იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში იურიდიულმა ფაკულტეტმა 2022 წლის მეორე საფაკულტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. კონფერენციის ფარგლებში მომზადებული კვლევები სამართლის ყველა მიმართულებით განხორციელდა. სტუდენტებს სპეციალური სიგელები და იურიდიული ფაკულტეტის ახალი გამოცემები ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს ფარგლებში ჩვენი კონფერენციის გამარჯვებულები საზეიმოდ დავაჯილდოვეთ. იურიდიული ფაკულტეტისთვის კვლევითი კომპონენტის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ფაკულტეტზე არაერთი სამეცნიერო ჟურნალი გვაქვს, მათ შორის, სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალი, სადაც სტუდენტებს კვლევების გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვთ. ამ კონფერენციის მნიშვნელობა მართლაც ძალიან დიდია, რადგან ეს არის ჩვენი სტუდენტების პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში“, – განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
„კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა ძალიან საინტერესო თემებზე იმუშავეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, საკონსტიტუციო სამართლის ქვედარგების მიმართულებებით. კვლევების შინაარსობრივი მხარისა და კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ჩართულობის კომპონენტების გათვალისწინებით გამოვავლინეთ გამარჯვებულები, რომლებიც დღეს დავაჯილდოვეთ. ვფიქრობ, ეს მათი შემდგომი წარმატებული სწავლისა და კვლევითი საქმიანობის სტიმული გახდება“, – აღნიშნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა კობა ყალიჩავამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში 12 საუკეთესო სტუდენტი დაჯილდოვდა.
„ჩემი თემა ეხებოდა დღეს ძალიან აქტუალურ საკითხს – „ეკონომიკური სანქციები – საერთაშორისო სამართლის ეფექტიანი პოლიტიკა თუ აკრძალული ინტერვენცია“. აღნიშნული საკითხი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მაგალითზე განვიხილე.
ვფიქრობ, სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს კვლევითი უნარების გამომუშავებაში ეხმარება. ძალიან ბევრი სახელმძღვანელო, მონოგრაფია თუ კვლევები არსებობს სამართლის დარგში, თუმცა, როდესაც ირჩევ პრობლემურ საკითხს და მის გადაწყვეტაზე იწყებ ფიქრს, სრულად განსხვავებული გამოცდილებაა, რაც როგორც პიროვნულ, ასევე, პროფესიულ ზრდაში გეხმარება“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ელენე წოწონავამ.
„იდენტობის დისოციაციური აშლილობა, როგორც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება“ – ეს გახლდათ ჩემი საკვლევი თემა. საკითხი აქტუალურია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არსებობს – არ გვაქვს კონკრეტული შემთხვევები იმის შესახებ, უნდა დავსაჯოთ თუ არა ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება აქვს. კვლევით პროცესში ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იურისტისთვის აუცილებელ უნარებს ვიძენთ, რაც პროფესიულ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ნატო ბერიანიძემ.
იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტთა საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ყოველსემესტრულად იმართება.