თსუ-ს 105 წლის იუბილე

თარიღი: 2023-02-09 19:55:58

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაფუძნებიდან 105 წელი აღნიშნა. 8 თებერვლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტმა საუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციებისა და თანამედროვე მიღწევების სინთეზი წარმოაჩინა – მოეწყო ექსპოზიციები, პრეზენტაციები, სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების გამოფენა, პატივი მიაგეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით 14 პროფესორი დაჯილდოვდა, გაიმართა  სპორტული და კულტურული აქტივობები, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და საუნივერსიტეტო საზოგადოება  პირველი კორპუსის ეზოში მდებარე ტაძარში წირვა-ლოცვას დაესწრო.

ისტორია, სწავლება, კვლევა, კულტურა, სპორტი, მესამე მისია  – აღნიშნული მიმართულებებით საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ყველა ფაკულტეტზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სამეცნიერო ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოეწყო კონფერენციები, მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და წიგნების პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, კვლევითი პროექტების წარდგინებები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, დაჯილდოვდნენ ფაკულტეტების კონფერენციებში გამარჯვებული მოხსენებების ავტორები.

„ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან, უნივერსიტეტი იქცა არა მხოლოდ განათლების ცენტრად, არამედ, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მთავარ კერად მე-20 საუკუნის საქართველოში. მაგრამ ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს უნივერსიტეტი ინარჩუნებდა მთავარ ნაციონალურ იდეას, რომელზეც გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი სახელმწიფო დაფუძნდა. სწორედ ესაა უნივერსიტეტის უპირველესი მისია“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საიუბილეო ღონისძიებაზე. 

ყველა უნივერსიტეტელსა და სრულიად საქართველოს მიულოცეს  თსუ-ის 105 წლის იუბილე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ. საიუბილეო ღონისძიებაზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით 14 პროფესორი დააჯილდოვეს. „ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაც. ამ ჯილდოს ჩემთან ერთად ინაწილებს მთელი ფაკულტეტი. ეს არის ხალხი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ფაკულტეტი იყოს უპირობო ლიდერი ფსიქოლოგიური განათლების სფეროში საქართველოში“,- განაცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ია კუტალაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და მისი უწყვეტი განვითარების მნიშვნელობაზე საზოგადოების წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა ისაუბრეს. როგორც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა აღნიშნა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება არ არის ლოკალური მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. უნივერსიტეტს იმთავითვე უმნიშვნელოვანესი მისია დაეკისრა ჩვენი ქვეყნის წინაშე და დღემდე იგი ამ მისიას პირნათლად ასრულებს“.

„გამორჩეული დღეა საქართველოს ისტორიაში – დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელი დღე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების დღე! დიდმა ივანე ჯავახიშვილმა საკმაოდ მაღალი კლასის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ჯერ კიდევ პეტერბურგში შეიმუშავა უნივერსიტეტის დაფუძნების გეგმა. 1917 წლის გაზაფხულზე თბილისში ჩამოვიდა და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებასთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, შექმნა საუნივერსიტეტო საზოგადოება. შეკავშირებულებმა მოახერხეს საუნივერსიტეტო იდეის მნიშვნელობის სწორი პროპაგანდა. უკვე 3 იანვარს პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წარდგინებით, პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს, ხოლო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად ივანე ჯავახიშვილი. დღეს უნივერსიტეტი უკვე 105 წელს ითვლის, აყვავებულია და მინდა ყველა უნივერსიტეტელს, პროფესორს, სტუდენტს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლება 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. უნივერსიტეტთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ის ოჯახები, სადაც უნივერსიტეტელობა უკვე ტრადიციად არის ქცეული.

„ბიძაჩემი რევაზ გაჩეჩილაძე, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს, პირველი მიღების სტუდენტი იყო, მამაჩემი აქ სწავლობდა და მოღვაწეობდა, აქ ვსწავლობდი და ვსაქმიანობ მეც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელეს განათლების მიღება ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ძვირფასია პირველი ქართული უნივერსიტეტი და ამასთანავე, მას აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დიდი ძალა, რადგან მთელი საუკუნის განმავლობაში ქართველი ერის ბედი დიდწილად სწორედ ამ შენობაში წყდებოდა“, – აღნიშნა პროფესორმა, აკადემიკოსმა რევაზ გაჩეჩილაძემ.

„უნივერსიტეტი ინარჩუნებს დედაუნივერსიტეტის სულისკვეთებას და, რაც მთავარია, გრძელდება ტრადიციები, მკვიდრდება სიახლეები, ახალი თაობები არ ივიწყებენ დამფუძნებლების ღვაწლს“, – განაცხადა პროფესორმა ვალერი ასათიანმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დამანა მელიქიშვილი ივანე ჯავახიშვილს იოანე პეტრიწის „მემკვიდრედ“ მიიჩნევს: „როგორც გელათის აკადემია იყო განათლების კერა და განვითარების ახალი საწყისი მეთორმეტე საუკუნის საქართველოში, ასევე უნივერსიტეტის დაფუძნება გახდა დიდი ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განმარტავს პროფესორი.

„თბილისის უნივერსიტეტის იუბილეზე ყოველთვის მოვდივარ, რომ გავიხსენო ის ყველაფერი, რაც  უნივერსიტეტს უკავშირდება.  მინდა ვუთხრა ახალ თაობას, რომელიც უნივერსიტეტში მიდის განათლების მისაღებად – დაბრუნდნენ აქ და გააკეთონ ისეთი დიდი საქმეები, როგორიც დამფუძნებელთა თაობამ გააკეთა. მე ვფიქრობ, სანამ საქართველო იქნება, უნივერსიტეტი იარსებებს როგორც მნიშვნელოვანი და საამაყო კერა“, – აღნიშნა შალვა ნუცუბიძის შვილმა, პროფესორმა თამარ ნუცუბიძემ.

8 თებერვლის საიუბილეო ქრონიკა

უნივერსიტეტის დამფუძნებლებისადმი პატივის მიგება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო დღე დამფუძნებლებისადმი პატივის მიგებითა და დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვით დაიწყო. უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

„1918 წლის 8 თებერვალს თბილისში შეიქმნა პირველი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში, რომელმაც სწავლება მშობლიურ ენაზე დაიწყო. ერთიორად მნიშნელოვანია 8 თებერვალი იმის გათვალისწინებით, რომ ასევე აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. დილიდან შევამკეთ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პანთეონში დამფუძნებლების საფლავები, დავესწარით წირვას, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში აღევლინა. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ეს დღე ყველა უნივერსიტეტელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აცნობიერებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დანიშნულებას ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყოს ყოველთვის მხნედ და ძლიერად, რაც, როგორც საგანმანათლებლო სივრცისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.

„105 წელი დიდი დროა, ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტმა არაერთი თაობა აღზარდა, რომელიც წარმოადგენდა, წარმოადგენს და მომავალშიც იქნება საქართველოს განვითარების მამოძრავებელი ძალა“, – აღნიშნა დამფუძნებლებისადმი პატივის მიგების ცერემონიაზე თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ალექსანდრე გაბაშვილმა.

გამოფენა – უნივერსიტეტის დაფუძნების რეტროსპექტივა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე XX საუკუნის  დასაწყისის მოვლენების რეტროსპექტივა აისახა – გამოფენა გაიხსნა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენით: მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, უნივერსიტეტის დაარსება, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და დაიხურა ივანე ჯავახიშვილის ციტატით: „სიყვარულის გარეშე არაფერი საქმე არ გაკეთდება“.  ექსპოზიციაზე ფოტოების საშუალებით გაცოცხლდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების წინარე პერიოდი. წარმოდგენილი იყო უნიკალური საარქივო დოკუმენტები, პოსტერები, დამფუძნებლების პირადი ნივთები და საუნივერსიტეტო ექსპონატები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესში საძირკვლის ნიშაში მოთავსებული ღვინის ბოთლები, თიხის ჭურჭელი, იმ დროს არსებული საზოგადოების წესდებები და გაზეთები; უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ნიკო ცხვედაძის ჩანაწერები გიმნაზიის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით; თსუ-ს მუზეუმში დაცული უნივერსიტეტის დამფუძნებლების, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები; კოტე ბაქრაძის მიერ ჰეგელისა და ედმუნდ ჰუსერლის სალექციო ჩანაწერები გერმანულ ენაზე; პირველი ჩათვლის წიგნაკები, მათ შორის, ბიძინა რამიშვილის ჩათვლის წიგნაკის დედანი; უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების ოქმები; პირველ კურსდამთავრებულთა სიები; სასწავლო პროგრამები უნივერსიტეტის დაარსების დღიდან; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ბეჭდის ესკიზები და ბეჭედი.

„XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძალიან გააქტიურებული იყო სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობები: „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება“, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“… მათ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი საქართველოში პირველი დიდი გიმნაზიის მშენებლობას, სადაც 1918 წლიდან უნივერსიტეტი განთავსდა. ჩვენს ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გეგმა იმ მიწისა, სადაც აშენდა ეს გიმნაზია. 1973 წელს შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდა, ნიშაში ბოთლები და ქილა აღმოაჩინეს, რომელშიც ჩადებული იყო იმდროინდელი პერიოდული გამოცემები, წესდებები, ანუ ერთგვარი გზავნილი მომავალი თაობებისთვის… აღნიშნული ექსპონატებიც წარმოდგენილი გვაქვს. გამოფენილია დამფუძნებლების მემორიალური ნივთები, ასევე, პირველი ლექტორების, პირველი გამოშვების სტუდენტთა სია… შევეცადეთ წარმოგვეჩინა ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც უნივერსიტეტის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა თსუ-ს მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.

საუნივერსიტეტო წიგნების გამოფენა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი საუნივერსიტეტო გამოცემები, პირველი დისერტაციები და უნივერსიტეტის ამჟამინდელი პროფესორ-მასწავლებლების ბოლო წლებში გამოცემული მნიშვნელოვანი ნაშრომები. საუნივერსიტეტო წიგნების გამოფენა შინაარსობრივად ფაკულტეტების მიხედვით დაიყო. თითოეულ ექსპოზიციასთან განთავსებული იყო მონიტორები, სადაც დამთვალიერებლებს ფაკულტეტების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლების ნახვის საშუალება ჰქონდათ.

„მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი და წიგნი ერთმანეთისგან განუყოფელია. ჩვენ შევეცადეთ გამოფენის დიდი ნაწილი ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების უახლეს მიღწევებს დასთმობოდა, მაგრამ, ამავე დროს, გამოვფინეთ ის ძვირფასი მასალა, რომელიც ასახავს უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის დასაწყისს, ანუ წარმოვადგინეთ პირველი გამოცემები და ასევე საეტაპო მნიშვნელობის დისერტაცია, რითაც ჩვენი საბიბლიოთეკო ფონდი იწონებს თავს“, – განმარტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

იურიდიულ ფაკულტეტზე სახელობითი აუდიტორიები გაიხსნა

თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ფაკულტეტის დამაარსებელ პროფესორთა სახელობის ხუთი აუდიტორია გაიხსნა. ასევე გაიხსნა ორი საკონფერენციო დარბაზი, რომელთაც საქართველოში პირველი იურისტი ქალი მეცნიერის, სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლის თინათინ წერეთლისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ფუძემდებლის, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელები მიენიჭათ.

„იურიდიულ ფაკულტეტზე გაიხსნა ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და თინათინ წერეთლის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზები, ასევე მოხდა აუდიტორიების სახელდება, მათ შორის არის გიორგი ნანეიშვილის, ალექსანდრე ვაჩეიშვილის, იროდიონ სურგულაძის, სერგო ჯორებანიძის და ისიდორე დოლიძის სახელობის აუდიტორიები. დაგეგმილი გვაქვს მათივე სახელობის სტუდენტური სტიპენდიების დაწესებაც, რაც ხელს შეუწყობს ღვაწლმოსილი პროფესორების სახელების უკვდავყოფას. მინდა, მადლობა ვუთხრა უნივერსიტეტს და, ასევე, იურიდიულ ფირმებს, რომელთა თანადგომითაც ჩვენ ამ პროექტის განხორციელება შევძელით“, – განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

სპორტული და კულტურული ღონისძიებები

საიუბილეო დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ახალი სპორტული სივრცეები საზეიმოდ გაიხსნა. კალათბურთისა და ფრენბურთის დარბაზის პრეზენტაციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საიუბილეოდ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში – ტექბოლი, 3*3 ფეხბურთი, კალათბურთი – გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.

„ზუსტად 105 წლის წინ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტით და 400-მდე სტუდენტით დაიწყო საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში. ამ პერიოდიდან მოყოლებული თსუ იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ქვეყნის, ქართული საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე. ამდენად, 8 თებერვალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერისტეტელებისთვის, არამედ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის… აქედან გამომდინარე, ვულოცავ ყველას უნივერსიტეტის იუბილეს და ვუსურვებ მუდმივ განვითარებას, საინტერესო გამოწვევებს. ვისურვებდი, რომ ის არა მხოლოდ საქართველოში  და რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყოფილიყოს ერთ-ერთი წამყვანი წარმატებული უნივერსიტეტი.

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები გვქონდა დაგეგმილი: საგანმანათლებლო, სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული… გავხსენით  კალათბურთის ორი დარბაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს სპორტული გუნდები ფეხბურთში, კალათბურთში, მათ შორის, კალათბურთში სტუდენტური და პროფესიონალური გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, პოპულარიზაცია… ამიტომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს ამ პროცესების ხელშეწყობას“, – განაცხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი შამათავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სპორტული კლუბია, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა. ახალი სპორტდარბაზების გახსნის შემდეგ თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი კლუბში მცირე ასაკობრივი ჯგუფების მიღებასაც გეგმავს.

„თსუ-ს აქვს დიდი  სპორტული ტრადიცია – ამ წელს  თსუ კალათბურთის კლუბს 100 წელი შეუსრულდა,  ერთ-ერთი უძველესი კლუბია საქართველოში. ორი ახალი დარბაზის გახსნა ნიშნავს, რომ თსუ-ს უმაღლეს ლიგაში მოთამაშე პროფესიონალურ გუნდთან ერთად ეყოლება საკალათბურთო გუნდები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ეს იქნება ერთგვარი სპორტული აკადემია.  იმედი გვაქვს წარმატების და ქვეყნის მასშტაბით წარმოვაჩენთ, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სახელს“, – აღნიშნა თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ხარჯავანიძემ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს უწყობს ისეთ აქტივობებს, რომელიც ბავშობის ასაკიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს უწყობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. რაც შეეხება ჩვენს გუნდსა და მიზნებს, ვცდილობთ თამაშიდან თამაშამდე გავძლიერდეთ და ჩვენი შედეგი მხოლოდ მოგებით დავაფიქსიროთ“, – გვითხრა თსუ-ს კალათბურთის გუნდის წევრმა ნიკა დარბაიძემ.

სპორტულ ღონისძიებებთან და ახლად გახსნილი დარბაზების პრეზენტაციასთან ერთად 8 თებერვალს საჭადრაკო ტურნირიც გაიმართა, რომელშიც თსუ-ს სტუდენტებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„საჭადრაკო ტურნირში, საერთო ჯამში, დაახლოებით 60-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. გამარჯვებულებს სიმბოლური, სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით“, – აღნიშნა თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი სარალიძემ.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამოიფინა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის პროფესორებისა და სტუდენტების ნამუშევრებიც. ექსპოზიცია თსუ-ს პირველი კორპუსის მუზეუმში იყო წარმოდგენილი.

თსუ-ს პირველ კურსდამთავრებულთა საიუბილეო მარკების პრეზენტაცია

უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტამ  პირველ კურსდამთავრებულთა საიუბილეო მარკები გამოუშვა. საიუბილეო მარკებზე გამოსახულია ივანე ჯავახიშვილი პირველ კურსდამთავრებულებთან ერთად, ასევე, სიმონ ჯანაშია, შალვა ამირანაშვილი, არნოლდ ჩიქობავა, თამარ ლომოური და ვარლამ თოფურია. მარკები საქველმოქმედო ხასიათისაა, საქართველოს ფოსტა შემოსული თანხის ნაწილის გამოყოფას  სოფელ ხოვლეში მდებარე ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის გეგმავს.

„ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. მონაწილეობის მიზეზიც გვაქვს, გამოვეცით პირველ კურსდამთავრებულთა საიუბილეო მარკები და მიღებული შემოსავლის ნაწილით ვგეგმავთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესის ხელშეწყობას. ასევე, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოიცემა წიგნი, სადაც დამფუძნებელთა ოჯახებში შემონახული უნიკალური ისტორიული დოკუმენტები შევა. ეს არის მასალები, რომელსაც ჯერ საზოგადოება არ იცნობს“, – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ

საიუბილეო საღამო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო ღონისძიებები  საზეიმო სხდომითა და კონცერტით დასრულდა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი,  უნივერსიტეტების რექტორები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სხდომა გახსნა და უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წლისთავი მიულოცა საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც გაიხსენა უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელოვანი ეტაპები, პატივი მიაგო დამფუძნებელთა მოღვაწეობას და  ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივაზე.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების კუთხით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის იყო და არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური მხარდამჭერი და პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტში აკადემიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის უნივერსიტეტის გამორჩეულ პროფესორებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან ერთად, საპატიო პრიზი გადასცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტის 14 პროფესორს. მათ შორის იყვნენ – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები ქეთევან ჭკუასელი და იამზე კუტალაძე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები რევაზ გაჩეჩილაძე და ნათელა დონაძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები დარეჯან თვალთვაძე და მანანა რუსეიშვილი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები ელიზბარ ნადარაია და რამაზ გახოკიძე; მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ნოდარ ხოდელი და ლალი შარვაძე; ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები სიმონ გელაშვილი და ნუგზარ თოდუა; იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები მარინა გარიშვილი და გოჩა ფერაძე.

ღონისძიების ბოლოს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურისა და სპორტის დეპარტამენტების ორგანიზებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სტუდენტური კაპელა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ცნობილი მომღერლები.

Facebook
Twitter
LinkedIn