მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა 2022 წელს განხორციელებული მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები წარმოადგინა. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, კონკურსის საფუძველზე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ ფინანსდება. ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კვლევითი პროცესის განხორციელებისას აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა კვლევითი პროექტების შედეგები წარმოადგინა:
„მესტია: ეკონომიკის „ჩაშენება“ საზოგადოებაში“ – ხელმძღვანელი: მარინა მუსხელიშვილი;
„საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია: საზოგადოების ხედვა“ – ხელმძღვანელი: ზურაბ დავითაშვილი
„გიგ” მუშაკები და მათი სოციალური უსაფრთხოება საქართველოში“ – ხელმძღვანელი: ანა დიაკონიძე;
„ქართული დიასპორები ბალტიისპირეთში: მიგრაციის პარამეტრების ტრანსფორმაცია სივრცესა და დროში“ – ხელმძღვანელები: ია იაშვილი, გიორგი კვინიკაძე;
„მიგრაციის გენდერული ასპექტების შესწავლა: შრომითი მიგრაციის გავლენა ქალთა გაძლიერებაზე“ – ხელმძღვანელი: მედეა ბადაშვილი.
. . .
პროექტი – საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია: საზოგადოების ხედვა
„ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური და მიუკერძოებელი კვლევების ჩატარებას, მათ შორის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, რითაც დიდად განებივრებულები არ ვართ. განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო უწყებები უნივერსიტეტებს და უნივერსიტეტთან აფილირებულ კვლევით ცენტრებს სხვადასხვა ტიპის კვლევებს უკვეთენ. შესაბამისად, ჩვენი ფაკულტეტის ფარგლებში ჩატარებული კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ყველა სექტორში უკეთესი საგარეო პოლიტიკის, კარგი მმართველობის იდეის ჩამოყალიბებისა და განმტკიცებისთვის, ასევე, უკეთესი საზოგადოების ფორმირების თვალსაზრისით.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი კვლევები ეხება მრავალ განსხვავებულ საკითხს: მედიის კვლევებს, სოციალური მუშაობის საკითხებს, საერთაშორისო ურთიერთობებს… მაგალითად, პროფესორ ზურაბ დავითაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევა, რის პროცესშიც პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი და სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის მიმართ საზოგადოების განწყობებს. კვლევის ემპირიული ველი 2022 წელს მოიცავს, 4 რეგიონია შესწავლილი და მას არა მხოლოდ ანალიტიკური, არამედ სამეცნიერო დატვირთვაც აქვს, რადგან მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსების ერთ-ერთი წინაპირობა განხორციელებული კვლევების სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებაა“, – განმარტა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსმა სანდრო ტაბატაძემ.
პროექტის – „საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია: საზოგადოების ხედვა“ – ფარგლებში კვლევა საქართველოს ოთხ რეგიონში განხორციელდა: თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, ჯავახეთი და ქვემო ქართლი. პროექტის ხელმძღვანელის შეფასებით, აღნიშნული რეგიონების მაგალითზე, საქართველოს მოსახლეობის ხედვა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.
„კვლევის შედეგები, ზოგადად თუ შევაჯამებთ, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის შეფასება საგარეო პოლიტიკური საკითხების მიმართ საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, რისი მიზეზიც არის განსხვავებული ასაკი, განათლების დონე, საცხოვრებელი ადგილი, ეთნიკური კუთვნილება, რელიგია… კვლევამ გვიჩვენა, რომ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ცალსახად არის პროდასავლურ პოზიციაზე და საკმაოდ ძლიერი ანტირუსული განწყობით ხასიათდება; ეთნიკურ უმცირესობებში, განსაკუთრებით ჯავახეთის სომხურ მოსახლეობაში, აშკარად შეიმჩნევა სიმპათია რუსეთის სახელმწიფოსა და გარკვეული სკეპტიციზმი დასავლეთის, განსაკუთრებით ნატო-ს და ევროკავშირის მიმართ. აზერბაიჯანულ მოსახლეობას გარკვეულად შუალედური პოზიცია უკავია ეთნიკურად ქართულ და სომხურ მოსახლეობას შორის. აქედან დასკვნა – რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ ფლობს ქართულ ენას, მათთვის ინფორმაციის მიღების წყარო აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის ან რუსეთის ტელეარხებია. ხშირ შემთხვევაში ამ არხებზე გახმოვანებული პოზიცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასევე, დავინახეთ ტენდენცია, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა მოვლენებს აფასებს უფრო თავისი ისტორიული სამშობლოს პოზიციიდან, ვიდრე საქართველოს პოზიციებიდან, რაც ინტეგრაციის დაბალი დონის მაჩვენებელია. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ მაქსიმალური ყურადღება მიექცეს ამ რეგიონებში ქართული ენის სწავლებას და მოხდეს მოსახლეობის ინტეგრაცია ქართულ გარემოსთან. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი აღიქვან ქართული სახელმწიფოს ნაწილად“, – აღნიშნა პროფესორმა ზურაბ დავითაშვილმა.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების პრეზენტაცია 2 თებერვალს გაიმართა.