სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი „პროექტების წერის ინტენსიურ სასწავლო კურსზე“ მიღებას გამოაცხადებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი „პროექტების წერის ინტენსიურ სასწავლო კურსზე“ მიღებას გამოაცხადებს. ცენტრი „პროექტების წერის ინტენსიურ სასწავლო კურსს“ ყოველსემესტრულად ატარებს, თუმცა, ამჯერად, კურსი უშუალოდ თსუ-ს სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში განაცხადების მიღებამდე ჩატარდება.
ტრენინგები მარტის ბოლოსა და აპრილის პირველი კვირის პერიოდშია დაგეგმილი. პროექტი თსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კვლევითი პროექტის წერის უნარების შესწავლას ითვალისწინებს, რაც როგორც საუნივერსიტეტო პროექტების დაფინანსების, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც ვარ. 2023 წლის სტუდენტური პროექტების დაფინანსების პირველ კონკურსზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის განაცხადი შემოვიდა. ცხადია, იყო გამორჩეული პროექტები, რომლებიც დაფინანსდა, თუმცა, საერთო ხარვეზი, რომელიც უმრავლესობას ახასიათებდა, იყო პროექტის ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართაობა. სტუდენტური პროექტების დაფინანსებისას უნივერსიტეტის მიზანია – წარმოდგენილი იდეა კონკრეტულ შედეგზე იყოს ორიენტირებული, რაც სასარგებლოა როგორც სტუდენტისთვის, ისე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის, თუმცა იმისათვის, რომ იდეა აქციო რეალობად, აუცილებელია პროექტის წერის ცოდნა. ვვარაუდობთ, რომ ბევრი სტუდენტი შესაძლოა ამ უნარების არქონის გამო ვერ მონაწილეობს კონკურსში. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული ჩვენი ტრენინგ-კურსი, 15 აპრილს დაიწყება საკონკურსო განაცხადების მიღების მეორე ეტაპი და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე პროექტის წერის სასწავლო კურსის გავლა. კვოტა შეზღუდული არ არის. აქვე აღვნიშნავ, რომ ის სტუდენტები, რომლებმაც აღნიშნული ტრენინგები წინა წლების განმავლობაში გაიარეს, დღეს უკვე არა ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წერენ პროექტებს“, – განმარტავს თსუ-ს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი.