კვლევა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამრეწველო პოლიტიკის შემუშავების პროცესის გააქტიურებას ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით

თარიღი: 2023-02-24 13:38:01

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე  გასულ წელს განხორციელებული 10 მიზნობრივი სამეცნიეროკვლევითი პროექტიდან რამდენიმე უკვე გაგაცანით.   ამჟამად  წარმოგიდგენთ მიზნობრივ სამეცნიეროკვლევით პროექტს ,,ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან კოორდინირებული სამრეწველო პოლიტიკის ფორმირება და მისი გატარების შესაძლებლობები საქართველოში’’.

პროექტი  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის და სამრეწველო პოლიტიკის კვლევის ცენტრის ბაზაზე განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანია.  პროექტის მონაწილენი არიან: ასოცირებული პროფესორები: ეკა ლეკაშვილი (პროექტის კოორდინატორი), გულნაზ ერქომაიშვილი,  ირინა გოგორიშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი. ასისტენტ პროფესორი ლალი ხურცია,  დოქტორანტები: მარიამ ხორავა და გიორგი კრავეიშვილი.

საკვლევი თემის აქტუალურობაზე,   კვლევის მიზნებსა და შედეგებზე გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი,  პროფესორი რევაზ გველესიანი:

ბოლო ათწლეულებში საბაზრო ჩავარდნების დასაძლევად, ადგილობრივი დარგების დაცვისა და რეგიონული განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად, ასევე, ციფრული მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ახალი დარგების და, შესაბამისად, მრეწველობის განვითარების ხელშეწყობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა საზოგადოების გრძელვადიანი მიზნების მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება. გადაწყვეტის გზად მიჩნეულ იქნა ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა, რომლის სტრატეგიულ დონეზე წარმატებული განხორციელებაც შესაძლებელია სხვადასხვა  (კონკურენციის,  ტექნოლოგიური, ინოვაციის,  განათლების, ვაჭრობის, საინვესტიციო და ა.შ) პოლიტიკების კოორდინაციის საფუძველზე, რაც მოითხოვს სახელმწიფოს როლის ზრდას ეკონომიკაში. ევროპის რეიდუსტრიალიზაციის პოლიტიკა გაიწერა შესაბამის დოკუმენტებში (ლისაბონის სტრატეგია 2000; ევროპის სტრატეგია 2020).

ევროკავშირში მომწიფდა აზრი, რომ ევროკავშირის სამრეწველო პოლიტიკა მოითხოვს გადახედვას: ნაცვლად ტრადიციულ კონცეფციებზე დაყრდნობილი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა, საინვესტიციო ნაკადები უნდა წარიმართოს ისეთი ინდუსტრიებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ მდგრად კეთილდღეობას, კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირებას და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას.

სახელმწიფო ინვესტიციებით უნდა ისარგებლონ მხოლოდ მათ, ვინც მოწოდებულია  – პატივი სცეს კლიმატზე ზრუნვას და შექმნას კარგი სამუშაო ადგილები, მათ შორის, ციფრულ სფეროში. მრეწველობის გაციფრულება და მასთან დაკავშირებული ,,კარგი სამუშაო ადგილების“ შექმნა, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომების პრიორიტეტულობა ,,ჭკვიანი მრეწველობის“ განვითარების გზით, დეკარბონიზაციის მხარდამჭერი პოლიტიკის ამოქმედება ევროპის ყოვლისმომცველი სამრეწველო სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები უნდა გახდეს. ამასთან, უნდა მოხდეს სამრეწველო და სოცილური პოლიტიკის უკეთესი კოორდინაცია, რისი საჭიროებაც გამოავლინა კოვიდ 19 პანდემიის გამოწვევებმა.

სამრეწველო პოლიტიკა მეცნიერების და პოლიტიკოსების მხრიდან დიდ ყურადღებას იქცევს, რაც დაკავშირებულია ჩინეთის და სხვა სწრაფად მზარდი ეკონომიკების პროგრესთან. სამრეწველო პოლიტიკა თავის ასახვას პოულობს მწარმოებლურობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, კონკურენციაზე, დასაქმებასა და სოციალურ საჭიროებებზე. ამიტომაც მის მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაიზარდა კოვიდ 19 პანდემიის პირობებში. მნიშვნელოვანია გააქტიურდეს სამრეწველო პოლიტიკის შემუშავების პროცესი ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტიდან ჩანს (ევროკომისია, 2020 გვ.64), რომ  ხელშეკრულების ტექნიკური პროდუქციის სტანდარტები და რეგულაციების ნაწილი (3.3.3)  მოიცავს  სამრეწველო პროდუქციისთვის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას.

საკვლევი პრობლემის აქტუალურობა გამომდინარეობს მდგრადი განვითარების მეცხრე მიზნიდანაც (მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიში, 2020) (28), რაც ჩვენს ქვეყანას გამძლე ინფრასტრუქტურის შექმნას, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის ხელშეწყობას და ინოვაციების განვითარებას ავალდებულებს.

დღეს საქართველო საჭიროებს რაციონალურ სამრეწველო პოლიტიკას, ნაკლებადაა შესწავლილი ამ კუთხით განვითარების არსებული პოტენციალი  და ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების შესაძლებლობები.

მეცნიერული კვლევის თვალსაზრისითაც საკითხი თითქმის შეუსწავლელია. იკვეთება სამრეწველო პოლიტიკის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტის აქტუალურობას.

კვლევის მიზანია გაანალიზოს ევროკავშირის მოთხოვნებთან კოორდინირებული სამრეწველო პოლიტიკის ფორმირების და მისი გატარების შესაძლებლობები საქართველოში. კვლევის შედეგების მიხედვით:

  • საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე სისტემატიზირებულ იქნა სამრეწველო პოლიტიკის საკითხზე  თანამედროვე თეორიული ხედვები;
  • შესწავლილია  ევროკავშირში სამრეწველო პოლიტიკის ევოლუციის ზოგადი მიმართულებები  და თანამედროვე გამოწვევები;
  • გაანალიზებულია   ევროკავშირის წევრი, კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების სამრეწველო პოლიტიკის შემუშავების, კოორდინირებისა და იმპლემენტაციის წარმატებული და წარუმატებელი გამოცდილება;
  • შესწავლილ იქნა საქართველოში ევროკავშირის  მოთხოვნებთან კოორდინირებული სამრეწველო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების არსებული მდგომარეობა;
  • შემუშავდა რეკომენდაციები ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან კოორდინირებული სამრეწველო პოლიტიკის ფორმირებისა და გატარებისათვის;
  • საკვლევი პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგებისა და დასკვნების საფუძველზე გამოქვეყნდა სტატიები (7 ქართულეონოვანი და 5 ინგლისურენოვანი);
  • კვლევითი პროექტის მასალები გამოყენებული იქნება სასწავლო კურსებისთვის ,,საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე“  და  ,,ინდუსტრიული პოლიტიკა: თეორია და პრაქტიკა“;
  • თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ფარგლებში დაიგეგმება სამრეწველო პოლიტიკის აქტუალური ასპექტების კვლევა, რისთვისაც მომზადებული იქნება სამეცნიერო საფუძველი წარმოდგენილი კვლევითი პროექტის სახით.

ამ დასკვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს  შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სწორ განვითარებას, სამრეწველო პოლიტიკის შემუშავების პროცესის გააქტიურებას ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ასევე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ფარგლებში დაიგეგმება სამრეწველო პოლიტიკის აქტუალური ასპექტების კვლევა,  რისთვისაც მომზადებული იქნება სამეცნიერო საფუძველი წარმოდგენილი კვლევითი პროექტის სახით.

Facebook
Twitter
LinkedIn