ნელი სალაძის უნივერსიტეტი

თარიღი: 2023-03-23 17:58:24

საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში დასახელებული, ქართველი სპორტული ტანმოვარჯიშე, თსუ-ს კურსდამთავრებული ნელი სალაძე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“ წერილს უგზავნის, რომლის გამოქვეყნებაც გადავწყვიტეთ.

ჩემი უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი სალოცავი ტაძარია მათთვის, ვისაც აქ უსწავლია. მრავალი წელი გავატარე უნივერსიტეტში: დავამთავრე ბიოლოგიის ფაკულტეტი, შემდგომ დასავლეთ ევროპული (ინგლისური ენის განხრით). მრავალი წელი ვვარჯიშობდი პირველი კორპუსის სპორტ დარბაზში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სახელოვანი სპორტსმენის, ფიზკულტურის კათედრის გამგის  – ელენე მოკიელის თხოვნით დავრჩი სამუშაოდ კათედრაზე. ახლა ხშირად მიხდება გავლა უნივერსიტეტის წინ, რადგან იქვე ვცხოვრობ. გავდივარ და შინაგანად ვხარობ, როცა გამივლიან ჟივილ-ხივილით ახალგაზრდები და მეც, თითქოს ამდენმა წლებმა არ გაიქროლეს, მათთან ერთად ჩაბმული ვარ ამ სვლაში, მაგრამ, ალბათ, მაინც განსხვავდება ჩემი და მათი ემოციები – თუ რამდენად მათია უნივერსიტეტი და რამდენად  – ჩემი.

ერთი სიტყვით, მივიღე ქალბატონი ელენეს წინადადება და დავრჩი სამუშაოდ უნივერსიტეტში. დამრჩა განცხადების დაწერა. ბევრჯერ მიცინია, ამდენი მისწავლია, კარგი სკოლა, უნივერსიტეტი და აი, მოვედი კათედრაზე და არ ვიცი – როგორ დავწერო უბრალო განცხადება.  კათედრაზე ლაბორანტმა ქალბატონებმა  – ლილიმ და თამარამ დამაწერინეს: ,,გთხოვთ, მიმიღოთ საათობრივი ანაზღაურების წესით.“ შემდეგში თითქოს ვიმართლებდი თავს, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს, აბა საიდან უნდა მცოდნოდა ფორმულირება – ,,საათობრივი ანაზღაურების წესით“ ანაზღაურება მეტად მცირე რომ იყო. ყოველი თვის ბოლოს პირველი კორპუსის მეორე სართულზე პატარა ფანჯარასთან დგებოდა  თანამშრომლების უსაზღვრო რიგი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, ვათვალიერებდი გამვლელ-გამომვლელებში ვინ იყო ხალისიანი, ლაღი, სერიოზული, ჩაფიქრებული, ნელი, ჩქარი …   ძალიან გავერთე ყურებით, დროს ვერ ვგრძნობდი. უცბად დავინახე მოხუცი, რომელსაც ხშირად შეხვდებოდით უნივერსიტეტში. ალბათ უწინ მტკიცედ მიაბიჯებდა დერეფანში. ახლა მოკუნტული დადიოდა მომღიმარე სახით თავისი პატარა ცილინდრით და მზერით არ ტოვებდა გამვლელებს. თითქოს ეძებდა  – ვინ შეხედავდა, მიესალმებოდა, რაღაცას ეტყოდა, მაგრამ არავის ეცალა მისთვის. ვიდექი ჩუმად და ამ დროს რაღაც უფრო და უფრო ღვივდებოდა ჩემში. ჩავსახლდი მის სულში, მის ემოციებში. ,,ჩემია უნივერსიტეტი” –  იხედებოდა ის აქეთ იქით, ,,ჩემია უნივერსიტეტი”  –  მაგრამ პასუხი არ იყო, არავის არ ქონდა საქმე მასთან. ვუყურე, ვუყურე და შევშინდი, რომ არ შეცვალა გონება. ასე გაიარა და დავრჩი ჩაფიქრებული. რიგში დგომამ დამღალა, მაგრამ რიგის მადლიერი ვარ. გაიარა დამსახურებულმა უხუცესმა და ჩემი დგომა რიგში დამძიმდა, მაგრამ რას იზამ, რიგი რიგია… უცებ შორიდან დავინახე მოხუცი, რომელიც უკან ბრუნდებოდა. გამოვედი რიგიდან, წავედი შორს მოპირდაპირე მიმართულებით და დავიწყე სვლა მოხუცისკენ, მის შესახვედრად და როცა მას მივუახლოვდი, თბილი ღიმილით მივეგებე, მოვიკითხე, ისე ვესაუბრე, თითქოს კარგი ნაცნობი ვიყავი. მთავარი იყო რაღაცა მეთქვა. თითქოს სახე გაუნათდა, თითქოს წელში გაიმართა და ფეხქვეშ მყარი ფუნდამენტი იგრძნო. დავბრუნდი რიგში, გამყვა უცნაური კმაყოფილების გრძნობა. ვფიქრობდი – ალბათ მოხუცი ჩაძინებისას ხშირად იხსენებს უნივერსიტეტში განვლილ წლებს. და იმ დღესაც ალბათ იჩემებდა ,,აბა რა, ჩემია უნივერსიტეტი“ და ტკბილად დაეძინა. ამ ტკბილი ძილის ერთ-ერთი ავტორი შეიძლება მე ვიყავი.

P.S. ნელი სალაძე — სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში, სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული. მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი. მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

Facebook
Twitter
LinkedIn