საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები  ბავშვების ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების სტატისტიკური გამოკვლევა   

თარიღი: 2023-03-23 21:14:04

„საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები  ბავშვების  ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების  სტატისტიკური გამოკვლევა“   – ასე ჰქვია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტთა საერთო პროექტს, რომელიც არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ფართო საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. 

პროექტი  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის განხორციელებაში მონაწილე პირები არიან: ასოცირებული პროფესორი მარინა მუჩიაშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი), მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი მიქელაძე, კათედრის დოქტორანტი მარიამ ოქრუაშვილი და მაგისტრები ანა ვარამაშვილი და ნესტან ფანცულაია.

ბავშვები და მოზარდები განვითარების  უმნიშველოვანეს პერიოდს სკოლის გარემოში და საკლასო ოთახებში ატარებენ. მათ უწევთ მრავალფეროვან და განსხვავებულ სასწავლო რესურსებთან და სწავლების სტრატეგიებთან თუ მეთოდებთან შეხება. ეფექტური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო, საგანმანათლებლო და მასტიმულირებელი სივრცის შექმნა. ამ პროცესში კი აუცილებელია მათ  უნარ-ჩვევების განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რათა თავი იგრძნონ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად და სრულყოფილ წევრებად.  და ეს რომ ასე მოხდეს,  მნიშვნელოვანია საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონალური სირთულეების გამოვლენა, სწავლების უნარების შეფასება და ფუნქციური სირთულეების გავლენის დადგენა სწავლების უნარებზე, რასაც ზემოთ ნახსენები პროექტი შეისწავლის და გამოავლენს. თუ რა კვლევები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რამდენად მნიშვნელოვანია კვლევებით მიღებული შედეგების  გათვალისწინება –  ამ  საკითხებზე გვესაუბრება, პროექტის კოორდინატორი, ეკონომიკის დოქტორი  გიორგი მიქელაძე:

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების ნაციონალიზაცია და აიღო პასუხისმგებლობა მათი წარმოების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემაში თანასწორობის მაჩვენებლების გაანგარიშება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნაწილია, რაც ზრდის აღნიშნული კვლევის ჩატარების მნიშვნელოვნებას. განათლების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში განათლების შესახებ სტატისტიკური კვლევა (,,PISA 2018”) 2018 წელს ჩატარდა, თუმცა, საკითხის მგრძნობელობიდან და აღნიშნული პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობის განსაზღვრა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტის მიზანსა და  მნიშვნელობაზე  რას გვეტყვით?

პროექტის მიზანია საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონირების, საფუძვლიანი სწავლების უნარებისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ საერთაშორისოდ შესადარისი მაჩვენებლების გაანგარიშება. კერძოდ, დაგეგმილია საქართველოში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონალური სირთულეების გამოვლენა, სწავლების უნარების შეფასება და ფუნქციური სირთულეების გავლენის დადგენა სწავლების უნარებზე. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სტატისტიკური გამოკვლევა, კერძოდ, წინასწარ შემუშავებული კითხვარებით მოხდება შინამეურნეობებში მცხოვრები დედებისა და ბავშვების გამოკითხვა, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და ცხოვრების დონის შესახებ დამატებითი და უახლესი სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში განათლების სისტემის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ასევე ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან და დაკისრებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებას.

ემპირიული კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებელია მიღწეულ იქნას:

  • საქართველოში მცხოვრები ბავშვების განათლების დონისა და სწავლების უნარების შეფასება განსხვავებული კომპონენტებისა და მახასიათებლების მიხედვით;
  • ფუნქციური სირთულის არსებობის ზეგავლენის დონის გამოვლენა განათლებისა და სწავლების უნარების დაუფლებაზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს სპეციალური სამოქმედო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას სკოლებში ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებთან მიმართებაში;
  • ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების პრობლემების შეფასება და მოცემულის საფუძველზე მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მქონე ბავშვების სწრაფ ადაპტაციას მის გარშემო მყოფებთან, აღნიშნული დადებითად აისახება არა მარტო პრობლემის მქონე ბავშვებზე, არამედ მის თანატოლებზეც, რაც გაზრდის ადრეული ასაკიდანვე მოსწავლეთა თვითშეგნებასა და თანადგომის მოტივებს;
  • შეფასდეს საქართველოში ბავშვების სწავლების უნარები და შედარდეს სხვა ქვეყნის ანალოგიურ შედეგებს. რაც უზრუნველყოფს სასკოლო განათლებაში აუცილებელი რეფორმებისა და ცვლილებების საჭიროებებისა და მიმართულებების გამოვლენას;
  • კვლევის შედეგად გამოითვალოს მდგრადი განვითარების მიზნის ინდიკატორის (SDG 4.5.1: Parity indices (female/male, rural/urban, bottom/top wealth quintile and others such as disability status, indigenous peoples and conflict-affected, as data become available) for all education indicators on this list that can be disaggregated), ევროსტატის ინდიკატორის (overcrowding rate) და საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების სწავლების დონისა და საცხოვრებელი მდგომარეობის მახასიათებლები.

ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი შესაძლებლობების გარდა, მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებისათვის, რაც დამატებით შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს შედარებითი ანალიზი რამდენიმე ქვეყნის მდგომარეობის მაგალითზე, განისაზღვროს ქვეყნის განათლების სამოქმედო გეგმა და განვითარების შესაძლებლობები.

პროექტის შედეგების გათვალისწინებით განათლების პოლიტიკის გამტარებლებს ექნებათ საშუალება შეიმუშაონ განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება:

  • შეფასდეს სკოლებში ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებთან მიმართებაში სპეციალური სამოქმედო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება აღმოფხვრას განათლების მიღებაზე ფუნქციური სირთულის არსებობის ნეგატიური ფაქტორები;
  • ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების პრობლემების ანალიზის საფუძველზე მოხდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მქონე ბავშვების სწრაფ ადაპტაციას მის გარშემო მყოფებთან, აღნიშნული დადებითად აისახება არა მარტო პრობლემის მქონე ბავშვებზე, არამედ მის თანატოლებზეც, რაც გაზრდის ადრეული ასაკიდანვე მოსწავლეთა თვითშეგნებასა და თანადგომის მოტივებს;
  • საქართველოში მცხოვრები ბავშვების სწავლების უნარები შედარდეს სხვა ქვეყნის ანალოგიურ შედეგებს, გამოვლინდეს სასკოლო განათლებაში გასატარებელი აუცილებელი რეფორმები, ცვლილებების საჭიროება და მიმართულება.

დაგეგმილია გამოკვლევის შედეგების გავრცელება, როგორც ინტერნეტის, ასევე მისი დაბეჭდვა და გავრცელება სამეცნიერო საზოგადოების, კვლევითი ინსტიტუტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ასევე, კვლევის შედეგები პროექტის განხორციელების მომენტში პერიოდულად წარდგენილი იქნება სამეცნიერო კონფერენციებზე და გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში.

რაიმე მეცნიერულ სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ  პროექტის მსვლელობის დროს?

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნის ინდიკატორის (SDG 4.5.1: Parity indices (female/male, rural/urban, bottom/top wealth quintile and others such as disability status, indigenous peoples and conflict-affected, as data become available) for all education indicators on this list that can be disaggregated), ევროსტატის ინდიკატორის (overcrowding rate) გაანგარიშება, საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების სწავლების დონის შეფასება სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში (საცხოვრებელი პირობების, ფუნქციური სირთულეების, სქესის, ასაკისა და სხვა).

სწორი და ეფექტური განათლების სისტემის განვითარების გეგმა ხელს შეუწყობს ბავშვების სწავლების უნარების ამაღლებას, გაზრდის ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების განათლების დაუფლების შესაძლებლობებს, გამარტივდება ფუნქციური სირთულის მქონე საზოგადოების ადაპტაცია საზოგადოებაში, გაიზრდება მათი დასაქმების დონე, ამაღლდება საზოგადოების თვითშეგნება და სახელმწიფო არ დაკარგავს თითოეული ბავშვის ნიჭსა და ტალანტს გარემო ფაქტორების გამო. ყოველივე ზემოაღნიშნული განავითარებს ქვეყნის ეკონომიკის ყველა მეცნიერტევად სექტორს.

Facebook
Twitter
LinkedIn