ლევან დარბაიძის საჯარო ლექცია თემაზე – ,,დამოუკიდებელი მოსამართლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“
14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებაა ,,სივრცე 037“-ის მოწვევით უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის, კავკასიის უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, სამართლის დოქტორის ლევან დარბაიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – ,,დამოუკიდებელი მოსამართლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“.
როგორც პროფესორი ლევან დარბაიძე აღნიშნავს: ,,ძალიან დიდია დამოუკიდებელი მოსამართლის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რადგან შეუძლებელია დემოკრატიის განვითარება დამოუკიდებელი და მიუკერძოებული სასამართლოს სისტემის გარეშე. დამოუკიდებელი სასამართლო, ზოგადად, წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი – როცა მივა სასამართლოში, იქ დახვდება პროფესიონალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული მოსამართლე, რომელიც დაეხმარება მას სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტაში. საერთოდ, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობა წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძირითადი უფლების სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კერძოდ მე-6 მუხლი ადგენს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებულმა მოსამართლემ. შესაბამისად, ეს ღირებულება არა მხოლოდ სახელმწიფოს და დემოკრატიის ნაწილია, არამედ ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებას, რაც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დამოუკიდებელ სასამართლოს“.
პროფესორი ლევან დარბაიძე საუბრობს ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაზე და ამბობს: ,,ინსტიტუციური დამოუკიდებლობა – ეს მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა – რა ინსტიტუციურ გარანტიებს შექმნის იმისათვის, რომ მოსამართლემ განახორციელოს ობიექტური, დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ინსტიტუციურ დამოუკიდებელობასთან ერთად ჩვენ უნდა ავირჩიოთ და თანამდებობაზე განვამწესოთ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად პიროვნულად დამოუკიდებელი ადამიანები. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისუფალი იქნებიან ყოველგვარი გავლენისგან, ყოველგვარი ზემოქმედებისგან და გამოიჩენენ მედეგობას, ასე ვთქვათ, სიმტკიცეს ნებისმიერი სხვადასხვა გამოვლინების მიმართ, რაც შეიძლება მის საქმიანობაში ჩარევას უკავშირდებოდეს“.
პროფესორს მოჰყავს ევროპის ქვეყნების და ამერიკის მაგალითი იმის კიდევ ერთხელ სადემონსტრაციოდ, რომ ყველა მნიშვნელოვანი სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი პრობლემა სახელმწიფოში, საბოლოოდ, წყდება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ.
,,მაგალითად, გავიხსენებდი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგების პროტესტს. მახსოვს, იყო გარკვეული შეტევაც თეთრ სახლზე და ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია ამან. საბოლოოდ, ეს პრობლება გადაწყვიტა დამოუკიდებელმა სასამართლომ. სასამართლოს გადაწყვეტილებამ აბსოლუტურად დაამშვიდა საზოგადოება. სასამართლოს დასაბუთების და არგუმენტაციის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს იმ საზოგადოებამაც მიიღო, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდა. მეორე მაგალითია ,,ჯორჯ ფლოიდის საქმე“ – ესეც ამერიკაში მოხდა, როდესაც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან მოქალაქეს კისერზე ფეხს აჭერდა და გარდაიცვალა, სამწუხაროდ. ამას ძალიან დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში – იყო გამოსვლები, რასაც ვანდალიზმის ფაქტებიც ახლდა, მაგრამ ეს ვნებათაღელვა სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ჩააცხრო: გაიმართა ამ საქმის გამჭვირვალე განხილვა და ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს სამართლიანი ვერდიქტი, შემდეგ მოსამართლემ დამნაშავეს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა და ამით საზოგადოება დამშვიდდა. დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო, რომელსაც მტკიცედ აქვს არჩეული დემოკრატიული განვითარების კურსი, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნისათვის“, – განაცხადა ლევან დარბაიძემ.
თემები, რომელზეც საუბრობს, ნაწილია საგნისა – „სამოსამართლო ეთიკა“, რომელსაც პროფესორი სტუდენტებს უკითხავს და სასამართლოს დამოუკიდებლობის როლს ასწავლის მათ. ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც აქცენტი გადაგვაქვს ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითვალისწინებს. სწორედ ამ გეგმის ნაწილია სასამართლოს რეფორმა.
ღონისძიების ორგანიზატორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს და სტუდენტური გაერთიანება ,,სივრცე 037“-ის წარმომადგენელს ნიკა ტომასიანს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესორისა და გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ლევან დარბაიძის ლექციის მნიშვნელობა და ამბობს: ,,ჩვენთვის ძალიან ცნობილი და ცხადია, რომ დამოუკიდებელი მოსამართლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში არის ფუნდამენტური, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი პრინციპები სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე გადის, სხვანაირად ვერ მოხდება ურთიერთბალანსი და შეკავების პოლიტიკა სახელმწიფო შტოებს შორის. შესაბამისად, მომავალი იურისტებისთვისაც მსგავსი ტიპის ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე, დამოუკიდებელი იურისტების გარეშე ვერ აშენდება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებების სიმრავლე განაპირობებს შემდგომში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას და სწორედ აღნიშნულს ემსახურება ეს ღონისძიებაც“.
დამსწრე აუდიტორიას წარმოადგენდნენ როგორც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები, მათ შორის, პრაქტიკოსი იურისტებიც.
როგორც ჩვენთან საუბარში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ირმა ხარშილაძემ განაცხადა, ,,თუ ჩვენ დღევანდელ გამოწვევებს შევეხებით, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკისა და მეცნიერების ერთად თანაარსებობა. ჩვენ ეხლა გვქონდა კიდევაც ციკლი – პრაქტიკის გამოწვევები: მრგვალი მაგიდა, დისკუსია – როგორი გამოწვევებია ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკაში და როგორ აისახება ის თეორიაში. ამ ორი კომპონენტის ჰარმონიული თანაცხოვრება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ პრობლემები იქნება. ბატონი ლევანის საჯარო ლექციაც ამას ემსახურება, რომ თავად სასამართლოს როლიც იყოს მაღალი, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ახალგაზრდებთან, ასეთ საჯარო ლექციებს თავისი დადებითი კვალი ,,მოჰყვება“.
ქალბატონმა ირმა ხარშილაძემ თავისი საყვარელი ყოფილი სტუდენტი – ლევან დარბაიძე ასე დაახასიათა: ,,ლევანი ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო, მას ჰქონდა ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ დაეკავებინა ასეთი ღირსეული პოზიცია და ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა თავიდანვე საჯარო სამართლის მიმართულებით. ბატონმა ლევანმა, ასევე, კარგი განათლება მიიღო სტუდენტობის პერიოდში, ის ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქიდან რომ ჩამოვიდა, გამაცნო – როგორი იყო იქ სწავლების მეთოდები, რა მოეწონა? იგი ყოველთვის მოტივირებული იყო იმისთვის, რომ სწავლების პროცესი, ასე ვთქვათ, თსუ-შიც კიდევ უფრო მეტად დახვეწილი ყოფილიყო. თავისი ბუნებით ის არის აქტიური და ყველგან, სადაც ის შემდგომ უკვე მსახურობდა, ყოველთვის ჩვენ გვქონდა აქტიური მეგობრობა, რადგან იურისპრუდენცია – ეს არის მთელი ცხოვრების თანამეგობრობა ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე“.