კვლევა, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესსაქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს

თარიღი: 2023-02-23 20:26:45

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით,  საქართველოში კაცების დასაქმების მაჩვენებელი  უფრო მაღალია (49 %), ვიდრე ქალების (32.5 %). ე.ი. კაცებისა და ქალების დასაქმების მაჩვენებლებს შორის გენდერული სხვაობა 16.5 %-ს შეადგენს, რაც მიუთითებს ქალთა ადამიანური კაპიტალის არასათანადოდ გამოყენებაზე.

ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ გასული და მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდაა ბიზნეს საქმიანობაში. ქალ მეწარმეებს შეუძლიათ  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ  ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.  აღნიშნულ კატეგორიას გააჩნია პოტენციალი  – გახდეს ეკონომიკურად აქტიური ძალა და სამეწარმეო შესაძლებლობების რეალიზაციის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის გაზრდაში, ასევე, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქალთა ეკონომიკურად გაძლიერების ხელშეწყობა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევას ეხმარება, ქალების უფლებრივ მდგომარეობას აძლიერებს და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

ქალებზე ფიქრი ეკონომიკური განვითარების კვლევებში 1950-იანი წლებიდან იწყება და, ამ დროიდან მოყოლებული, ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხედვებზე ბევრი სჯა-ბაასი იმართება. საინტერესოა, რა ეტაპზე ვართ დღეს? რა სახელმწიფოებრივი მიდგომა  არსებობს გენდერული თანასწორობის ჭრილში? რამდენად აქტიურობენ ქალები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე და რამდენად  არიან ისინი ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? – ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ეკონომიკურ  მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  უშანგი  სამადაშვილი,  რომელიც  მუშაობდა კვლევაზე  –  „ქალთა როლი საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ  ზრდაში“.

* * *

თანამედროვე საქართველოში საზოგადოების საყოველთაო და დიფერენციული კეთილდღეობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა  ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, ანუ ეკონომიკაში საყოველთაო ჩართულობა, რასაც  აფერხებს  შრომითი და სამეწარმეო  საქმიანობის ასიმეტრიული განვითარება გენდერულ ჭრილში.

კაცებთან შედარებით ქალთა შრომასა და ბიზნესში  ნაკლები ჩართულობა და მისი გამომწვევი მიზეზ-ფაქტორების ჯეროვანი მეცნიერული შეუსწავლელობა ამცირებს სამუშაო ადგილებს, მთლიან შიდა პროდუქტს, საშუალო კლასს და სხვ. მოცემული კვლევა ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი მოკრძალებული  ცდაა,  რაც  ნათლად  მეტყველებს  შერჩეული  თემის   აქტუალობაზე.

— კვლევის მიზანზე რას გვეტყვით?

— შემოთავაზებული  კვლევის მიზანი იყო ღრმად და სისტემურად შეგვესწავლა საქართველოში  ქალთა შრომითი და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით არსებული არასახარბიელო მდგომარეობა;  გამოგვევლინა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დამაბრკოლებელი მიზეზ-ფაქტორები და საერთაშორისო გამოცდილებისა და საკუთარი ხედვების საფუძველზე შემუშავებულიყო პრობლემის აღმოფხვრის წინადადებები და რეკომენდაციები.

 დასახული მიზნის მისაღწევად გამოყენებულია  საერთაშორისო ორგანიზაციების, ქალთა სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისკვლევების,  საქსტატის მონაცემებისა და ექსპერტთა შეხედულებების  სისტემური ანალიზი, სინთეზი, შედარება, დაკვირვება, აბსტრაქცია,  ინდუქცია, დედუქცია და სხვა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების განუყოფელი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელია საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლი, მისგან გამომდინარე კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონქვემდებარე აქტები, სტრატეგიები დასახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის პროგრამები; გენდერულ თანასწორობას ეთმობა, ასევე, საქართველოს  ევროკავშირში  გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაწესებული 12 რეკომენდაციიდან  ერთ-ერთი.

— რა ტენდენციებია საქართველოში ამ მიმართულებით?

— როგორც ჩანს, გენდერული თანასწორობისთვის საკმარისი არ არის კანონები,  სახელისუფლო ინსტიტუტები და მათ მიერ შემუშავებული სტრატეგიები თუ პროგრამები. ჩვენი აზრით, გენდერული თანასწორობის იდეა მაშინ გადაიქცევა მატერიალურ ძალად, როდესაც მასების შეგნებას დაეუფლება, როდესაც რეფორმა განხორციელდება მოსახლეობის ცნობიერებაში და გენდერული თანასწორობა სხვადასხვა სფეროში  ბუნებრივ მდგომარეობად მოგვევლინება.

„გაეროს“  ქალთა ორგანიზაციის მიხედვით, გენდერულ დისბალანსში, ანუ უთანასწორობაში მოიაზრება საზოგადოების ისეთი სტრუქტურა, სადაც ადამიანის სქესზეა (ანუ მამაკაცია თუ ქალი) დამოკიდებული მისი უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები. შესაბამისად, გენდერულ უთანასწორობაში იგულისხმება ქალების არახელსაყრელი პოზიცია დასაქმებასა და შრომის ანაზღაურებაში, სექტორულ ჭრილში, საკუთარი ბიზნესისა და  უძრავი ქონების ფლობაში, აუნაზღაურებელ საშინაო საქმეებში და ოჯახის წევრებზე ზრუნვაში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე და სახელისუფლო სტრუქტურებზე ნაკლებ  წვდომაში და ა.შ.

არსებული სტატისტიკური მონაცემებიდან  გამომდინარე, საქართველოში გენდერულ უთანასწორობას, ანუ ქალთა და კაცთა უფლებრივ  უთანაბრობას ადგილი აქვს დასაქმებასა და შრომის ანაზღაურებაში. 

ზემოთ აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, არსებულ ვითარებას მსოფლიო ბანკი შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს. იმ შემთხვევაში კი, თუშრომისუნარიანი ქალები მამაკაცების დონეზე ჩაერთვებიან ეკონომიკაში,  მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება დაახლოებით 11 პროცენტით. ეს ხელს შეუწყობს საყოველთაო და დიფერენციული კეთილდღეობის საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც თითოეულ ადამიანში დაბადებს კანონზომიერი სიამაყისა და ქვეყნისადმი პატრიოტული დამოკიდებულების გრძნობას.

— გამოკვლევებმა აჩვენეს რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფა. ალბათ ამ  შეხედულებებმაც  განაპირობა  ნაწილობრივ  ქალთა  აქტიურობის  დაბალი დონე… თქვენ რით ახსნით ამას? 

— საქართველოს ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის დაბალი დონე, ჩვენი აზრით, უნდა აიხსნას იმით, რომ: ქალები   ოჯახის წევრების, ბავშვების  ზრუნვაზე და საოჯახო საქმეებზე გაწეულ აუნაზღაურებელ შრომაზე  ოთხნახევარჯერ მეტ დროს ხარჯავენ კაცებთან შედარებით, რის გამოც ნაკლები დრო რჩებათ ანაზღაურებადი სამუშაოსათვის, კარიერული და პიროვნული განვითარებისათვის; ქალები კაცებზე მეტ საშინაო საქმეს ასრულებენ იმიტომ, რომ გოგოები ბავშვობიდანვე  ზრუნავენ და მოქმედებენ ამ მიმართულებით. შესაბამისად, ლოგიკურია ბიჭები ბავშვობიდანვე წახალისდნენ საოჯახო  საქმეებზე ზრუნვით. ასეთ შემთხვევაში  ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე უფრო მეტად ჩაერთვებიან საშინაო  საქმეებში და გონივრულად დაინაწილებენ არაანაზღაურებად და  დაუნახავ საოჯახო შრომას, რომელიც  ამჟამად ქალების სუსტ მხრებს მძიმე  ტვირთად აწევს.  ეს ქალების შრომის ბაზარზე ჩართულობის შესაძლებლობებს ამცირებს. ანაზღაურებადი  დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა კი ქალების სიღარიბეში ცხოვრების რისკებს ზრდის. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ბავშვთა მოვლის მოსახერხებელი სერვისების (ბაგა-ბაღების, საბავშვო ბაღების, გახანგრძლივებული  სკოლების) ხელმისაწვდომობა და კომპანიების მიერ სამუშაოს მოქნილი გრაფიკით შეთავაზება განსაკუთრებით რეგიონებში; ასევე, მნიშვნელოვანია ოჯახის სხვა წევრების მხრიდან დახმარება  აუნაზღაურებელ  საოჯახო შრომაში.

ქალთა ეკონომიკური გააქტიურების, ანუ დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია ქალებისათვის თვითშეფასების, თვითრწმენის მნიშვნელოვანი ამაღლება; საჭიროა, ასევე, მათთვის  სამსახურის მოძიების ჯერ მოტივაციის გაჩენა/გაზრდა, შემდეგ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება. ამ მიმართებით მიზანშეწონილია გამოყენებული  იქნას: პროფესიული მომზადება-გადამზადება; კვალიფიკაციის ასამაღლებელი  კურსები;  უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაუმჯობესების ტრენინგები და სხვ.

კიდევ უფრო რთულია გამოწვევები, რომელიც სტერეოტიპებისა და მანკიერი ტრადიციული დამოკიდებულებების აღმოფხვრას უკავშირდება. მაგალითად, ტრადიციული შეხედულებების თანახმად, „ქალი დიასახლისი უნდა იყოს“.   ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია ქალის როლის გაზრდისთვის სამუშაო ადგილზე  და  მთლიანად საზოგადოებაში. ან კიდევ,  „თუ დედა ფულისთვის მუშაობს, მაშინ ბავშვები იჩაგრებიან“. ცხადია,  ქვეყნების მთავრობებმა, ბიზნესებმა, მეცნიერებმა, მედიამ და მთლიანად საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმუშაონ ამგვარი  მანკიერი ტრადიციების დასაძლევად.

— ქალების ეკონომიკური არააქტიურობის კიდევ ერთი  მიზეზი  ნაკლები ფინანსური მოტივაციაა, რაც გენდერულ სახელფასო განსხვავებაში გამოიხატება. ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ მუშაობენ, რადგან არსებულ სამსახურებში ანაზღაურება არასაკმარისია, მათ დატოვეს სამსახური არასაკმარისი ანაზღაურების გამო, ან არასოდეს უძებნიათ სამსახური უპირველს  ყოვლისა  იმის გამო, რომ მათთვის ხელმისაწვდომ სამსახურში სათანადო ანაზღაურება არ იყო. თქვენი კვლევის მიხედვით, რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ პრობლემის კუთხით? 

— მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებსა და მამაკაცებს შორის დაახლოებით ერთნაირი განათლების დონე ფიქსირდება, დიდი განსხვავება შეინიშნება ქალებისა და მამაკაცების შრომის ანაზღაურებას შორის.  ეს აიხსნება იმით, რომ ქალების უმეტესობა ირჩევს  საქმიანობის  ისეთ სფეროებს:  ჯანდაცვა, განათლება,  მეცნიერება, მომსახურება, კულტურის სფერო და სხვა,  სადაც  შრომის ანაზღაურება უფრო დაბალია,  ვიდრე  „მასკულინურ“ ანუ  მამაკაცურ ფიზიკურ ძალაზე დამყარებულ ინდუსტრიებში (სამთომოპოვება, მშენებლობა, მძიმე მრეწველობა და სხვ.), სადაც, ძირითადად, მამაკაცები არიან წარმოდგენილი. ასევე, კაცები უმეტესად  უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებს  იკავებენ.

ჩატარებული კვლევები ცხადყობს, რომ საქართველოში იზრდება საწარმოების რაოდენობა, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, მაგრამ მათი ზომა რჩება მცირე დასაქმებულთა რაოდენობისა და ბრუნვის მიხედვით. ფინანსური, შრომითი, დროის და სხვა არამატერიალური რესურსების უკმარისობა კი იწვევს იმას, რომ საქართველოში ქალთა ბიზნესი  არ იზრდება.  იკვრება ერთგვარი მოჯადოებული წრე:  მცირე ბიზნესს არ აქვს საკუთარი სახსრები და შესაძლებლობა  – მოიზიდოს დიდი დაფინანსება, რათა  გაზარდოს დასაქმება,  ბრუნვის  მოცულობა და საწარმოს სიდიდე.აღნიშნულიდან გამომდინარე,  ქვეყანაში აუცილებელია  ქალთა მეწარმეობის არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი გაუმჯობესება.

ამ მიმართებით საქართველოს აქვს ორი გზა: პირველი არის ქალთა მეწარმეობის „სპეციალიზაციის“ ვექტორის გადამისამართება, ანუ  მეწარმე ქალთა შესვლის უზრუნველყოფა ეკონომიკის პირველად და მეორად  სექტორებში, სადაც შედარებით მაღალია ანაზღაურება. ეს არის ჰორიზონტალური დესეგრეგაციული პოლიტიკა, რომელიც მოუწოდებს ქალებსა და მამაკაცებს დასაქმდნენ ისეთ სფეროებშიც კი, რომლებიც სტერეოტიპულად სააწინააღმდეგო სქესის საქმედ მიიჩნევა;  და მეორე – ეს არის  ქალთა სტიმულირება  მაღალ თანამდებობებზე იმ სფეროებშიც კი, სადაც  ქალები შეადგენენ დასაქმებულთა უმრავლესობას, მაგალითად, ჯანდაცვაში, განათლებაში. ეს არის ვერტიკალური  დესეგრეგაციული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სქესების თანაბარ განაწილებას მმართველურ იერარქიულ საფეხურებზე.

მნიშვნელოვანი დისპროპორცია შეინიშნება, აგრეთვე, ქალებსა და მამაკაცებს შორის მენეჯერული პოზიციების განაწილებაში. მენეჯერულ პოზიციებზე  დასაქმებულებში ქალების წილი  შეადგენს 35.9 %-ს, მამაკაცების წილი – 63.9 %-ს. არადა, ამჟამად საქართველოს ეკონომიკაში მცირე ბიზნესი დომინირებს, რაც  უნდა აიხსნას იმით, რომ  მცირე საწარმო არ საჭიროებს დიდ კაპიტალს, დროსა და სხვა ეკონომიკურ რესურსებს. აღნიშნული უპირატესობების გამო მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელთა დიდი ნაწილი ქალია. ამის მიუხედავად, ბევრი მომუშავე ქალი კონცენტრირებულია მენეჯმენტის დაბალ და საშუალო დონეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული ,,მინის ჭერი”, რომელიც მათ ყოფს მენეჯმენტის ზედა სართულებისგან,  არავითარ შემთხვევაში არ ტყდება. „მინის ჭერი“, ანუ იერარქიული უხილავი ბარიერი ხელს უშლის ქალებს – დაიკავონ უფრო მაღალი მენეჯერული პოზიციები.  შევნიშნავთ, რომ ქალების მაღალი წარმომადგენლობა კომპანიების ტოპ მენეჯმენტში  და მაღალ სამთავრობო თანამდებობებზე შეამცირებს ქალთა ანაზღაურების უსამართლო განსხვავებას კაცებთან შედარებით  და ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

კვლევის შედეგების მიხედვით, დღეს ქალთა ბიზნესი სიდიდითა  და ზრდის დინამიკით  ჩამორჩება  კონკურენტი მამაკაცების ბიზნესებს. ეს იმიტომ, რომ ქალები, ძირითადად, ორიენტირებულნი არიან გადარჩენისა და შეზღუდული პერსპექტივის ბიზნესზე, კაცები კი – განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესებზე.

ინოვაციური აქტივობის თვალსაზრისით,  გენდერული განსხვავება არ  გამოვლენებულა, თუმცა განხორციელებული ინოვაციური პროდუქტების  ხარისხი უფრო წარმატებულია კომპანიებში, რომლებსაც ფლობენ მამაკაცები.

საქართველოში ქალთა ბიზნესი დომინირებს განათლებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, კულტურაში, მომსახურების სფეროში, საზკვებაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში. ჩვენი აზრით, ეს უნდა აიხსნას იმით,  რომ საოჯახო მეურნეობაში დაგროვილი გამოცდილება აყალიბებს ხსენებულ დარგებში  მუშაობისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას. ქალებს ნაკლებად აქვთ ტექნიკური განათლება, რაც ხელს უშლის მათ  სამშენებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო საწარმოების ჩამოყალიბებაში. ქალებს, ასევე,  უჭირთ სასესხო კაპიტალის მოპოვება. არადა, სწორედ ქალებისთვის „არატრადიციული“ ე.წ.  „მასკულინური“ ინდუსტრიები (სამშენებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო საწარმოები) მოითხოვენ დიდი ოდენობის საწყის კაპიტალს და კაცის ძლიერ ფიზიკურ ენერგიას.

— ალბათ, ქალებს მეტი წინააღმდეგობა ექმნებათ ფინანსებზე წვდომის მიმართულებითაც…

— სამწუხაროდ, საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ,,ბიზნესვუმენებისთვის“ დამატებით ბარიერებთან არის დაკავშირებული. ფინანსური ბაზარი შეზღუდულია ისეთი მეწარმეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ/ან გააჩნიათ „გაფუჭებული” საკრედიტო ისტორია და ნაკლებად აქვთ დამატებითი გარანტიები. ჩვენს ქვეყანაში ასეთი მეწარმეების უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. მათ მეტად აქვთ დაფინანსების მიღების საჭიროება. თუმცა, ქალისთვის რთულია სესხის ქონებით უზრუნველყოფა, როგორც მინიმუმ მამაკაცის ნებართვის გარეშე. ეს იმიტომ, რომ ვაჟიშვილისთვის ქონების დატოვება ქართული ტრადიციაა, რომელიც ეფუძნება იმ აზრს, რომ ოჯახის ქონება უნდა ერგოს მამაკაცს, ხოლო ქალისთვის კომპენსაციას მზითევი წარმოადგენს.ამავე დროს, ქალი, გათხოვების შემთხვევაში, ხდება მეუღლის ქონების „თანამესაკუთრე“, რომელიც მამაკაცს მშობლებისგან დარჩა ადათის თანახმად. თუმცა, ეს „მესაკუთრეობა“ უფრო მეტად ქონების მოხმარების უფლებად მოიაზრება (სახლში ცხოვრება, ნივთების გამოყენება) და ნაკლებად გულისხმობს მის განკარგვას განსაკუთრებით განქორწინების შემთხვევაში.

დაბოლოს, შეიძლება გამოიყოს ძირითადი მოტივები, რის გამოც საქართველოში ქალები იწყებენ ბიზნესს და ამით ხელი ეწყობა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ესაა:ბიზნესშესაძლებლობების თვითრეალიზაცია და საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში; ფინანსური დამოუკიდებლობა; კარიერული ზრდა; ცხოვრების დონის გაუმჯობესება; ბიზნეს-იდეის რეალიზება; სამუშაოს, ბიზნესის წარმართვისა და ბავშვების აღზრდის შეთავსების შესაძლებლობა; ოჯახში რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ვთქვათ, მანდილოსანი გაეყარა მეუღლეს და ხელი მოჰკიდა ბავშვების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და სხვა. ბევრი ქალი კი დარწმუნებულია იმაში, რომ მამაკაცს არ ძალუძს დამოუკიდებლად აწიოს საოჯახო პრობლემების ტვირთი იმის გამო, რომ მთელი საბჭოთა ისტორიის განმავლობაში, ერთი ადამიანის ხელფასი საკმარისი არ იყო ოჯახისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn