თამარ ქარაია: მეცნიერება ქალის საქმეა!

თარიღი: 2023-02-21 20:30:19

11 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ქალი მეცნიერები უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის იყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქარაია.

„იმ დღის შემდეგ ვფიქრობ და ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რომ გოგონებსაც და ბიჭებსაც მიეცეთ შესაძლებლობა – ფორმალური თუ არაფორმალური განათლების დონეზე ისწავლონ და თავად გააკეთონ არჩევანი. ამ შესაძლებლობების შექმნა მგონია ჩემი და ჩემი კოლეგების უმთავრესი საქმე უნივერსიტეტშიც და მის გარეთაც“, – წერდა მეორე დღეს თამარი სოციალურ ქსელში.  მერე კი, უნივერსიტეტში გამართულ ძალზე საინტერესო ტრენინგზე, იხსენებდა: „ერთ-ერთ სკოლაში ყოფნისას პატარა გოგონამ მითხრა, ვეტერინარობა მინდა და თუ ადრე არ გავთხოვდი, ვისწავლი ან, გათხოვებამაც რომ მომიწიოს, მაინც წავალ თბილისშიო. იქვე მჯდომმა თანაკლასელმა ჰკითხა, თბილისში ქმარმა რომ არ გაგიშვასო? პასუხი იყო – მამაჩემი ისეთს არ მიმათხოვებს, რომ არ მასწავლოსო. ამ გოგონამ განათლების უფლება უნდა მოიპოვოს, მსგავსად არაერთი ათასი მოზარდისა“, –  თქვა მაშინ თამარმა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღის აღნიშვნის მიზეზი და მიზანიც თავისთავად გამოიკვეთა მათთვის, ვისაც  ეს თარიღი ევროპული ღირებულებების უბრალო ადევნება ჰგონია: „უნივერსიტეტში და, ზოგადად, მეცნიერებაში მყოფი გოგონების და ქალების  პასუხისმგებლობაა, რომ დაეხმარონ იმ გოგონებს, ვისაც უწევთ დამტკიცება, რომ მათაც აქვთ განათლების უფლება. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ვიდრე კვლევა ან სწავლება“.

* * *

თამარ ქარაია მასწავლებლების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. დაასრულა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოს საშუალო სკოლა და, როგორც ყველა, ისიც დილემის წინაშე დადგა – რა პროფესია აერჩია. რადგან ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა, არჩევანიც დიდი ჰქონდა. მშობლები ხან სამედიცინოს ურჩევდნენ, ხან ეკონომიკის შესწავლას, მას კი რაღაც სხვა უნდოდა,  სპეციალობა, რომელიც ინტერესს გაუჩენდა და შეუყვარდებოდა.

ღირებულებებს ლიტერატურაში ეძებდა და პოულობდა. ამაში მშობლების წიგნისადმი სიყვარულიც დაეხმარა და ის დროც, როცა ანთებულ ლამპართან ჯდომა და კითხვა ერთადერთი საინტერესო საქმიანობა იყო – არც შუქი გვქონდა, არც კომპიუტერი და არც ათასგვარი გასართობი, სამაგიეროდ, იყო ფიქრი, ოცნება და საკუთარ თავში იმ გასაღების ძიება, რომელიც დამოუკიდებლობაში ახალფეხადგმულ ქვეყანას რაღაცნაირად წაადგებოდა. ოჯახს ბევრ რამეს უმადლის, მათ შორის იმასაც, რომ არასოდეს არავის შეუზღუდავს, არც არაფერი დაუძალებიათ და არც მის გადაწყვეტილებაში ჩარეულან.

პროფესია შემთხვევით აირჩია – ერთხელ გაიგონა, რომ ახლობელი თსუ-ში პოლიტოლოგიაზე სწავლობდა  და გადაწყვიტა, თავადაც ამ გზას დადგომოდა, თუმცა კარგად არ ესმოდა, რა უნდა ესწავლა და რა უნდა „გამოსულიყო“,  უბრალოდ ახალი იყო, საინტერესო და ახლოს იდგა მისი მომავლის ის-ის იყო გამოკვეთილ კონტურებთან. ახლა იხსენებს, რომ სკოლაშივე ძალიან უყვარდა საგანი  „საზოგადოება“. ხშირად აანალიზებდა მოვლენებს და ცდილობდა მათ შორის კავშირის მოძებნას.

თამარი საუბარში ხშირად ახსენებს, რომ რაღაც-რაღაცებში გაუმართლა. მაგალითად, გაუმართლა იმაში, რომ სპეციალობა სწორად შეარჩია, რადგან უნივერსიტეტმა ბევრი შესაძლებლობა მისცა; გაუმართლა ლექტორებშიც, რომლებიც, თუ ხედავდნენ, რომ ინიციატივა გქონდა და მიზანდასახული იყავი, გეხმარებოდნენ; გაუმართლა, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში მოხვდა და პოლიტიკური მოვლენების გაანალიზების შესაძლებლობა მიეცა,  სწორედ იქ გაუჩნდა სამეცნიერო ინტერესები და საკვლევი თემაც სწორად შეარჩია:  „მეხსიერების პოლიტიკა თანამედროვე საქართველოში (საბჭოთა კავშირის გააზრება ვარდების რევოლუციის შემდეგ)“.  სადისერტაციო თემაში აქტუალური საკითხები განიხილა –  როგორ იაზრებს ხელისუფლება მეხსიერების პოლიტიკას და როგორ იცვლება გააზრების პროცესი. ამბობს, რომ ეს თემა სამაგისტრო ნაშრომის მომზადების დროს „იპოვა“ და ამაში ბატონმა მალხაზ მაცაბერიძემაც ითამაშა დიდი როლი: „დისერტაცია 2016 წელს დავიცავი და მაშინ ეს საკითხი აქტუალური  იყო – მასში ვხსნიდი, როგორ უნდა გამოიყენო წარსული, რომ დღევანდელობა დაიგეგმოს“, – ამბობს იგი.

დღეს თამარ ქარაიას სამეცნიერო ინტერესები ფართოა და შეეხება მეხსიერების პოლიტიკას,  დემოკრატიისა და საზოგადოების განვითარების კვლევას, სოციალურ მოძრაობებს, სამოქალაქო  განათლებას; აქვს მიმდინარე კვლევითი პროექტები, აქტიურად აქვეყნებს პუბლიკაციებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, არის თანაავტორი სამოქალაქო განათლების რამდენიმე სახელმძღვანელოსა და მასწავლებელთა გზამკვლევისა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალად გამოიყენება.   

კვლევებსა და პროექტებში, რომელსაც თამარ ქარაია სტუდენტებთან ერთად ახორციელებს, ჩანს მისი ძალისხმევა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებისათვის.  სტუდენტებმაც იციან, რომ მასთან საგნის გავლა ნიშნავს აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა პროექტში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვასა და მათთვის სათანადო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.

სამოქალაქო განათლებით დაინტერესებას  პატარა ისტორიაც უძღვის წინ:  2014 წელს  USAD-მა ჩაატარა უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმების კვლევა – აინტერესებდათ, როგორ იყო გადანაწილებული პროგრამაში სამოქალაქო განათლების საკითხები. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე ეს საკითხები ისწავლება, თუმცა – არასაკმარისად. ამიტომაც მათ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) ერთად, უნივერსიტეტს შესთავაზეს – ჩაერთოთ კურიკულუმში კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა“. სწორედ ამ ეტაპზე – ანუ დასაწყისიდანვე ჩაერთო თამარ ქარაია პროექტში და  ფიქრობს, რომ აქაც სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ამ კურსში, სწავლების პარალელურად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ – თავად აღმოაჩინონ საკუთარი თავი, იპოვონ პრობლემა,  დაგეგმონ და განახორციელოს პროექტები.

თამარ ქარაია დღეს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) აღმასრულებელი დირექტორია. ასოციაცია, არაფორმალური განათლების ფორმატით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საშუალებას აძლევს და ამაში თსუ-ს სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი: „ამ ორგანიზაციის დახმარებით ვცდილობ – სტუდენტი გავიყვანო უნივერსიტეტს გარეთ და პრაქტიკულად ვაკეთებინო  საქმე.  საგნის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში, თსუ სოცპოლის სტუდენტებმა არაერთი პროექტი განახორციელეს. მაგალითად მოვიყვან 2016 წელს განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა აღმოაჩინეს, რომ  №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულები დიდი  დილემის წინაშე დგანან – არ იციან, რა გააკეთონ, სად ისწავლონ სკოლის დასრულების შემდეგ. სტუდენტებს მოუნდათ, რამით დახმარებოდნენ უსინათლო და მცირედმხედველ ახალგაზრდებს და მოიფიქრეს – ჩაწერეს ხმოვანი სახელმძღვანელოები, რომელიც შემდეგ აუდიოწიგნად გამოიცა“, – გვიყვება თამარი. მისი აზრით, ეს პროექტები ააქტიურებს ახალგაზრდას, აცნობს სხვა რეგიონის სტუდენტებს და ახალგაზრდებს და აჩვენებს, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ლექციაზე მისვლა. ეს ნაპერწკალი, რომელსაც იგი  თსუ სოცპოლის პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტებში აღვივებს, მისი აზრით, აუცილებლად გარდაიქმნება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროცესში და მაგალითი გახდება ყველასთვის, როგორ უნდა იზრუნონ თავად ქვეყნის აღმშენებლობისთვის, საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ბევრი წარმატებული მაგალითის გახსენება არის შესაძლებელი. მაგალითად, სტუდენტების მიერ დაწერილი პროექტის ფარგლებში გაიხსნა „პოლიტიკის სკოლა“, რომელშიც მომავალი პოლიტოლოგები არიან ჩართულნი, საკმაოდ რეიტინგულია და ბევრი მსმენელიც ჰყავთ, ასევე უნდა ვახსენოთ უმაღლესი განათლების სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც  ფონდ „ღია საზოგადოების“ ბუდაპეშტის ოფისის მიერ იყო გამოცხადებული და მასში თსუ-ს სტუდენტების პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ამ პროექტის ფარგლებში, თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტების და 202-ე საჯარო სკოლის თანამშრომლობით, შეძენილ იქნა ტექნიკა უსინათლო და მცირედმხედველი სტუდენტებისთვის, რომელიც კარგა ხანია უნივერსიტეტის რესურსია და გამოყენებას ელის.

როცა უკვე განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს, თამარ ქარაია განსაკუთრებით გამოყოფს პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში ჩამოიყვანეს ახალგაზრდები, რომელთა შორის უმეტესობა გალის რაიონიდან იყო. „ამ აქტივობებით სტუდენტებს დავანახეთ – რა რესურსები აქვთ, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნივერსიტეტის მიღმა გავიდნენ და მოახდინონ საკუთარი თავისი რეალიზება“, – ამბობს თამარი.

ასე – დღითიდღე იზრდება საქმიანობის არეალი, თუმცა, უნივერსიტეტის მედლის მიღების შემდეგ დიდხანს ფიქრობდა – რით დაიმსახურა ასეთი მაღალი შეფასება? ახლა ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არაა და აქ აუცილებლად უნდა ითქვას კოლეგებისა და იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც მთელი არსებით არიან ჩართულნი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროცესში, მხარს უჭერენ მის წამოწყებას  და ერთვებიან მასში…

თუმცა მთავარი კიდევ სხვაა – თამარ ქარაიამ იცის, რომ მედლის მიღება და მეცნიერ ქალთა და გოგონათა დღის აღნიშვნა იმიტომ კი არაა მნიშვნელოვანი, რომ ქალები რაღაცით გამოირჩევიან, იმიტომ, რომ აჩვენონ სხვა ქალებს – მეცნიერება ქალის საქმეა!

Facebook
Twitter
LinkedIn