ესეების კონკურსი  – „ჩემი უნივერსიტეტი“

თარიღი: 2023-02-07 13:09:24

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ესეების კონკურსი – „ჩემი უნივერსიტეტი“ გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებმა. წარმოდგენილ ნაშრომებს შორის კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფმა ხუთი საუკეთესო ნაშრომი შეარჩია და 3 თებერვალს გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გამარჯვებულთა შორის არიან ქართველური ენების მიმართულების დოქტორანტი ფიქრია ჭანტურია, სტუდენტები: თამთა შერმაზანაშვილი, დიანა მეტონიძე და მარიკა ხარშილაძე, ასევე  4+1 პროგრამის სტუდენტი ბეჰრემ კულიევი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის თქმით, ესეების კონკურსი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ღონისძიებათა შორის, რომელიც ფაკულტეტზე თსუ-ს 105 წლისთავთან დაკავშირებით იმართება. ღონისძიებებში ჩართულნი არიან როგორც პროფესორები, ასევე სტუდენტები. ესეების კონკურსი კი იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტი ერთნაირად აქცევს შთაგონების ქვეშ ოსტატებსაც და შეგირდებსაც. „კონკურსი ძალიან თბილი და ემოციური სათაურის ქვეშ გაიმართა. „კონკურსი „ჩემი უნივერსიტეტი“ ნამდვილად გამოხატავს ყველა იმ ადამიანის დამოკიდებულებას, ვისაც აქ უსწავლია და უღვაწია. ეს შენობა, განათლების ეს დიდებული კერა სწორედ  ჩვენი და მათია, ვინც ერთხელ მაინც იყო რაღაცით დაკავშირებული უნივერსიტეტთან და შეუერთდა იმ 300 ათას ადამიანს, ვინც უნივერსიტეტში სწავლობდა. ესეებიც ამაზეა – მშობლიური სასწავლებლისადმი  სიყვარულსა და ჯანსაღ დამოკიდებულებაზე იმ სტუდენტების მხრიდან, ვინც დაასრულებს უნივერსიტეტს და იღვაწებს ჩვენი ქვეყნის გასაუმჯობესებლად, გასაკეთილშობილებლად“, – გვითხრა ქალბატონმა ნანა გაფრინდაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი ასევე იუბილესადმი მიძღვნილ კიდევ ერთ ღონისძიებას მართავს – „ვკითხულობთ ივანე ჯავახიშვილს“. ამ ღონისძიებაზე წასაკითხად შერჩეულია ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი  – „ბრძოლა უნივერსიტეტის გადასარჩენად“. „ჩვენ გვაქვს ხოლმე ამ ტიპის სხვა ღონისძიებები, მაგალითად, ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“, გალაკტიონს, ვაჟას, ილიას, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომის კითხვა პირველად გაიმართება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ შემთხვევით არ შერჩეულა „ბრძოლა უნივერსიტეტის გადასარჩენად“. რასაკვირველია, დღეს უნივერსიტეტი გადასარჩენი აღარაა, მაგრამ მოსაფრთხილებელი ნამდვილად არის და როცა სტუდენტები კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდებიან დიდი ივანეს ამ ნაშრომს, უნივერსიტეტის მისიაშიც უფრო ღრმად ჩაიხედავენ და მისი დაარსების მნიშვნელობასაც სხვაგვარად გაიაზრებენ“, – თქვა მან.

კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, ასოცირებული პროფესორის ნინო პოპიაშვილის თქმით, კონკურსზე გამოხმაურება დიდი იყო. „ინტერესით ველოდებოდით სტუდენტების გამოხმაურებას ამ კონკურსში. მათ უნდა აღეწერათ, რას ნიშნავს მათთვის უნივერსიტეტი, უნდა მოეთხროთ უნივერსიტეტის ისტორია, მისი დღევანდელობა და გამოწვევები და უნდა გადმოეცათ ინდივიდუალური ხედვები უნივერსიტეტთან დაკავშირებით. მრავალი განაცხადიდან საუკეთესო ხუთი ესე შევარჩიეთ, მაგრამ  შეგნებულად არ გამოვყავით მონაწილეები საპატიო ხარისხებით, რადგან ვფიქრობთ, ეს წამახალისებელი იქნება  ჩვენი სტუდენტებისთვის. კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა 4+1 პროგრამის სტუდენტიც, რომელიც ჩვენს ფაკულტეტზეა ინტეგრირებული ქართულის, როგორც მეორე ენის დაუფლების მიზნით. ასეთი აქტივობა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტთან სტუდენტების რეფლექსიას  და ჩვენს დაფიქრებას – რა სურთ სტუდენტებს, რა მოსწონთ მათ და რა შეგვიძლია მათთვის უკეთესად გავაკეთოთ“, – თქვა ჩვენთან საუბარში ნინო პოპიაშვილმა.

გამარჯვებულ სტუდენტებს შორის ერთ-ერთია ქართველური ენების მიმართულების დოქტორანტი ფიქრია ჭანტურია, რომელმაც აღნიშნა, რაოდენ საპასუხისმგებლო იყო ამ ესეზე მუშაობა, რადგან უნდოდა ეჩვენებინა  ისტორიული სურათი – რა წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის დაარსებამ ქვეყნის წარმატებაში. „მისმა დამფუძნებლებმა საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. უნივერსიტეტი აღმოჩნდა  ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი და ღირებულებების ჩამოყალიბების საძირკველი. ჩემი ესე ისტორიული ჟანრისაა. დაარსების ისტორიას ჩემი მოსაზრებები დავურთე, მოვიყვანე შედარებები და არგუმენტები. გამარჯვებულთა შორის ყოფნა კი დიდ მოტივაციას მაძლევს“, –  თქვა მან.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო ესეებს შორის დასახელდა ბეჰრემ კულიევის ნაშრომი. იგი კახეთიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოდანაა და გამართულად ფლობს ქართულ ენას. „მე დავწერე ჩემს უნივერსიტეტზე. თსუ ყველაზე კარგია  უნივერსიტეტებს შორის, რომელიც იმდენად მიყვარს,  რომ სიამოვნებით შევისწავლე მისი დაარსების ისტორია და დამაარსებლების ღვაწლი“, – აღნიშნა ბეჰრემმა.

ესეების კონკურსის გამარჯვებულებს დაჯილდოების წინ ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა მიმართა და წარმატებები უსურვა. საუკეთესო ნაშრომების ავტორებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

Facebook
Twitter
LinkedIn