თსუ-ს სამართალმცოდნეები ძველი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის ლექსიკონს ადგენენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძველი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის ანბანური წესით სისტემატიზება 2016 წლიდან მიმდინარეობს. ლექსიკონი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკის (რომის კერძო სამართლის) და სამართლის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე იქმნება. ქართული სამართლის ძეგლების უდიდესი ნაწილი თითქმის სრულფასოვნად არის დამუშავებული: ამოწერილია მათში გამოყენებული ქართული იურიდიული ტერმინები (მითითებულია წყაროს სახელწოდება, თუ საკანონმდებლო აქტია – კანონის მუხლი, პარაგრაფი; თუ სიგელი ან გუჯარია – ტექსტი). ამ ეტაპზე შექმნილია შესრულებული სამუშაოს ელექტრონული ვერსია, რომელიც დაახლოებით 10 000 გვერდს მოიცავს. სამუშაოებს პროფესორი ნუგზარ სურგულაძე ხელმძღვანელობს.
„ძველი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის ლექსიკონის შედგენის იდეა ივანე ჯავახიშვილის იუბილეზე, დაახლოებით 8 წლის წინ, დაიბადა. თსუ-ს მაშინდელ რექტორთან ვლადიმერ პაპავასთან შეთანხმების შედეგად ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე, ჩემი ხელმძღვანელობით, მკვლევართა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ამ დრომდე მუშაობს ლექსიკონის შედგენაზე. საკმაოდ ვრცელი მასალა დაგროვდა, რომლის გამოცემაც რამდენიმე ტომად დაიგეგმება. სამუშაო პროცესში სამართლებრივი ძეგლების გარდა მხატვრულ ნაწარმოებებსა და ისტორიულ წყაროებსაც ვიკვლევთ, რათა ძველი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის შესახებ შემონახული ინფორმაცია ამომწურავად მოვიძიოთ.
აღნიშნულ პროექტს უდიდესი სამეცნიერო ღირებულება გააჩნია, რადგან ის გახდება როგორც მეცნიერებისთვის, ასევე, დამწყები მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძირითადი ბაზა და მათ არ მოუწევთ არქივებში გაბნეულ დოკუმენტებში მასალების – იურიდიული ტერმინების ძიება.
ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ივანე ჯავახიშვილის დაწყებულ საქმეს. ის მუშაობდა ლექსიკონის შედგენაზე (აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის შეკრების პროცესში ოჯახის წევრებიც ეხმარებოდნენ), თუმცა ვერ დაასრულა. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით დავასრულოთ პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის მიერ დაწყებული საქმე, რაც დიდი პატივია პროექტში ჩართული თითოეული მკვლევრისთვის“, – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნუგზარ სურგულაძემ.
პროექტში „ძველი ქართული იურიდიული ტერმინოლოგია“ რვა მკვლევარი მონაწილეობს და კვლევის გეგმით გათვალისწინებულ დოკუმენტებს აანალიზებს:
პროფესორი გიორგი დავითაშვილი – „ხელმწიფის კარის გარიგება“, „წესი და განგება მეფედ კურთხევისა“, გიორგი V ბრწყინვალეს „ძეგლის დადება“, ბერძნული სამართლის ქართული ვერსია.
ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი – „სამართალი ბატონიშვილის დავითისა“, „დიდი სჯულის კანონი“, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“, „კათალიკოსთა სამართალი“, „ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ფრაგმენტი“, „ოპიზის სიგელი“, „განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა“; თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო ვერსიის ერთიან ტექსტად ფორმირება, ანბანური, ქრონოლოგიური და თემატური (საგნობრივი) პრინციპებით დალაგება, რათა ნაშრომმა ლექსიკონის ფორმა შეიძინოს.
ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი – ებრაული სამართლის ქართული ვერსია (მოსეს სჯული).
ასისტენტ პროფესორი ელზა ჩაჩანიძე – „დასტურლამალი“ – ნაწილი; „სომხური სამართალი ქართული ვერსია“ – ნაწილი.
ასისტენტ პროფესორი მარიამ ხოფერია – „დასტურლამალი“ – შესავალი, „ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი“.
ასისტენტ პროფესორი სულხან ონიანი – „მცირე სჯულის კანონი“, „სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“.
ასისტენტი ანა წიგნაძე – „დასტურლამალი“ – ნაწილი, „სომხური სამართალი (ქართული ვერსია)“ – ნაწილი
„ცოტა რთულია საკუთარი ნაშრომის შესახებ საუბარი, თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის ლექსიკონის შექმნა პირველად ხდება.
ნებისმიერი სამეცნიერო წამოწყების შედეგი წინასწარვეა განჭვრეტილი. ჩვენი კვლევის მიზანია მოვიძიოთ და, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ზუსტად განვსაზღვროთ ტერმინის არსი, მისი ევოლუციის პროცესი (შინაარსით ან ჟღერადობით, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი – ისტორიულ-პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით), შეიქმნას ძველი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის ისეთი ლექსიკონი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართული სამართლის ისტორიის, ქართული კულტურის, საქართველოს ისტორიის მკვლევრებს და, ზოგადად, საზოგადოების ფართო წრეებს – სრულფასოვნად შევიმეცნოთ ქართულ საზოგადოებაში საუკუნეების მანძილზე შექმნილი და მოქმედი ტერმინები, თვალი მივადევნოთ მათი ევოლუციის პროცესს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რითაც კიდევ უფრო სრულვყოფთ ქართული წერილობითი წყაროების შესწავლასა და მათ მაღალ აკადემიურ დონეზე გამოკვლევას“, – აცხადებს მარინა გარიშვილი.
ქართული სამართლებრივი კულტურის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ცნობადობის გაზრდის მიზნით, პროფესორ ნუგზარ სურგულაძის ხელმძღვანელობით, ამ დროისთვის, ასევე ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართული სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების ინგლისირ და რუსულ ენებზე თარგმნა მიმდინარეობს.
პროექტში თსუ-ს მკვლევრები: პროფესორი მანანა რუსეიშვილი, პროფესორი ტრევორ კარტლეჯი, ქეთევან სურგულაძე, პროფესორი გიორგი დავითაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი არიან ჩართულები.