Erasmus+-ის ეფექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე
შუალედური კვლევის შედეგები
რა პიროვნული, პროფესიული და ინსტიტუციური სარგებელი აქვს Erasmus+-ის საერთაშორისო მობილობის პროგრამებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის? – თსუ-ში პირველად ტარდება კვლევა, რომელიც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ეფექტს ზუსტად დაადგენს.
კვლევას – Erasmus+-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის გავლენა უნივერსიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე“ – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ფირცხალავა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გადაწყვეტილების ფარგლებში ახორციელებს. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შერჩეულია სამი სამიზნე ჯგუფი – Erasmus+-ის საერთაშორისო მობილობის პროგრამებში მონაწილე თსუ-ს სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. კვლევა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით ტარდება, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულის მიწურულს დასრულდება. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. შესაბამისად, ნაწილობრივ უკვე იდენტიფიცირებულია ის კონკრეტული შედეგები, რაც Erasmus+-ის საერთაშორისო მობილობის პროგრამების ბენეფიციარების პროფესიულ, პიროვნულ ზრდასა და, ასევე, შიდასაუნივერსიტეტო სასწავლო, კვლევით და ადმინისტრაციული მართვის პროცესზე აისახა. უფრო კონკრეტულად: გამოკვეთილია, რომ ინტერნაციონალიზაციის პროცესი ხელს უწყობს პროფესიული კვალიფიკაციისა და ენის ცოდნის დონის ამაღლებას, სილაბუსების ხარისხის გაუმჯობესებას, სწავლების მეთოდების დახვეწას, ახალი სამეცნიერო კავშირებისა და პიროვნული ზრდის მიმართულებით მსოფლმხედველობის ცვლილებას სხვადასხვა თვალსაზრისით.
„ეს კვლევა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგია. Erasmus-ის ეროვნული ოფისი, რა თქმა უნდა, პერიოდულად ატარებს კვლევას, მაგრამ მათი მიზანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ზოგადი სურათის შესწავლა. კონკრეტულ ინსტიტუციაზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე Erasmus+-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის გავლენის კვლევა პირველად მიმდინარეობს. ამ კვლევის მიზანია, დავინახოთ რა პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგები აქვს იმ მობილობებს, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ახორციელებს. ვნახავთ, რა გავლენას ახდენს Erasmus+, ზოგადად, უნივერსიტეტის შიდა კულტურაზე, აკადემიური პროგრამების განვითარება-დახვეწაზე, მთლიანად ინსტიტუციის დონეზე, ასევე, როგორ ზემოქმედებს კონკრეტული მონაწილე პირების – როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების პროფესიულ საქმიანობაზე, რამდენად შეიძლება დავინახოთ პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი მათ პროფესიულ დაწინაურებასა და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მიღებულ გამოცდილებას შორის.
საკმაოდ დიდი მასალა გვაქვს საკვლევი როგორც რაოდენობრივად, ასევე არსებული გაცვლითი პროგრამების შინაარსობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ. კვლევის გარეშე, მხოლოდ დაკვირვებით, რაიმეს მტკიცება ძნელია, შესაბამისად, კვლევის დასრულების შემდეგ გვეცოდინება – რა ტიპის გაცვლითი პროგრამები იძლევა მეტ ეფექტს როგორც ინსტიტუციისთვის, ასევე, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის და სად შეიძლება, სამომავლოდ, მეტი ინვესტიციის ჩადება. კვლევის შედეგები ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის წარსადგენ ანგარიშებში აისახება“, – განაცხადა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ.
Erasmus+-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე გავლენის ზუსტი მახასიათებლების დასადგენად უკვე ჩატარდა თვისებრივი კვლევა. სტუდენტური ჯგუფის საკვლევად ევროკომისიის მიერ შექმნილი კითხვარისა და ორი ფსიქოლოგიური ტესტის გამოყენებით შემუშავდა კვლევის ინსტრუმენტი. ასევე, გაიმართა ფოკუს ჯგუფები მობილობის პროგრამებში მონაწილე სტუდენტებთან, სიღრმისეული ინტერვიუები ფაკულტეტების დეკანებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო კვლევების განვითარების საფაკულტეტო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან. ამ ეტაპზე რაოდენობრივი კვლევა მიმდინარეობს.
„კვლევის შუა ეტაპზე ვართ. თვისებრივი კვლევის ნაწილი დასრულდა და დარჩენილია რაოდენობრივი კვლევა, რომელიც განამტკიცებს თვისებრივი კვლევის შედეგებს, ანუ ვგეგმავთ რაოდენობრივად შევისწავლოთ Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა როგორ აისახა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგალითად, რა ახალი პროგრამა შეიქმნა? როგორ დაიხვეწა სილაბუსი? კვლევითი საქმიანობა რამდენად გააქტიურდა? როგორ აისახა ეს სტუდენტების დასაქმებასა თუ მათ სხვა სასწავლო-კვლევით საქმიანობაზე? მთლიანობაში, ამ ყველაფერმა რა ზეგავლენა იქონია უნივერსიტეტზე?
რაოდენობრივი კვლევის პირველი ეტაპის შედეგად სტუდენტებში კვლევის ვარაუდი გამართლდა ღირებულებებთან დაკავშირებით, რომ ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს ახასიათებთ აზროვნების მეტი ავტონომიურობა, ვიდრე კონკურსში მონაწილე, მაგრამ მობილობით საზღვარგარეთ არ ნამყოფებს. ასევე, სტუდენტები, რომლებსაც საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ, უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებულები არიან და მათთვის მეტად პრიორიტეტულია იმიჯის მნიშვნელობა. ამ ღირებულებებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. აზროვნების მეტი ავტონომიურობა, გახსნილობა და ღიაობა, რომელიც ინდივიდუალიზმისთვის არის დამახასიათებელი, უფრო მაღალი ჰქონდათ მობილობით საზღვარგარეთ წასულ და უკან დაბრუნებულ სტუდენტებს. შესაბამისად, ჩვენი დაშვება, რომ გაცვლითი პროგრამები გავლენას ახდენს სტუდენტების პიროვნულ მახასიათებელზე და ღირებულებებზე, კვლევის ამ ეტაპზე დადასტურდა, თუმცა ლონგიტუდური კვლევის შედეგი უფრო მკაფიო პასუხს გასცემს ამ კითხვას. ფოკუს ჯგუფების თვისებრივი შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ პროგრამაში მონაწილეობა ცვლის ინდივიდუალურ და პიროვნულ მახასიათებლებს. სტუდენტები ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას – უჩნდებათ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის დაგეგმვასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე აქ შეზღუდული აქვთ. მეტად ტოლერანტულები ხდებიან განსხვავებული იდენტობის, კულტურისა და რელიგიის მატარებელი ადამიანების მიმართ, ეზრდებათ უცხო ენის კომპეტენცია, თავდაჯერებულობა, კარგად შეუძლიათ საბიბლიოთეკო რესურსის გამოყენება და მათი ხედვა სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით თანხვედრაში მოდის იმ პროფესურის ხედვასთან, ვისაც ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული Erasmus+-ის გაცვლით პროგრამებში.
აკადემიურ პერსონალთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების შედეგების ანალიზის მიხედვით, ისინი იმაღლებენ უცხო ენის კვალიფიკაციას, ხვეწენ სწავლების მეთოდიკას, ახალ კულტურულ რეალობაში მოხვედრისას იცვლება მათი ხედვა, იზრდება სამეცნიერო კავშირები.
Erasmus+ ორი სახის ადმინისტრაციულ მობილობას ახორციელებს – staff week, რომლის დროსაც უნივერსიტეტების ადმინისტრაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები იმართება და ე.წ. ,,job shadowing“ ანუ „დაკვირვების“ ფორმატი, სადაც პარტნიორ უნივერსიტეტში ჩასული ადმინისტრაციის წარმომადგენელი თავისი კოლეგის საქმიანობას დაკვირვების რეჟიმში ეცნობა. ამ ტიპის გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში, უშუალოდ მობილობის ბენეფიციარზეა დამოკიდებული – თუ სად და როგორ დანერგავს პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მიღებულ ახალ ცოდნას. აღნიშნულის თქმა შემიძლია დეკანებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტენ – რა სიახლე სად და როგორ დაინერგოს“, – აღნიშნა კვლევის ავტორმა ეკა ფირცხალავამ.
კვლევამ Erasmus+ „უარყოფითი“ მახასიათებელიც გამოკვეთა, გამოკითხულთა პასუხებიდან გამომდინარე საქართველოში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა მობილობით ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტში ნამყოფ სტუდენტებს საზღვარგარეთ კარიერის დაწყება-განვითარებისკენ უბიძგებს, რაც, შესაძლოა, ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობდეს ხელს.
Erasmus-ის ოფისის ოფიციალური მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტ გაცვლით პროგრამას ახორციელებს. სტუდენტების მობილობა, მიუხედავად შეზღუდვებისა, არ შეწყვეტილა პანდემიის პერიოდშიც. მომდევნო ეტაპზე თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი გრძელვადიანი კვლევის ორგანიზებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც Erasmus+-ის გავლენა თსუ-ს კურსდამთავრებულებზე შეისწავლება.
„გვსურს დავაკვირდეთ Erasmus+ მობილობის პროგრამებში მონაწილე თსუ-ს კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების გზას. მათ, პერიოდულად, უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთ, ორ და ხუთ წელიწადში დავუკავშირდებით და ვეცდებით დავადგინოთ, რა კორელაციაშია მათ პროფესიულ წინსვლასთან გაცვლითი პროგრამის შედეგები. მსგავსი კვლევები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ტარდება, მიუთითებენ, რომ კორელაცია არსებობს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, კვლევის გარეშე რაიმეს მტკიცება რთულია“, – განმარტავს თეა გერგედავა.
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 56 ქვეყანაში 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი აქვს.
თანამშრომლობს 150-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2022 წლებში, თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებულმა საერთაშორისო მობილობის (თსუ-ს სტუდენტების და პერსონალის მობილობა პარტნიორ უნივერსიტეტებში და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა თსუ-ში) რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა. 2015-2020 წლებში თსუ-ში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ მობილობის 420 პროექტი.
ამ ეტაპზე თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი პანდემიის დროს შეწყვეტილი გაცვლითი პროგრამების ხელახლა ამოქმედების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთის, იაპონიის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტებთან და შემოთავაზებებს განიხილავს ინდოეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან. დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში სტუდენტთა მობილობის განახლება-დაწყება მიმდინარე წლის საშემოდგომო სემესტრიდან უკვე შესაძლებელი იქნება.