იურიდიულ ფაკულტეტზე ახალი კრებულების პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2023-02-09 19:37:13

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თსუ-ს იურიდიულმა ფაკულტეტმა ორი ახალი კრებულის პრეზენტაცია გამართა. „საბჭოთა სახელმწიფოს ზღვარგადასული ინტერვენცია ქართულ იურიდიულ მეცნიერებაში და ბრძოლა ევროპაში განსწავლული მეცნიერ იურისტების წინააღმდეგ საბჭოთა საქართველოს ინტერიერში“ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორ მარინა გარიშვილისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტის მკვლევრის – თორნიკე ნემსიწვერიძის რედაქტორობით გამოიცა; „პროფესორი იროდიონ სურგულაძე –  130“ საიუბილეო კრებულის რედაქტორები გახლავთ თორნიკე ნემსიწვერიძე და  სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი სიმონ ტაკაშვილი.

„ჩვენი ორივე კრებული გახლავთ  პატივის მიგება ჩვენი ფაკულტეტის დამფუძნებელი პროფესორების ღვაწლისადმი. გამოცემაში – „საბჭოთა სახელმწიფოს ზღვარგადასული ინტერვენცია ქართულ იურიდიულ მეცნიერებაში და ბრძოლა ევროპაში განსწავლული მეცნიერ იურისტების წინააღმდეგ საბჭოთა საქართველოს ინტერიერში“ – ასახულია მოვლენა, რომელიც ე.წ. დისკუსიების სახელით არის ცნობილი და ასახავს ძალიან მძიმე პერიოდს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩაეხშო თავისუფალი აზრი უნივერსიტეტში,  უარყოფდა აკადემიურ თავისუფლებას. ძალიან ბევრმა ჩვენმა დამფუძნებელმა პროფესორმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, რა თქმა უნდა, რთული პერიოდი იყო ფაკულტეტის ისტორიაში. ის, რომ ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხებზე და გვაქვს პრეზენტაცია, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი სახელების უკვდავყოფას“, – განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.

კრებული – „საბჭოთა სახელმწიფოს ზღვარგადასული ინტერვენცია ქართულ იურიდიულ მეცნიერებაში და ბრძოლა ევროპაში განსწავლული მეცნიერ იურისტების წინააღმდეგ საბჭოთა საქართველოს ინტერიერში“ – მომზადდა იროდიონ სურგულაძის სამართლის ინსტიტუტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა (რომის კერძო სამართლის) და სამართლის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. მასში თავმოყრილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ბრძოლა მოუწყო „ბოლშევიკური ტირანიის დამყარებიდან“  თითქმის 10 წლის თავზე მარქსისტ-ლენინელი იურისტების ხელით იმ პერიოდის პოლიტიკურმა ხელისუფალმა ცნობილ ქართველ იურისტებს: იროდიონ სურგულაძეს, გიორგი ნანეიშვილს, ალექსანდრე ვაჩეიშვილსა და სერგი ჯაფარიძეს.

„ეს კრებული შეიცავს უნიკალურ მასალას, უპირველეს ყოველისა ეს არის იმ ე.წ. დისკუსიის მასალები,  რომელიც ჩატარდა 1930 წლის 27 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. ეს იყო ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების ძალიან აგრესიული ნაწილისა ქართული იურიდიული მეცნიერების ყველაზე გამოჩენილი წარმოდგენლების წინააღმდეგ. ამ ადამიანებს უარი ათქმევინეს თავიანთ შემოქმედებაზე. განსაკუთრებით ეს შეეხო იროდიონ სურგულაძეს, ალექსანდრე ვაჩეიშვილს… გიორგი  ნანეიშვილის ბედი საერთოდ არ ვიცით…  ეს კრებული მათ ხსოვნას მივუძღვენით. პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც უნიკალური მასალებია ამოღებული ხელნაწერთა ინსტიტუტის საქაღალდეებიდან. ძალიან დიდი მადლობა უშუალოდ ოჯახებს, განსაკუთრებით იროდიონ სურგულაძის ოჯახს, მათ უნიკალური მასალები გადმოგვცეს. კრებულში შესულია ის ე.წ. შედეგები, რომელიც შედგა ოქმის სახით რუსულ ენაზე. გამოცემაში უდიდესი ნაწილი ეთმობა რუსული დოკუმენტების თარგმანებს, რომლებიც ავთენტურად არის ნათარგმნი, შენარჩუნებულია სტილი იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვისთან, რასთან გვქონდა საქმე 30-იან წლებში, რას ნიშნავდა ყოფილიყავი მეცნიერი იმ პერიოდში და რის ფასად ვითარდებოდა ქართული სამართალი“, – განაცხადა კრებულის სამეცნიერო რედაქტორმა,  იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გარიშვილმა.

„წინამდებარე კრებულის გამოცემით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდება ცნობილი დაინტერესებული საზოგადოებისათვის, რათა მეტ-ნაკლებად სწორად შეფასდეს XX საუკუნის 20-30-იანი წლების იურიდიული აზრის მდგომარეობა საქართველოში. კრებული შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ პლატფორმად, რომელიც პროფესიულ წრეებს − იურისტებს, სამართლის მეცნიერების კონტექსტში, საბჭოთა წარსულის გააზრების საშუალებას მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ „კონდრატიევშჩინის“ პროცესი ქართული ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერული აზრის წინააღმდეგ და, შესაბამისად, მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობის დამკვიდრებისათვის სწორედ იურისტებთან ბრძოლით დაიწყო 1930 წლის ოქტომბერში და შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში, პედაგოგიური ინსტიტუტისა და საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლების წინააღმდეგ გამართულ გაუგონარ და ამაზრზენ „პროცესიაში“ გადაიზარდა, იურისტების წინააღმდეგ მიმართული პროცესების ამსახველი საარქივო დოკუმენტები დღემდე არ გამოქვეყნებულა და, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კრებული უნიკალურია.

წინამდებარე კრებული მკითხველს ნათლად დაანახებს პოლიტიკური ხელისუფალის წინასწარ აკვიატებულ სურვილებს, ამ სურვილების განხორციელების მავნე, დეგრადირებულ ფორმებსა და პერსონალიების ორ ჯგუფს – მათ, ვინც შეძლეს შეენარჩუნებინათ ადამიანური და პროფესიული სახე და მათ, ვინც ეს სახე ეპოქის მოთხოვნის შესაბამისად დაკარგეს და ამას არც კი განიცდიდნენ. ამ გამოცემის მიზანია, ყველას ახსოვდეს ის – თუ რას და ვის, ვისი ხელით ანადგურებდა საბჭოთა ხელისუფლება და რამ განაპირობა ქართულ იურიდიულ მეცნიერებაში დიდხნიანი „თებერვლის ღამე“, – აღნიშნა კრებულის სამეცნიერო რედაქტორმა თორნიკე ნემსიწვერიძემ.

კრებული „პროფესორი იროდიონ სურგულაძე – 130“ იროდიონ სურგულაძის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით გამოიცა. კრებული აერთიანებს საქართველოში სამართლის კლასიკად ქცეულ ნაშრომებსა და თანამედროვე პერიოდის ახალგაზრდა მკვლევრების მიერ მომზადებულ კვლევებს. გამოცემაში გამოქვეყნებულია იროდიონ სურგულაძის წერილიც საჯარო უფლებრივი ხელშეკრულების პრობლემის შესახებ, ასევე, ცნობილი მეცნიერების – ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და სხვების წერილები.

„სტატიათა კრებული ეძღვნება საქართველოში უმაღლესი იურიდიული განათლებისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ იროდიონ სურგულაძის 130 წლის იუბილეს.

პროფესორი იროდიონ სურგულაძე (1892-1945) გახლდათ ფაკულტეტის დამფუძნებელ იურისტ პროფესორთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლების ჩამოყალიბება. ის გახლდათ სამართლის თეორიის, სამართლის ფილოსოფიის, სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სამართლის ისტორიის ერთ-ერთი მესაძირკვლე საქართველოში. პროფესორი იროდიონ სურგულაძე პირველი იყო არა მხოლოდ იმაში, რომ საფუძველი ჩაუყარა მთელ რიგ იურიდიულ დისციპლინებს ახლად დაარსებულ ფაკულტეტზე, არამედ სწორედ მან, პირველმა დაიცვა გერმანულენოვანი სადოქტორო დისერტაცია სამართალში თემაზე – ,,Gewalt und Recht”. ეს პუბლიკაცია გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შესაბამისად, საქართველოში) პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომლის საფუძველზედაც ავტორს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. აღნიშნული წიგნი, როგორც პროფ. სურგულაძის Opus Magnum-ი იმ კლასიკურ ნაშრომთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც გასული საუკუნის ოციან წლებში საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ იურიდიულ აზროვნებას, ხოლო მის ავტორს სიცოცხლის შემდეგ მოუტანა „უკვდავება“ მეცნიერებაში. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისეთი ფართომასშტაბიანი მოაზროვნე იურისტი და მაღალი დონის მეცნიერი, როგორიც გახლდათ პროფესორი იროდიონ სურგულაძე (პროფესორებთან ლუარსაბ ანდრონიკაშვილთან და გიორგი ნანეიშვილთან ერთად), ქართულ იურიდიულ საზოგადოებას არ ჰყოლია“,“ – განაცხადა თორნიკე ნემსიწვერიძემ.

ახალი კრებულების პრეზენტაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, 7 თებერვალს გაიმართა. წიგნები იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

Facebook
Twitter
LinkedIn