ქართული და ევროპული ღვინის წარმოების რეგულაციების პირველი შედარებითსამართლებრივი კვლევა

თარიღი: 2023-03-07 14:30:15

ქართულ სამეცნიერო სივრცეში პირველად ქართული და ევროპული ღვინის წარმოების რეგულაციების შედარებითი ანალიზი ჩატარდა. კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორმა ნიკოლოზ ფარსადანიშვილმა სადისერტაციო ნაშრომის – „ქართული და ევროპული ღვინის წარმოების სამართლებრივი რეგულირების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“ – ფარგლებში განახორციელა.  დისერტაციის დაცვა 24 თებერვალს გაიმართა. ნაშრომის ხელმძღვანელი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილია. 

როგორც ნაშრომის აბსტრაქტშია აღნიშნული, „შესწავლილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ღვინის წარმოების საწყისები ძველ დროში და მათი გავრცელება სხვადასხვა ტერიტორიაზე. დისერტაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა რომის სამართლის წვლილს იმ რეგულაციების შემუშავებაში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ღვინოს. გარდა ამისა, კვლევის ძირითადი მიზნებისთვის დისერტაცია შეისწავლის  ღვინის წარმოების რეგულაციების განვითარების ტენდენციებს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე, განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია ევროპის წამყვან მეღვინეობის ქვეყნებსა და საქართველოზე, როგორც ღვინის საერთაშორისოდ აღიარებულ სამშობლოზე“.

„ნაშრომი ავსებს საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციულ სიმწირეს ღვინის წარმოების რეგულაციების მიმართულებით, რადგან, ჯერ-ჯერობით, ეს საკითხი ფართოდ შესწავლილი და ისტორიული თვალსაზრისით განხილული არ არის. დისერტაცია ყურადღებას ამახვილებს ქართული და ევროპული ღვინის წარმოების რეგულირებაზე 1920-იანი წლების დასაწყისიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე.

ევროპისა და საქართველოს რეგულაციათა შედარებითმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ კანონშემოქმედებითი საქმიანობა სწორი მიმართულებით განახორციელა, შეიმუშავა და შემდგომში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ეტაპობრივად მოჰყავდა ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც დამატებით კვლევას საჭიროებს.  

სამომავლო მიზანია განხორციელდეს საქართველოს ღვინის წარმოების რეგულაციათა ანალიზი 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან დღემდე“, – განმარტა ნიკოლოზ ფარსადანიშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn