ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციით ,,თსუ-105“ გაიხსნა უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში გამართული სტუდენტური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები: თეიმურაზ პაპასქირი და დარეჯან გარდავაძე, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი და დოქტორანტი ანა მინდიაშვილი.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ლიტერატურით, ისტორიით, ფოლკლორითა და ფილოსოფიით დაინტერესებული ახალგაზრდების მოზიდვას, მათი ცოდნის გაღრმავებას, უახლესი სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას, პროფესიულ უნარ-ჩვევათა განვითარებასა და ამაღლებას.
სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე იმუშავა სექციებმა სხვადასხვა მიმართულებით: სექცია – საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია; სხდომის თავმჯდომარე – ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი. სექცია – ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოლკლორი; სხდომის თავმჯდომარე – ასოცირებული პროფესორი ნანა გონჯილაშვილი. სექცია – საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია; სხდომის თავმჯდომარე – ასისტენტ პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი. სექცია – ფილოლოგია, ფილოსოფია; სხდომის თავმჯდომარე – ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი.
სტუდენტურ კონფერენციაზე მოხსენებებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები წარსდგნენ.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი მიესალმა. „სრულიად ლოგიკურია, რომ საიუბილეო ღონისძიებებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს, პირველი უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტის – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სამართალმემკვიდრე. თსუ 105 წლის ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. მომავალში სწორედ დღევანდელმა სტუდენტებმა უნდა აიღონ ხელში ქვეყნისა და უნივერსიტეტის მართვის სადავეები და გახდნენ უნივერსიტეტის მისიის შესრულების, ქვეყნისა და უნივერსიტეტის წინსვლისა და გამარჯვების გარანტორები“, – აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.
„ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას და ჰუმანიტარული მეცნიერებებით ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას. სხვადასხვა ლიტერატურულ საკითხებზე მუშაობა ხელს უწყობს სტუდენტთა შემეცნებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, ლიტერატურულ სივრცეში ორიენტაციას, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ამ კონფერენციაზე საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი ყველა ის დარგი, რომელიც ჩვენს ფაკულტეტს აქვს. სტუდენტების აქტიური ჩართულობაც მოწმობს, რომ მათთვის საკმაოდ საინტერესო იყო ამ კონფერენციაში მონაწილეობა“, – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო პოპიაშვილმა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 41 სტუდენტი, რომლებმაც ლიტერატურულ თემებზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს: „გველის სახე „ვეფხისტყაოსანში“ (მომხსენებელი: ციური გვენეტაძე, ხელმძღვანელი: პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე); გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში“ – „გოგლიმოგლის“ ესთეტიკური სახის გააზრებისთვის“ (მომხსენებელი: მარი სიმონიშვილი, ხელმძღვანელი: პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი); „მამუკა წიკლაურის 70-იანი წლების პოეზიის ძირითადი ასპექტები“ (მომხსენებელი: მაია კვირკველია, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე); „გრიგოლ ორბელიანის „მგზავრობა ჩემი ტფილისიდან პეტერბურღამდის“ პერსონაჟები“ (მომხსენებელი: ნინო გიორგაძე, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ვარდოშვილი და სხვა.
სექციაზე – საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „გურიის გლეხთა მოძრაობის ასახვა 1905-1906 წლების ქართულ პრესაში“ (მომხსენებელი: ირაკლი ირემაძე, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ბონდო კუპატაძე); „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ქალი დეპუტატები“ (მომხსენებელი: ლიზი მურადაშვილი, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი); „ერთი ამბავი უნივერსიტეტის ისტორიიდან (დოცენტ ალექსანდრე წერეთლის საქმე)“ (მომხსენებელი: ზაზა ქარჩავა, ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან გორდეზიანი) და სხვა.
„სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, ამიტომ დავინტერესდი ლიტერატურული საკითხების კვლევით. ამ კვლევაზე მუშაობამ საშუალება მომცა ჩემი უნარ-ჩვევები დამეხვეწა და უშუალო კონტაქტი მქონოდა ხელმძღვანელთან, რომელმაც ბევრი საჭირო რჩევა-დარიგება მომცა თემაზე მუშაობისას“, – აღნიშნა კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, დოქტორანტმა ანა მინდიაშვილმა.
„სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ საშუალება გვეძლევა კვლევა დამოუკიდებლად ჩავატაროთ, ხელმძღვანელის მხარდაჭერით. ამ კონფერენციის მიზანი ხომ სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაა, რომელიც სტიმულს გვაძლევს – უფრო მეტად დავინტერესდეთ სამეცნიერო საქმიანობით, ჩვენი კვლევის შედეგები ერთმანეთს გავაცნოთ და გავუზიაროთ“, – განაცხადა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა მაია კვირკველიამ.
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს თსუ-ს რექტორსა და ადმინისტრაციას თანადგომისათვის.