ნანა კაჭარავას თარგმნილი წიგნი ,,ჯვარცმული აფხაზეთი“ თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს დაურიგდებათ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა კაჭარავამ თურქულად თარგმნა ლორიკ მარშანიას წიგნი „ჯვარცმული აფხაზეთი“. როგორც პროფესორი ამბობს, ლორიკ მარშანიას წიგნი დაიწერა აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ, ხოლო რუსულ და ქართულ ენებზე გამოიცა თბილისში 2010 წელს.
,,ლორიკ მარშანია, რომელიც გახლდათ წებელდელი აფხაზი მარშანიების ერთ-ერთი გამორჩეული შთამომავალი, ცდილობდა საზოგადოებისთვის ობიექტური სიმართლე დაენახებინა. წიგნი მან ქალიშვილის, პოლიტიკოს ადა მარშანიას თხოვნით დაწერა. მასში როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის საბედისწერო შეცდომებზეა საუბარი და განხილულია საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა -აფხაზეთი მიეერთებინა და ჩამოეშორებინა საქართველოსთვის. დასაწყისში მოკლედ აღწერილია აფხაზეთის ადგილმდებარეობა, მოტანილია ისტორიული ფაქტები და მერე უკვე წიგნის პირველი ნაწილი დასათაურებულია შემდეგნაირად – ,,აფხაზეთის მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული პოლიტიკის ამსახველი ფაქტები“, ხოლო მეორე ნაწილი – „შეცდომები, დაშვებული საქართველოსა და აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში“ – აცხადებს ნანა კაჭარავა.
რა მიზანს ემსახურებოდა წიგნის – „ჯვარცმული აფხაზეთის“ თურქულად თარგმნა? – შეკითხვას თარგმანის ავტორი ნანა კაჭარავა 2015 წელს თურქეთში აფხაზეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიზეზების ახსნით პასუხობს.
თავად ნანა კაჭარავა იმ დროს თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში მუშაობდა და ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე თურქებს ქართულს ასწავლიდა 7 წელი. როდესაც თურქეთს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა, მაშინდელმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ დელეგაციასთან შესახვედრად პროფესორი ნანა კაჭარავა იხმო.
,,საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ მთხოვა მიმეღო მონაწილეობა ამ დელეგაციასთან შეხვედრაში და დავხმარებოდი მათ თარჯიმნობაში. ისინი ჩამოვიდნენ საქარიის პროვინციაში და შეხვდნენ საქარიის გუბერნატორს. საქმე იმაში გახლდათ, რომ საქარიის პროვინციის გუბერნატორი და საქარიის უნივერსიტეტის რექტორი რამდენიმე ხნით ადრე აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით იმყოფებოდნენ. საქართველოს საელჩო თურქეთში ამ ფაქტს გამოეხმაურა და დიპლომატიური შენიშვნის სახით საქარიის გუბერნატორს მიმართა, რომ ქართული მხარის გვერდის ავლით აფხაზეთში ჩასვლა დანაშაულია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა 2015 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ჩასვლა საქართველოდან. ბატონი ჯემალ გამახარია, ლორიკ მარშანიას ქალიშვილი – ადა მარშანია და დელეგაციის წევრები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდნენ. აფხაზურ დიასპორებთან გასაუბრებამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მათზე, რადგან იქაურ აფხაზთა უმრავლესობა რუსული პოლიტიკის მომხრე იყო. ამიტომ დაიბადა აზრი, რომ თარგმნილიყო ლორიკ მარშანიას წიგნი – „ჯვარცმული აფხაზეთი“ და დარიგებოდა აფხაზურ დიასპორებს, რათა მათ სცოდნოდათ ობიექტური სიმართლე. ამ იდეის განხორციელება მოგვიანებით შევძელი. როდესაც საქართველოში დაბრუნებულს ქალბატონმა ადა მარშანიამ მთხოვა მამამისის 90-ე წლის იუბილესათვის მზად ყოფილიყო თურქულად ნათარგმნი წიგნი, მე ეს თხოვნა მას შევუსრულე. მინდა გითხრათ, რომ თარგმანზე მუშაობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა – იყო ადგილები, სადაც ვტიროდი კიდეც.
„ჩვენ, აფხაზებსა და ქართველებს, ღმერთმა და ბედმა განგვიწესა, რომ ვიცხოვროთ ერთად – ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრობაში, ნათესაურ სიყვარულში“, – წერს ლორიკ მარშანია.
წიგნში დაწვრილებით მოთხრობილია ის საბედისწერო შეცდომები, რომლებმაც მიგვიყვანა ამ გაუგონარ ტრაგედიამდე. ასევე აღწერილია, რიგი გაუგებრობებისა და წყენის მიუხედავად, როგორ შეინარჩუნეს საკუთარი თავი და ენა აფხაზებმა სწორედ საქართველოს შემადგენლობაში და რა იქნებიან ისინი რუსეთის შემადგენლობაში. აფხაზეთი ერთადერთი ავტონომიური რესპუბლიკა გახლდათ ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომლის კონსტიტუციაში შეტანილი იყო მუხლი აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის შესახებ.
2022 წლის 8 დეკემბერს შედგა გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას საიუბილეო საღამო, რომელსაც მიესადაგა ჩემი თარგმნილი წიგნის პრეზენტაციაც. ეს იყო სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული არაჩვეულებრივი საღამო, სავსე გულწრფელი მოგონებებით… ადა მარშანიას მორიგი თხოვნის საფუძველზე ,,ჯვარცმული აფხაზეთის“ თურქულ ენაზე ნათარგმნი წიგნი გაიგზავნება თურქეთში, აფხაზური დიასპორებისათვის დასარიგებლად. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩემი თარგმნილი წიგნი იგზავნება თურქეთში. მანამდე ვთარგმნე ბეჟან ხორავას ნაშრომი „ჩერქეზეთი“, რომელიც დარიგდა თურქეთის ჩერქეზულ დიასპორებში“, – ამბობს ნანა კაჭარავა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი მარიკა ჯიქია უმაღლეს შეფასებას აძლევს თურქულად ნათარგმნ წიგნს – ,,ჯვარცმული აფხაზეთი“ და ამბობს, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში დიდი ოვაციებით შეხვდნენ თურქოლოგ ნანა კაჭარავას ნაშრომს და აღინიშნა თურქეთში მცხოვრები აფხაზებისათვის წიგნის გაგზავნის მნიშვნელობა და აუცილებლობა.
ქალბატონი ნანას მიერ თარგმნილ ლორიკ მარშანიას წიგნს, რომლის პრეზენტაციაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მოეწყო, პოლიტიკური რეზონანსი მიეცა და ვფიქრობ, ეს მოვლენა აუცილებლად წარმოსაჩენი იყო უნივერსიტეტის ფარგლებში“, – განაცხადა მარიკა ჯიქიამ.