რექტორის ბრძანება, რომელიც ბევრ სტუდენტს გაუადვილებს უცხოეთში დასაქმების პროგრამაში ჩართვას

თარიღი: 2023-01-31 19:25:50
25  იანვარს გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას ბრძანება სსიპივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა  რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში.
ცვლილების მიხედვით,  უცხო ქვეყანაში საზაფხულო დასაქმების  პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი გამოცდები ნაცვლად 21 – 27 ივლისისა, დაენიშნათ  15-17 სექტემბრის პერიოდში  (ამ შემთხვევაში, სტუდენტის არდადეგების პერიოდად განისაზღვრება 16 ივლისი – 14 სექტემბერი).

ამ ბრძანებით მოგვარდა არაერთი სტუდენტის პრობლემა, რაც საზაფხულო სტუდენტური სამუშაოებისთვის უცხოეთში გამგზავრებისას იქმნებოდა. კერძოდ მათ შეექმნათ გამოცდებისგან თავისუფალი ორთვიანი პერიოდი, რაც საჭირო და საკმარისია საზაფხულო სტუდენტური  დასაქმებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის, ლაშა საღინაძის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, რადგან უცხოეთში დასაქმების პროგრამაში ჩართული სტუდენტების მხრიდან ხშირი იყო თხოვნა დამატებითი გამოცდების გადატანის თაობაზე. „ამ სტუდენტებს საჭირო დოკუმენტაციის შესავსებად სჭირდებათ  ცნობა, თუ როდის აქვთ არდადეგების პერიოდი. ჩვენთან არდადეგები, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი აქტით, განსაზღვრული იყო 28 ივლისიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში – ათვლა იწყებოდა დამატებითი გამოცდების დასრულების შემდეგ. ამიტომ სტუდენტები ითხოვდნენ, რომ არდადეგების დაწყება ძირითადი გამოცდების დასრულების შემდგომ ყოფილიყო შესაძლებელი, რაც მათ საშუალებას მისცემდა, უფრო ხანგრძლივი ვადით ყოფილიყვნენ დასაქმებული უცხოეთში. საკითხი განვიხილეთ  ფაკულტეტების დეკანებთან, მოსაზრებები  შევაჯერეთ  რექტორთან და მისი  ბრძანებით, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ აქტში შევიდა ცვლილება. ამდენად, დადგინდა არდადეგების განსხვავებული პერიოდი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც განცხადებით მომართავენ თსუ-ს ადმინისტრაციას, რომ ისინი გეგმავენ უცხოეთში დასაქმების პროგრამაში ჩართვას. მათთვის არდადეგების პერიოდი განისაზღვრება 16 ივლისიდან (ნაცვლად 28 ივლისისა) 14 სექტემბრამდე (ნაცვლად 17 სექტემბრისა). ამ ცვლილებით სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, დამატებითი გამოცდა ჩააბაროს არა ივლისში, არამედ 15-დან 17 სექტემბრის პერიოდში. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“, – გვითხრა ლაშა საღინაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მეორე კურსის სტუდენტის ნათია  სირაძის თქმით, ვადა, რომელიც ამ ბრძანებით განისაზღვრა, საშუალებას მისცემს დასაქმების მსურველს – იმუშაოს და გარკვეული ფინანსური მოგებაც მიიღოს: „სახელმწიფოში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი ყველაზე მტკივნეულად სწორედ სტუდენტებზე აისახება, ქართული საბაზრო სისტემა ნაკლებად ითვალისწინებს სტუდენტთა საჭიროებებს და ეს შეუთავსებლობა ხშირად დილემის წინაშეც კი გვაყენებს. ამის შედეგია უამრავი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ან დაბალი აკადემიური მოსწრება, რომელიც ბუნებრივად მოსდევს დამღლელ, სრულგანაკვეთიან სამუშაო საათებს. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ლექციაზე ძილმორეული, შრომისაგან დაღლილი სტუდენტი, რომელიც ამაოდ ცდილობს – სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში. ეს მოცემულობა ნერგავს უთანასწორობას და სწავლისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამ ფონზე სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიაში, საუკეთესო გზაა, რათა გამოიმუშაო საკმაოდ სოლიდური თანხა ისე, რომ ეს ნეგატიურად არ აისახოს სასწავლო შედეგებზე. ცოტა ხნის წინ ჩემს თანაკურსელებთან ერთად გადავწყვიტე 2023 წლის საზაფხულო პერიოდი გერმანიაში ერთ-ერთ პოზიციაზე მემუშავა. ეს პროცესი საკმაოდ რთულ ბიუროკრატიულ თუ ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ შევძელით სასურველი აგენტის პოვნა, ძირითადი დოკუმენტების და ფინანსური საკითხების მოგვარება, თუმცა გადამწყვეტ მომენტში წარმოიშვა პრობლემა სამუშაო პერიოდთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ გერმანიაში მუშაობის დაწყებისა და დასრულების ვადები გაწერილია სპეციალურ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც ეს პერიოდი უნდა მოერგოს სასწავლო კალენდარს.  თსუ-ს საგამოცდო გრაფიკი კი იმდენად მოკლე გამოდიოდა, რომ რთული იყო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა, ამასთან, ხარჯების გათვალისწინებით მოგება, ფაქტობრივად, უმნიშვნელო რჩებოდა. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი პრობლემის აღმოჩენისთანავე შევხვდით ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ სალომე დუნდუას, რომელიც სტუდენტებისადმი ემპათიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. სწორედ მისი უშუალო შუამდგომლობით, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტისთვის დამატებითი ხარჯების მიუხედავად, სპეციალურად ჩვენთვის აღდგენითი გამოცდების პერიოდი 14-17 სექტემბერს გადაიტანა. შედეგად, სამუშაო პერიოდი გაგვეზარდა ორ თვემდე, რაც მისაღებია  დამსაქმებლებისა და სტუდენტებისთვის.  ვფიქრობ, ეს არის სწორი კომუნიკაციისა და იმ მზაობის შედეგი, რომელიც საწყის ეტაპზევე გამოითქვა დეკანისა და რექტორის მხრიდან“, – გვითხრა ნათიამ.

ბრძანების გამოცემის გამო სტუდენტები კმაყოფილებას ვერ მალავენ. პოლიტიკის მეცნიერებების მეორე კურსის სტუდენტის სალომე მეხრიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს სამგზავრო ბილეთები შეღავათიან ფასში აიღონ და ბევრად მეტი გამოიმუშაონ, რაც მათ ოჯახებსაც ფინანსურად დაეხმარება. ამავე მიმართულების სტუდენტი თორნიკე ელაშვილი კი, შრომასთან ერთად, ზაფხულის ორთვიანი არდადეგების პროდუქტიულად გატარებას გეგმავს:  „ეს გადაწყვეტილება ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან უცხოეთში დასაქმების  პროგრამა, გარდა სამუშაო გამოცდილებისა, შესაძლებლობას გვაძლევს – გავიცნოთ გერმანული კულტურა და დავხვეწოთ ენა. ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტების პრობლემა უყურადღებოდ არ დარჩა. დეკანის, ქალბატონ სალომე დუნდუას და რექტორის, ბატონ ჯაბა სამუშიას თანადგომით,  ძალიან ბევრ სტუდენტს გაუადვილდება უცხოეთში დასაქმების პროგრამაში ჩართვა“, – გვითხრა მან.

სტუდენტ არჩილ წივილაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაჭრა: „მიხარია, რომ ბიუროკრატიული დაბრკოლებები, რომლის გამოც ხან  სამართლიანად და ხანაც უსამართლოდ აკრიტიკებდნენ თსუ-ს, უფრო და უფრო მცირდება. ბატონი ჯაბასა და ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა ამის აშკარა გამოვლინებაა. ვიმედოვნებ, რომ უნივერსიტეტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ერთი მხრივ, განაგრძობს სტუდენტთა მხარდაჭერასა და მათთან კიდევ უფრო დაახლოებას, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტთა მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობის სურვილი, რომლის წარმატებით მოგვარებაში უნივერსიტეტმა დიდი ძალისხმევა ჩადო“, – ამბობს არჩილ წივილაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn