მრგვალი მაგიდა – ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა. სადისკუსიო შეხვედრა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მოეწყო. აქტუალური პრობლემები თანამედროვე ფსიქოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურამ საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების კოლეგებთან ერთად განიხილა.
„ფსიქოლოგიურ მეცნიერებებში ძალიან ბევრი კვლევებია, მაგრამ ზოგადი თეორიები ძალიან ცოტაა, ამიტომ შევიკრიბეთ თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესურასთან, დარგის ექსპერტებთან ერთად სასაუბროდ. განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიის მეცნიერებაში მეთოდოლოგიურ და თეორიულ საკითხებთან მიმართებით“, – განაცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.
დისკუსიაში პანელისტების სტატუსით მონაწილეობა მიიღეს: ქეთევან მაყაშვილმა (ილიაუნი), თინა ჩხეიძემ (ჯიპა), რუსუდან ციცქიშვილმა (იუჯი, ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა), ნანა ბურდულმა (იუჯი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა), რუსუდან მხეიძე (თსსუ), დიმიტრი ნადირაშვილმა (ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი), იამზე კულტალაძემ (თსუ), მზია წერეთელმა (თსუ), მარინე ჩიტაშვილმა (თსუ), ლადო გამსახურდიამ (თსუ), შორენა მამუკაძემ (თსუ), ეკა ფირცხალავამ (თსუ).
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიულ ჯგუფში პროფესიონალებს შორის აქტიური და უწყვეტი კომუნიკაცია. ისე გამოდის, რომ ფსიქოლოგიის სხვადასხვა სკოლასა და ცენტრში ვართ დაქსაქსულები. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე მოვიწვიეთ კოლეგები, ვისაუბრეთ ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, მოვისმინეთ საინტერესო ახალი იდეები. გვინდა, რომ აღნიშნულ ფორმატში დიალოგს პერმანენტული ხასიათი მივცეთ“, – განმარტა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ლალი სურმანიძემ.
„მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგია თეორიულ, მეცნიერულ განვითარებასთან ერთად რეალურად პრაქტიკულად გამოყენებადიც იყოს. ბევრი ფსიქოლოგიური დაწესებულება ცალ-ცალკე ფუნქციონირებს და მოქალაქეებს აღნიშნული საკითხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. ვფიქრობ, საჭიროა, შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელიც მომხმარებელს ფსიქოლოგიური სერვისების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. იმედი მაქვს, ჩანაფიქრს ნელ-ნელა განვახორციელებთ“, – აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა რუსუდან ციცქიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემების შესახებ მრგვალი მაგიდა 6 თებერვალს გაიმართა.