ბავშვთა ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგია საქართველოში
კვლევის შუალედური შედეგები
როგორია ბავშვთა ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგია და ტენდენციები საქართველოში? – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დოქტორანტი ქეთევან ახობაძე საკითხს 2018 წლიდან იკვლევს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისას, ერთი ჰოსპიტლის – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების 4 თვის მონაცემების საფუძველზე განახორციელა, აჩვენებდა, რომ ბავშვთა ტრავმატიზმით მიმართვიანობის უმეტესი ნაწილი ვარდნის შედეგად იყო გამოწვეული, აქედან პაციენტების დაახლოებით 30%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამ დროისთვის, ქეთევან ახობაძის კვლევა, საქართველოს მასშტაბით, ბავშვთა ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიის შესწავლას ითვალისწინებს. კვლევის პერიოდი 2015-2020 წლებს მოიცავს. დოქტორანტი, ახალი ინფორმაციის მიღების მიზნით, ბოლო ორი წლის სტატისტიკური მონაცემების დამატებასაც გეგმავს. საკითხის კვლევა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს. იგეგმება გარდაცვალების რეესტრში შესული მონაცემების ანალიზიც, თუმცა კვლევის შუალედური შედეგები – თუ როგორია საქართველოში ბავშვთა (ნულიდან 15 წლამდე და მოზარდთა – 15-დან 19 წლის ჩათვლით) ტრავმატიზმის სტატისტიკა და, დაახლოებით, რა მიზეზებით ხდება ტრავმების მიღება, უკვე ცნობილია.
„ზოგადად, ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიის მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ამ დროისთვის კვლევა გვიჩვენებს, რომ ტრავმის მიღების მიზეზი ბავშვების ვარდნაა, სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი – ავტოსაგზაო შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრებულია. ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბითაც, ავტოსაგზაო შემთხვევები, 10-დან 19-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ასევე, საქართველოში ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტად სჭირდება 1-დან 4 წლამდე ბავშვებს. სქესობრივ განსხვავებას რაც შეეხება, ტრავმის მიღების თვალსაზრისით, 5 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში თანაბარი პროცენტულობაა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ბიჭების შემთხვევაში ტრავმების რაოდენობა გაცილებით მეტია, რაც მათი ქცევისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. 14 წლიდან იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების მიღების მაჩვენებელიც.
ასევე აღსანიშნავია, რომ 5 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დიდია მოწამვლისა და დამწვრობის მიზეზით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. მოწამვლა, ძირითადად, განპირობებულია იმ შხამ-ქიმიკატების შემცველი საშუალებებით, რასაც ოჯახში ვიყენებთ და, ასევე, მედიკამენტებით – ფსიქოტროპული, კარდიოვასკულარული და ანტიეპილეფსიური საშუალებებით“, – აღნიშნავს ქეთევან ახობაძე.
კვლევის ავტორის ინფორმაციით, ცალკე პრობლემას საქართველოში არასრულყოფილად შევსებული მონაცემთა ბაზები წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრებისთვის არასაკმარის ინფორმაციას მოიცავს. რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული ტრავმის მიღების მიზეზი, ადგილი, რაც სპეციალისტებს შედეგზე ორიენტირებული პრევენციული ზომების გატარების მიზნით ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას არ აძლევს.
„ცოტა რთულია – ექიმს დაავალო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, რადგან მათ საკუთარ მოვალეობებზე კონცენტრირება სჭირდებათ. შესაბამისად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სხვა კადრმა შეითავსოს ეს ფუნქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სამომავლოდაც ვერ მივიღებთ კვლევისთვის საჭირო ამომწურავ ინფორმაციას“, – განმარტავს ქეთევან ახობაძე.
ქეთევან ახობაძის თქმით, კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვებისას საქართველოში ტრავმატიზმის სტატისტიკამ, რომელიც 2019 წლამდე მზარდი ტემპით ხასიათდებოდა, კლება დაიწყო. შესაბამისად, ბოლო ორი წლის ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რეესტრის მონაცემების ანალიზი საქართველოში ბავშვთა ტრავმატიზმის ეპიდემიოლოგიის შესახებ სურათს უფრო მკაფიოს გახდის.
ამ დროისთვის, ქეთევან ახობაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის სტატუსით ტრავმატიზმის პრევენციის შესახებ ლექციებსაც კითხულობს.