ვენაში გამართულ იშვიათი დაავადებების მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე თსუ-დან ორი სტუდენტური პროექტის შედეგები წარადგინეს

თარიღი: 2023-02-16 19:53:32

2022 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში იშვიათი დაავადებების მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორი სტუდენტური პროექტის შედეგები პოსტერების სახით წარადგინეს. პროექტები, რომელიც  ღვიძლის რეგენერაციას შეეხებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტთა და პროფესორთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელდა.  მათგან ერთი იკვლევდა ღვიძლის ადაპტაციურ-კომპენსატორულ თავისებურებებს ალოქსანური დიაბეტის პირობებში, ხოლო მეორე –  ღვიძლის ადაპტაციურ-კომპენსატორულ თავისებურებებს სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის პირობებში.  კვლევაში  რვა სტუდენტი იყო ჩართული. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სტუდენტური პროექტების ფარგლებში დაფინანსდა.

ვენის იშვიათი დაავადებების მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე პოსტერები წარადგინეს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის  სტუდენტებმა:  ნინო ხარაიშვილმა, მერაბ ჭანტურიამ და ნინი შავაძემ. კვლევაში ასევე ჩართულები იყვნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტები: თორნიკე გოგოლაური, მერაბ სეფაშვილი, თორნიკე ლევერაშვილი, გიორგი ალექსანაშვილი.

სტუდენტური პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ დიანა ძიძიგურის თქმით, სტუდენტები კვლევაზე ორი წლის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობდნენ და გარკვეულ შედეგზეც გავიდნენ:  „კოვიდის პერიოდში გარკვეული რისკები იყო, მაგრამ სახლში ყოფნა სტუდენტებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ერთხელაც, უნივერსიტეტში რომ მოვედი, თავადვე მთხოვეს დახმარება – რაიმე გაგვეკეთებინა. სოციალური იზოლაციის გათვალისწინებით, სტუდენტებს ამ თხოვნაზე უარი ვერ ვუთხარი და გავაკეთეთ  ორი პროექტი, რომლებიც უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა. კვლევა წარმატებული აღმოჩნდა. უფრო დეტალურად რომ გითხრათ: ორივე კვლევაში გამოვლინდა, რომ  ალოქსანური დიაბეტის ან სუბდიაფრაგმული ვაგოტომიის პათოლოგიების საწყის ეტაპზე ღვიძლის უჯრედებში აქტიურდება ენდორედუპლიკაციის მექანიზმი, რომელიც, ჩვეულებრივ, ძუძუმწოვრებში მხოლოდ ერთხელ, ემბრიოგენეზის პერიოდში, ტროფობლასტის უჯრედებში (დაახლოებით 5-7-დღიან ჩანასახში) იყო აღწერილი. ამ პათოლოგიებისას კი ენდორედუპლიკაციის მექანიზმი, როგორც ალტერნატივა, ირთვება ჰეპატოციტებში. ანუ, თუ ორგანიზმი ნორმაშია, მექანიზმი არ ირთვება, ხოლო თუ პათოლოგიაა – ირთვება. ეს არის სიახლე, რომელიც მე 14 წლის წინ პირველად აღვწერე, ახლა უკვე ასოცირებულ პროფესორ – ირინა მოდებაძესთან ერთად, მაგრამ  სულ მაინტერესებდა  – სხვა პათოლოგიის დროსაც თუ აქტიურდებოდა ეს მექანიზმი, ანუ საყოველთაო იყო თუ არა. აღმოჩნდა, რომ ეს მექანიზმი ქსოვილსპეციფიკურია, ანუ ზოგიერთი ორგანო იყენებს მას და ზოგი კი – არა. მაგალითად, გულში ენდორედუპლიკაციის მექანიზმი არ ჩაირთო, ღვიძლში კი ჩაირთო.  შესაბამისად, ეს მექანიზმი შეჭიდულია ორგანოს ფუნქციებთან და საყოველთაო არ არის.

სწორედ ამ თემაზე იმუშავეს პროექტის ფარგლებში ჩვენმა სტუდენტებმა და ვენის საერთაშორისო კონფერენციაზე პოსტერების წარდგენით პირველი ნაბიჯები გადადგეს მეცნიერებაში. ცხადია, ეს მედიცინის ფაკულტეტის დამსახურებაცაა, რომელმაც სრულად დააფინანსა ჩვენი მგზავრობა კონფერენციაზე. უნდა გითხრათ, რომ ძალიან  ბედნიერი ვარ, რადგან ამ პირველ ნაბიჯებს, ასოცირებულ პროფესორ ირინა მოდებაძესთან ერთად, ვენაში მეც დავესწარი. მათ დიდი გამოცდილებაც მიიღეს და ახალ პრობლემებსაც გაეცნენ. გვსურს, თუ დაფინანსების მოპოვებას მოვახერხებთ, შემდეგ კონფერენციაზეც გავიდეთ და იმ კუთხით გავაშუქოთ ეს საკითხი, რომელიც ამ კონფერენციისთვისაა მნიშვნელოვანი“, – თქვა ჩვენთან საუბარში პროფესორმა დიანა ძიძიგურმა.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ  კვლევის შედეგების წარდგენამ დიდი მოტივაცია გაუჩინა თითოეულ მათგანს, რადგან  დიდი გამოცდილება მიიღეს. „ჩვენთვის ნათელი გახდა, რომელია დღეს უფრო აქტუალური საკითხი, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და როგორ ვიკვლიოთ. ამ კონფერენციამ კონკრეტული მიმართულება მოგვცა“, – გვითხრა  ნინი შავაძემ.

ნინი ხარაიშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი მედიკოსების ექსპერიმენტებში ჩართვა, ერთი მხრივ, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და გულისხმობს თეორიული მასალის მოძიებას, გააზრებას, ცდების შემუშავებას, იდეის/ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, რაც  მათ ლოგიკურ უნარებსა და აზროვნებას ავითარებს, მეორე მხრივ კი, მეთოდოლოგია, რომელსაც კვლევის პროცესში ეუფლებიან, მომავალში გამოადგებათ კლინიკურ შემთხვევებზე მუშაობისასაც. „ვენაში ჩვენ გავეცანით სხვების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლებიც, ძირითადად,  გოშეს დაავადებას შეეხებოდა. შესაბამისად, გაგვიჩნდა აზრი, რომ მომავალში  ჩვენც ვიმუშაოთ ამ თემატიკაზე“, – აღნიშნა ნინი ხარაიშვილმა.

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა დაინტერესება სამეცნიერო კვლევებით აკადემიური პერსონალის დამსახურებაა, რასაც სტუდენტებიც აღნიშნავენ. მერაბ ჭანტურიას თქმით, ისინი თავიანთ წარმატებებს მთლიანად უმადლიან პროფესორ დიანა ძიძიგურს და მასთან ერთად ასოცირებულ პროფესორ ირინა მოდებაძესა და ეკა ბაკურაძეს. ,,ქალბატონ დიანასთან პირველი კურსიდანვე სხვადასხვა ექსპერიმენტში ვართ ჩართული, ვმუშაობთ მორფოლოგიის კათედრაზე და ამ სამი წლის განმავლობაში არა მარტო ღვიძლზე, არამედ სხვა მოდელებზეც მოგვიწია დაკვირვება. ვფიქრობთ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ როგორც ინფორმაციული და თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ჩვენ დავეუფლეთ სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც  ექსპერიმენტების წარსამართად გვჭირდება. ამაში დიდი დამსახურება აქვთ როგორც ქალბატონ დიანას, ასევე მორფოლოგიის კათედრაზე მომუშავე სხვა პროფესორებს – ქალბატონ ირინა მოდებაძეს და ქალბატონ  ეკა ბაკურაძეს“, – გვითხრა მერაბ ჭანტურიამ.

მომავალ წელს იშვიათი დაავადებების მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კვლავ წარდგებიან ახალი პროექტით და ახალი მიგნებებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ თსუ-ში სწავლა-სწავლება და მეცნიერული კვლევა პრიორიტეტულია.

Facebook
Twitter
LinkedIn