თსუ-ს  მედიცინის ფაკულტეტზე იუბილეს ფარგლებში რამდენიმე  მასშტაბური  ღონისძიება  გაიმართა

თარიღი: 2023-02-14 15:15:12

თსუ-ს 105 წლის იუბილე  თსუ-ს  ფაკულტეტებმა  თავისი საქმიანობის შთამბეჭდავი  წარმოჩენით,   საინტერესო  ღონისძიებებით აღნიშნეს, სადაც  აქტიურ  მონაწილეობას  პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად  სტუდენტებიც იღებდნენ.    თსუ-ს  მედიცინის ფაკულტეტზე იუბილეს ფარგლებში რამდენიმე  მასშტაბური  ღონისძიება  გაიმართა: 2022 წლის ფაკულტეტის საუკეთესო კათედრის  – „დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის“ დაჯილდოება, სტუდენტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ნინო  ოკრიბელაშვილი, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.   

რეიტინგის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით, მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის,  ღირსეულ ადგილს იკავებს და სწავლების მიხედვითაც არ ჩამოუვარდება საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ უნივერსიტეტებს. სამედიცინო განათლების ისტორია დასაბამს 1918 წლიდან იღებს, როცა  თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში  სამედიცინო ფაკულტეტი დაარსდა. მართალია, მან არსებობა გარკვეული წლების მანძილზე შეწყვიტა, მაგრამ 1994 წელს თსუ-ში უმაღლესი სამედიცინო განათლება კვლავ აღდგა,  2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. მოყოლებული ამ დღიდან,  თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს  თავის საქმიანობას, რისი ერთ-ერთი დასტურიც თსუ-ს 105 წლის იუბილეს ფარგლებში გამართული ღონისძიებებია.

       როგორც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ აღნიშნა: „8 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია არა მარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქართველი ერისთვისაც.   ეს იყო მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი ქართველი ხალხის  ცხოვრებაში, რადგან ამის შემდეგ საქართველო მიაკუთვნეს ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარ ენაზე ჰქონდა უმაღლესი განათლება. ამ  დღეს, რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობა გვაქვს და  მას  სხვადასხვა ღონისძიებით აღვნიშნავთ. მედიცინის ფაკულტეტი რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციით შეხვდა ამ თარიღს. 

წელს ორი სიახლე გვაქვს:  პირველი – დღეიდან ყოველწლიურად დაჯილდოვდება თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საუკეთესო კათედრა. ეს იყო ფაკულტეტის ინიციატივა, რომელსაც მხარი  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა და მეორე – ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ს საიუბილეო დღეებში   ყოველწლიურად გაიმართება.  ამ კონფერენციაზე გამარჯვებული მოხსენებები კი,  ნაშრომების  სახით,   უნივერსიტეტის  სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება, რომელიც რამდენიმე სამეცნიერო ბაზაშია ინდექსირებული“, – აღნიშნა  პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ.      

წელს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო კათედრის  წოდება „დერმატო-ვენეროლოგიის“  კათედრას მიენიჭა. თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა  ჯაბა სამუშიამ   თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საუკეთესო კათედრას  სპეციალური სერტიფიკატი  გადასცა. ამ  კათედრაზე დღეს ორი პროფესორი მოღვაწეობს: პროფესორი გიორგი გალდავა (კათედრის ხელმძღვანელი)  და ასოცირებული პროფესორი თინა ქიტუაშვილი. 

„დღევანდელი დღე „დერმატო-ვენეროლოგიის“  კათედრისთვის  მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია.  ეს,  რა თქმა უნდა,  მარტო  2 პროფესორის  მიღწევა არ არის – ეს მთელი გუნდის გამარჯვებაა! კათედრას   2 მოწვეული პედაგოგი ჰყავს: მედიცინის დოქტორი მანანა სულაბერიძე და დოქტორანტი თამარ დარჯანია,  რომლებიც ჩვენთან ერთად იმსახურებენ იმ პატივს, რაც დღეს  გვერგო.   გარდა ამისა,  გვყავს 6 დოქტორანტი და  13 რეზიდენტი, რომლებიც სწავლებას  ჩვენს კათედრაზე გადიან.   მნიშვნელოვანია ის დაფასება, რაც ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ჩვენ მიმართ გამოიჩინა. ვფიქრობ, უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ  მოღვაწეობას  და  მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ჩვენი დედა უნივერსიტეტის სტუდენტთა აღზრდის საქმეში!“ – განაცხდა  პროფესორმა  თინა ქიტუაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა  მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და თსუ-ს რექტორს ამ აღიარებისთვის.   

ღონისძიების მეორე ნაწილი სტუდენტთა კონფერენციას დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა როგორც ქართველმა, ასევე, ფაკულტეტის ინგლისურენოვანი  პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტმა მიიღო. კონფერენციაზე შემაჯამებელი გამოსვლებით წარსდგა  შიდა კათედრალურ კონფერენციებზე გამარჯვებული 8 მომხსენებელი:  „მდგრადობის როლი მშობლის ფსიქოლოგიურ კონტროლს, ახალგაზრდების PIU-სა და დეპრესიას შორის: მედიაციისა და მოდერაციის მოდელები“ (მომხსენებელი თამარ ლოლაძე);   „თერაპიული ჰიპოთერმიის ეფექტი ნევროლოგიური გამოჯანმრთელების გაუმჯობესებასა და სიკვდილიანობის შემცირებაზე სრული იშემიის შემდეგ მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში“ (მომხსენებლები: მოჰამად ვაკასი, ანდია თაღდირი, მასუმე ჰეჯაზი, აფსა კალური); „აორტის სარქვლის ნეოკუსპიდიზაცია გლუტარალდეჰიდით დამუშავებული აუტოლოგიური პერიკარდიუმით (ოზაკის პროცედურა) საქართველოში (5 წლიანი გამოცდილება, შემთხვევის აღწერა)“ (მომხსენებელი: გიორგი ბოკერია); „გლიმფური სისტემა. ფიზიოლოგიური რეგულირება და კავშირი ნეიროდეგენერაციულ პროცესთან“ (მომხსენებელი რაკეშ აშოკ კადამი); „კარდიომიოციტების ადაპტაციურ-კომპენსატორული მექანიზმების თავისებურებების შესწავლა ზრდასრულ ვირთაგვებში ალოქსანური დიაბეტის მოდელზე“ (მომხსენებლები: ნინო ხარაიშვილი, მერაბ ჭანტურია, ნინი შავაძე, თორნიკე ლევერაშვილი, მარიამ თოხიშვილი). ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს.  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  ჯაბა სამუშიამ  ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა: „მედიცინის ფაკულტეტმა ჩვენს ტრადიციულ ფაკულტეტებს შორის არათუ ადგილი დაიკავა, არამედ გახდა ერთ-ერთი ლიდერი. მისი წარმატება გასცდა უნივერსიტეტის წიაღს და გახდა უფრო მასშტაბური. ძალიან საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ჩვენმა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა და სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ ფაკულტეტი ძალიან ინტენსიურად მუშაობს. დღეს ახალ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი, გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო კათედრა მედიცინის ფაკულტეტზე. ამ ფორმით ფაკულტეტზე წახალისდება კათედრები, რათა მათი მუშაობა უფრო პროდუქტიული იყოს. ასეთი სიმბოლური დაფასება აუცილებელია იმ ადამიანების, რომლებიც რუდუნებით შრომობენ ჩვენი სტუდენტებისთვის“, – განაცხადა  რექტორმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ დიმიტრი კორძაიას და მთელ აკადემიურ პერსონალს ასეთი ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის. 

კონფერენციაზე ტრადიციისამებრ დაჯილდოვდნენ მიმდინარე წელს დერმატო-ვენეროლოგიაში წარმატებული სტუდენტები, რომლებსაც გადაეცათ წიგნი –  „დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი“.

Facebook
Twitter
LinkedIn