მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშემწყობი პროექტის კონკურსში თსუ-მ გაიმარჯვა

თარიღი: 2023-02-22 14:23:26

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებამ პროფესორ მაია ივანიძის ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. „მომავალ თაობაში იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის გახსნითი ღონისძიებაც 21 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

პროექტი პროფესორ მაია ივანიძისა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტების მიერ დაიწერა და მის განხორციელებაში  საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტების პირველი-მეორე კურსის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

პროექტი თავისი ხასიათით მასშტაბურია. მასში ჩართულნი არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ფართო საზოგადოება, რადგან დღეს სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხი  პრიორიტეტულია. პროექტი დაფინანსებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ მაია ივანიძის თქმით, იანვრის თვეში მოხდა მასში მონაწილე სტუდენტთა პირველადი შერჩევა და 100 მსურველიდან 30 სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა – მეორე ეტაპზე – ტრენერების ტრენინგზე გადასულიყო. „22 თებერვლიდან, დაიწყება შერჩეული სტუდენტების დატრენინგება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „არასრულწლოვანი და პოლიცია“, „ბავშვთა უფლებები“, „ადამიანის უფლებები“, „ბავშვთა ბულინგი სკოლაში“, „არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი“, ასევე „თავისუფლება და თავისუფლებიდან გაქცევა“, რომელსაც ფსიქოლოგი წაიკითხავს და ა.შ. კვირის ბოლოს გამოვლინდება 8 წარმატებული სტუდენტი, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, თბილისში, გორში, ლაგოდეხსა და ბათუმში ჩაატარებენ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებთან“, – გვითხრა მაია ივანიძემ.

პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, პროექტში შერჩეული სტუდენტები, საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დაინტერესებული საზოგადოება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ღონისძიებაზე მადლობა გადაუხადა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს, თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებას, დოქტორანტებს, სტუდენტებს  და განაცხადა, რომ პროექტი, რომელმაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, კონკრეტულ შედეგებზე გადის და ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი: „მოხარული ვარ, რომ საგრანტო კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი კონკრეტულ შედეგებზე გადის – პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ცოდნას და კვალიფიკაციას გადასცემენ  თავიანთზე ცოტა უმცროს თაობას. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი აქტივობა, ვინაიდან სკოლებში დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო განათლება ისწავლება, არ იქნება ზედმეტი – შევიდეს დამატებითი ცოდნა და ინფორმაცია სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, კონსტიტუციური სამართლისა თუ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ჩვენ ვრჩებით ამ პროექტის გულშემატკივრად თითოეულ ეტაპზე და მოუთმენლად ველით დროს, როცა ეს შეხვედრები სკოლებში გადაინაცვლებს. ვიცი, რომ მასში ჩართულია რეგიონები და მიმაჩნია,  რომ  მათი მონაწილეობა  პროექტს მეტ მნიშვნელობას სძენს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაში: „ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სამართალი არ არის მხოლოდ კანონშემოქმედების პროდუქტი, ის ასევე არის იურიდიული განათლების პროდუქტი და ამდენად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებას პროექტის განხორციელების  საშუალება მისცა“, – თქვა მან.

თემო დარბაიძე: ამდენი ცოდნა რომ მქონოდა სკოლაში, უფრო ზუსტად განვსაზღვრავდი მომავალს და დავგეგმავდი – როგორ გამეგრძელებინა კარიერა

პროექტის მონაწილე სტუდენტები უკვე მზად არიან ტრენინგისთვის, რომელიც მათ ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ და იმედოვნებენ, რომ საუკეთესო რვაში სწორედ ისინი მოხვდებიან და მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ. ამ განწყობით ერთვებიან პროექტის მეორე ეტაპზე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ევა გვანცელაძე და  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ზაზა სურგულაძე, რომელიც ამბობს, რომ პირველი ეტაპის გადალახვამ მოტივაცია გაუძლიერა: „დიდი მოტივაციით ვერთვები ტრენინგში, მინდა, ერთ-ერთი ვიყო იმ სტუდენტთა შორის, რომელიც მომავალ თაობას მისცემს იურიდიულ განათლებას და დაეხმარება მათ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებასა და იმ ცოდნის სრულყოფაში, რაც მათ უკეთეს მოქალაქეებად აქცევს“, – გვითხრა ზაზა სურგულაძემ.

პროექტის კიდევ ერთ საინტერესო მხარეზე ისაუბრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა თემო დარბაიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები მათ საკუთარი მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება: „მოსწავლეობისას ხშირად არ მქონია შესაძლებლობა – ვინმეს იმ ტიპის ინფორმაცია მოეწოდებინა, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ეს რომ მცოდნოდა, უფრო ზუსტად განვსაზღვრავდი მომავალს და დავგეგმავდი, როგორ გამეგრძელებინა კარიერა. იმ ბავშვებს, რომლებსაც იურიდიული განათლების მიღების სურვილი აქვთ, ეს ტრენინგები განუმტკიცებს გადაწყვეტილებას, ხოლო ზოგადად სამოქალაქო განათლების მიღება დაეხმარება მომავალ თაობას – სწორად იცხოვრონ“, – გვითხრა თემო დარბაიძემ.

22 თებერვლიდან ინტენსიური ტრენინგები იწყება. სულ რაღაც ერთ კვირაში გვეცოდინება ის 8 საუკეთესო მსმენელი, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მისი ინსტიტუციური განვითარების სხვადასხვა ასპექტს გააცნობს.

Facebook
Twitter
LinkedIn