თსუ-ს მეცნიერები შუასაუკუნეების ლეჩხუმის კულტურულ მემკვიდრეობას შეისწავლიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვეს პროექტისთვის – „ლეჩხუმი: შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა“.
პროექტი სამწლიანია და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან: ნათელა ჯაბუა, პროექტის ხელმძღვანელი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; თამარ ლეთოდიანი, კოორდინატორი, თსუ-ს დოქტორანტი; ზაზა სხირტლაძე, მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დირექტორი; ნინო შიოლაშვილი, მკვლევარი, ისტორიის დოქტორი; ჯულია ბენიძე, თსუ-ს დოქტორანტი; ერიკ თუნო, უცხოელი კონსულტანტი, პროფესორი.
პროექტის საკვლევ ობიექტს წარმოადგენს ლეჩხუმის შუა საუკუნეების საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობები, სიძველეთსაცავებში დაცული რელიქვიები (ხატები, ჯვრები და ხელნაწერები), რომელთა სისტემური სამეცნიერო შესწავლა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.
რეგიონის ჰიდრო პოტენციალის გამოყენების საკითხმა ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახადა და დროული კვლევების ჩატარების აუცილებლობა კიდევ უფრო საშურ საქმედ წარმოაჩინა.
პროექტი ითვალისწინებს ძეგლების რაოდენობრივ-თვისობრივი მახასიათებლების დაფიქსირებას და ფოტოფონდების, საარქივო დოკუმენტების, მეცნიერთა პირადი არქივების მიხედვით კვლევას. ამავდროულად, განხორციელდება მათი დღევანდელი მდგომარეობის ფიქსაცია (ძეგლის აზომვა/ფოტოგადაღება/სქემების გადმოღება), ჩატარდება ძეგლების აღწერა-ანალიზი, აღინუსხება არქივებში დაცულ დოკუმენტებში დაფიქსირებულ მდგომარეობასთან შედარებითი ცვლილებები.
როგორც პროექტის აღწერით ნაწილშია მოცემული, „საარქივო და საველე პირობებში მოპოვებული მასალების შესწავლა-შეჯერების შემდგომ დადგინდება ლეჩხუმის შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიანი ნუსხა და მოხდება მათი სათანადო კვლევა-ანალიზი; შეირჩევა საკითხი და გამოქვეყნდება სტატია საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად ჟურნალში; მოეწყობა გამოფენები თბილისსა და ცაგერში; კვლევის საბოლოო შედეგები აისახება შემაჯამებელ ნაშრომში – ელექტრონულ და მის ანალოგ ნაბეჭდ წიგნში, სადაც წარმოდგენილი იქნება მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობილი ფუნდამენტური კვლევა. შედეგად, სამეცნიერო მიმოქცევაში მოექცევა ძალზე ღირებული ინფორმაცია, რომელიც უდავოდ დიდ წვლილს შეიტანს როგორც კონკრეტული რეგიონის, ასევე, ზოგადად, ქართული ხელოვნების კვლევის საქმეში“.
აღნიშნული პროექტი პირველი მცდელობაა ლეჩხუმის შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის მასშტაბური კვლევა-წარმოჩენისა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნაკლებად შესწავლილი მხარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენას, მომიჯნავე კუთხეებთან ურთიერთმიმართების გამოვლენას და ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიული პროცესების შესწავლაში მისი როლის უკეთ გააზრებას.
პროექტის განხორციელება მოხდება ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდებით. გამოყენებული იქნება ისტორიოგრაფიული მეთოდი (ლეჩხუმის რეგიონის ისტორიულ–გეოგრაფიულ ჭრილში განხილვა და მისი ბუნებრივი მახასიათებლების ხაზგასმა) და სახელოვნებათმცოდნეო მეთოდი (არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშების შესწავლისას მათი აღწერის, ანალიზის, პარალელურ ძეგლებთან ურთიერთშედარების და მხატვრულ–სტილისტური მახასიათებლების გამოვლენის პროცესში).
აღსანიშნავია, რომ, გარდა სამეცნიერო ღირებულებებისა, პროექტი პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, რაც ეხმიანება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ მიმართულებას – ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას.
პროექტის თანამონაწილეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს – გამოიყენონ მისი სამუშაო და საგამოფენო სივრცეები და საბიბლიოთეკო რესურსი, ხოლო ფიზიკური პირის – მაკა ასათიანის თანამონაწილეობით პროექტის ავტორები შეძლებენ შუა საუკუნის ლეჩხუმის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ წიგნის გამოცემას.