ქართული  პანდემიური  და პოსტპანდემიური  რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა

თარიღი: 2023-03-06 19:36:25

ფუნდამენტური კვლევის ფარგლებში ანთროპოლოგთა სამეცნიერო ჯგუფი სწავლობს რეალობას, რომელიც პანდემიის დადგომის შემდგომ შეიქმნა და ყველაფერი ჩვეული და ტრადიციული საფრთხის ქვეშ დააყენა.  ქართველი მეცნიერების მიერ ახალი რეალობის კვლევის მნიშვნელობა სცდება ვიწრო დარგობრივ ინტერესს და ფართო სამეცნიერო მნიშვნელობას იძენს. სემინარი,,ქართული  პანდემიური  და  პოსტპანდემიური  რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა” თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის  – ,,კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა” –  ფარგლებში გაიმართა.  თსუ-ს მკვლევართა ჯგუფმა  ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.  ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: თსუ-ს პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, პროექტის ხელმძღვანელი, ანთროპოლოგიის დოქტორი თეა ქამუშაძე,პროექტის კოორდინატორი, ანთროპოლოგიის დოქტორი გიორგი ჭეიშვილი, ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი თამილა კოშორიძე. პროექტში ასევე ჩართულია თსუ-ს ანთროპოლოგიის დოქტორანტი თამარ ანთაძე, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ ესწრებოდა სემინარს და რომელმაც იმუშავა პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების გამოწვევებზე.

Covid 19 პანდემიამ მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა და ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები საჯარო სივრციდან სრულად ვირტუალურ სამყაროში გადაიტანა. პანდემიამ ასევე სრულიად შეცვალა ადამიანური ურთიერთობები: შიში, აგრესია, იზოლაცია, დეპრესიული ფონი – ეს ყველაფერი თან ახლავს პანდემიას.  პანდემიამ ამავე დროს გვიბიძგა იმისკენ, რომ გვეფიქრა და გვეაზროვნა ახლებურად,  ახალი გზები და გამოსავალი გვეპოვნა   ყველა ჩიხიდან.

ვირუსის არაპროგნოზირებადი ბუნების გამო ჯერ კიდევ რთულია მსოფლიოზე მისი გავლენის სრული ანალიზი და შეფასება, მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ არასოდეს ყოფილა პანდემიის მიერ გამოწვეულ ცვლილებებსა და შედეგებზე მსჯელობა ისე აქტუალური ფართო საზოგადოებაში, როგორც ამჟამად –  ეს ამ სემინარზეც ნათლად გამოჩნდა.

 „ვირუსმა, სახელად COVID-19 მთელ მსოფლიოს თვალნათლივ აჩვენა ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში სხვადასხვა ერები განსხვავებულად რეაგირებენ და იქცევიან. ზოგადად, ამა თუ იმ ერის ქცევას, იმას, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური ერთობა, სუბკულტურა ისე, როგორც იქცევა, ანთროპოლოგია შეისწავლის. ანთროპოლოგები ინტერესდებიან იმით – რა კულტურული მახასიათებლებით გამოირჩევა სხვადასხვა საზოგადოება… სოციალური ცვლილებები გავლენას ახდენს ადამიანზე,  რაც აშკარაა პანდემიის კონტექსტში, რამაც გამოიწვია ახალი ჩვევების შესწავლა და ცხოვრების წესში ჩართვა.  მეორე მხრივ, ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესმა ასევე დატოვა კარგად ჩამოყალიბებული რუტინები. შეიცვალა სოციალური ურთიერთობის ფორმები და სხვებთან შეხვედრის აღქმის გზა. ამრიგად, ანთროპოლოგია არის დისციპლინა, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, – განაცხადა სემინარზე ახალგაზრდა ანთროპოლოგმა, პროექტის კოორდინატორმა გიორგი ჭეიშვილმა, რომელმაც ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

კოვიდპანდემიის გავლენა სასაზღვრო ურთიერთობებზე და პოსტკოვიდური  რეალობა“- ამ მოხსენებით წარსდგა მსმენელის წინაშე პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.

„კვლევის მიზანი იყო გაგვეანალიზებინა სახელმწიფო საზღვრებზე დადგენილი პანდემიური რეგულაციების გავლენა სასაზღვრო ურთიერთობებზე და პოსტკოვიდურ ეტაპზე ქცევის მოდელების ცვლილება. კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლო საზოგადოებაზე ყველა თვალსაზრისით. ეს შეეხო საზღვრებსა და სასაზღვრო ურთიერთობებსაც. პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო მთელი რიგი აკრძალვებისა და რეგულაციების დაწესება, რომელთაგან საყოველთაო მითითება იყო ადამიანთა შორის ურთიერთობების შეზღუდვა, ფიზიკური დისტანციის დაცვა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. სახელმწიფოებმა დაიწყეს სახელწიფო საზღვრების დაკეტვა. თუმცა, ცხადია, სრულად იზოლირება შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური მიზეზების გამო“, – განაცხადა  პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, რომელმაც საქართველოს საზღვრებზე დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და ამ შეზღუდვებით გამოწვეულ ცვლილებებზე, რომელიც მოსახლეობის ქცევასა და ნაწილობრივ ღირებებულებებზეც აისახა.  „ადამიანთა ქცევასთან ერთად შეიცვალა მათი წარმოდგენები და ნაწილობრივ ღირებულებები. დაკეტვის პერიოდი რიგ შემთხვევებში (სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვები პუნქტი, ვალეს გამშვები პუნქტის საზღვარი გადაღმა მხარე) დაიწყო და განხორციელდა ინფრასტრუქტურული რეკონსტრუქცია. სასაზღვროს ზოლის მიმდებარე ტერიტორაზე მცხოვრებთა ყოფა იმის მიხედვით შეიცვალა, თუ მანამდე რამდენად იყო დამოკიდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა პანდემიური რეგულაციების გამო საზღვრის ჩაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობისათვის აფხაზეთის კონფლქტის ზონის ტერიტორიაზე, რასაც პროტესტიც მოჰყვა. ვირუსის შესახებ მეტი ცოდნის დაგროვებასთან ერთად ვითარებაც ცვალებადი აღმოჩნდა, ადამიანები ადაპტირდნენ დროის გამოწვევებთან. პოსტკოვიდურ ეტაპზე, როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, აღდგა მანამდელი ქცევის მოდელი, თუმცა, მატერიალური ნიშნები (ბანერები, დისტანციის დამდგენი ნიშნები და სხვ.) კვლავ შეგვახსენებენ ახალ წარსულს“, – განაცხადა პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა.

თუ როგორ გაუმკლავდა სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი კოვიდ პანდემიის გამოწვევებს, ამის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ეთნოლოგიის დოქტორმა  თამილა კოშორიძემ. როგორც  ეთნოლოგმა აღნიშნა, მუზეუმი პანდემიის გამო  ყველა სხვა ინსტიტუციის მსგავსად უცბად, მოუმზადებლად  დაიკეტა.  სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული მისი სპეციფიკა – არ მომხდარა ფონდსაცავისა და საგამოფენო სივრცის მომზადება  გრძელვადიანი დახურვისთვის (ვენტილაცია, ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინება და სხვ), რამაც შემდგომში გარკვეული  პრობლემები შექმნა.  

 „2020 წლის გაზაფხულამდე გორის მუზეუმის  საქმიანობა ტრადიციული პარადიგმის ჩარჩოებში ხორციელდებოდა. კოვიდრეალობამ კი ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა: დამდგარმა კრიზისულმა სიტუაციამ მოგვცა საშუალება  – მეტი გვეფიქრა და გამოწვევა შესაძლებლობად გვექცია“, – განაცხადა ეთნოლოგიის დოქტორმა  თამილა კოშორიძემ,  რომელმაც   2020-2022 წლებში  მუზეუმში განხორციელებულ 2 საერთაშორისო და ერთ ადგილობრივ პროექტზეც ისაუბრა,  რომელიც პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებსა და აქტივობებს კოვიდ შეზღუდვების დროსაც აგრძელებდა.  მუზეუმში განხორციელებულმა  სასიკეთო ცვლილებებმა  დისტანციურად საქმიანობის საშუალება მისცა მუზეუმის თანამშრომლებს.  მუზეუმის განახლებისა და გახსნისთვის  მზადება აქტიურად მიმდინარეობდა. 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდსიტუაციის გამო მუზეუმი დაკეტილი გახლდათ,  2020 წლის ზაფხულიდან  შესაძლებელი გახდა   შენობის  სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცის დაწყება, რასაც გორის მუზეუმი დიდი ხანია ელოდა.   ერთი წლის განმავლობაში მუზეუმის შენობაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა გარე ფასადი, ეზო  და არქეოლოგიის საცავი. ასე იქცა  პანდემიის გამოწვევა შესაძლებლობად  – განახლებულ  მუზეუმში მიგვეღო ტურისტები“, – განაცხადა თამილა  კოშორიძემ, რომელმაც ზემოთ აღნიშნული აქტივობები  მოსახლეობისთვისაც  მნიშვნელოვნად წარმოაჩინა.  „მოსახლეობისათვის – მუზეუმის ეზოსა და შენობაში მიმდინარე სამუშაოები იძლეოდა იმედს და მოტივაციას,  რომ კოვიდპანდემიური კრიზისი დაიძლეოდა და  საზოგადოება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებოდა – ჩაკეტილი მუზეუმი არ ჩერდებოდა და  ემზადებოდა გახსნისათვის“, – განაცხადა მუზეუმის ხელმძღვანელმა თამილა კოშორიძემ.

საქართველოში გავრცელებულმა პანდემიამ მუნიციპალიტეტებში განვითარების პროცესების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. ქალაქ მარნეულში 2020 წლის  გაზაფხულის დასაწყისიდან    გამოცხადდა მკაცრი საკარანტინე რეჟიმი. აქ, ფაქტობრივად, პირველად განხორციელდა მკაცრი კარანტინი, თუმცა მისი მოწყობის გამოცდილება არ არსებობდა. ანთროპოლოგიის დოქტორმა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა თეა ქამუშაძემ მარნეულში  პანდემიის შედეგად გამოწვეულ ცვლილებებსა და თავისებურებებზე ისაუბრა.  „მარნეული სპეციფიკური მუნიციპალიტეტია, სადაც ეთნიკური უმცირესობა უმრავლესობას წარმოადგენს. პანდემიამ აქ სულ სხვა კითხვები გააჩინა და, შესაბამისად, ეს შემთხვევა ძალიან  საინტერესოა. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე  პანდემიის დროს პირობითმა საზღვარმა მარნეულსა და დანარჩენ საქართველოს შორის. მარნეულის ჩაკეტვამ მძაფრად წარმოაჩინა ის საკითხები,  რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისევ დგას. ეს არის ინტეგრაცია, ენის ფლობის საკითხი და  სხვა უამრავი რამ,  რაც დღესაც პრობლემურ საკითხად რჩება. ქვეყანაში დაძაბულობა და შიშები ჭარბობდა, თუმცა ეს ვერაფრით ახსნის იმ აგრესიასა და სიძულვილის ენას, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები თავს ესხმოდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს და  შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.  მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან, ინფორმაციის დეფიციტი ჰქონდათ.  ეს  ხარვეზი გამოსწორდა და  ინფორმაციების გავრცელება  აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზეც მოხდა“, – აღნიშნა თეა ქამუშაძემ, რომელმაც  ქსენოფობიაზე, ტოლერანტობაზე, მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და  მსმენელს ცალკეულ   მაგალითებზეც  ესაუბრა, რომელიც  მოსახლეობასთან საუბრის დროს მოისმინა. 

„ანთროპოლოგიური ხედვა გულისხმობს როგორც უნივერსალური, ისე ძალიან კონკრეტული თვისებების გამოყოფასა და გაანალიზებას შესაბამის კონტექსტებში. ასეთ განსაკუთრებულ კონტექსტად შეიძლება განვიხილოთ სწორედ კოვიდ პანდემია. გლობალურ სამყაროში, განუზომელ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ყველა მოვლენა ხალხს, ჯგუფებს კიდევ უფრო ურთიერთ დამოკიდებულს ხდის. ამ თვალსაზრისით კოვიდ პანდემიის გამოცდილებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მან კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი, მისი ზემოქმედების ფაქტორი და მნიშვნელობა. თუმცა პანდემიურ რეალობასა და ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომებზე რეაგირება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან განსხვავებულად შეიძლება დავინახოთ“, – განაცხადა თეა ქამუშაძემ, რომელიც მარნეულის მოსახლეობისთვის კიდევ რამდენიმე მტკივნეულ საკითხს შეეხო.  

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება თსუ-ს ბაზაზე და მასში ჩართულები არიან თსუ-ს ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები. პროექტი გრძელდება და, შესაბამისად, საკითხებიც, რომელიც პანდემიურ და პოსპანდემიურ ქართულ რეალობას ეხება, ფართოვდება.

პროექტი ითვალისწინებს მკვლევართა შრომების საბოლოო პუბლიკაციას მონოგრაფიის სახით.

Facebook
Twitter
LinkedIn