საინტერესო გზა გაიარა: ფილოლოგიის ფაკულტეტისა  და ასპირანტურის კურსის წარჩინებით   დამთავრებისა და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ (იხ. მისი მონოგრაფია – ,,მწკრივთა შესაძლო შეფარდებებისა და დროთა თანამიმდევრობის საკითხები რთულ კონსტრუქციებში”, თბილისი, 2005წ.) მოღვაწეობდა არა მხოლოდ თსუ-ს ახალი ქართული ენის კათედრაზე  (მასწავლებლად, დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად), არამედ ფილოლოგიის ფაკულტეტზე აქტიურ ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ მოვალეობებსაც ასრულებდა: იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; რედაქტორობდა თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერების შრომებს; იყო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის  – ,,ბურჯი ეროვნებისას” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჰუმანიტარული ფაკულტეტის საგამომცემლო კოლეგიის წევრი, ფილოლოგიის სპეციალობის დარგობრივი კომისიის ხელმძღვანელი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ქართული ენის დეპარტამენტის) ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი; ხელმძღვანელობდა საკანდიდატო დისერტაციებს; თანამშრომლობდა რესპუბლიკისა და ქალაქის პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტებთან:  ატარებდა პერიოდულ ლექციებს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის…

ლეილა გეგუჩაძეს  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უცხოელთათვის ქართული ენის სწავლების სფეროში: გარდა  მათთან პრაქტიკული მუშაობისა, მას გამოცემული აქვს ქართული ენის სახელმძღვანელოები უცხოელთათვის ინგლისურ და სპარსულ ენებზე.

ლეილა გეგუჩაძის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ის, რომ   თბილისის სამუსიკო სტუდიის დასრულების შემდეგ იგი ფორტეპიანოს პედაგოგადაც მუშაობდა; 1994  წლიდან  კი   დღემდე   თბილისის სასულიერო აკადემიაში   მოღვაწეობდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კათედრის  ძველი და ღვაწლმოსილი წევრის, პრინციპული და ჭეშმარიტი პედაგოგის, საიმედო კოლეგისა და მეგობრის, ქართული ენის გულშემატკივრისა და მუხლჩაუხრელი მოღვაწის – პროფესორ ლეილა გეგუჩაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.    

Facebook
Twitter
LinkedIn