სიცოცხლე, რომელიც გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება
ორი წლის წინ, 20 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას გამოაკლდა თვალსაჩინო მეცნიერი, საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის მკვლევარი გიორგი ოთხმეზური.
უნივერსიტეტის კედლებს დღესაც ახსოვს შინაგანი კულტურით გამორჩეული, თავმდაბალი, ყურადღებიანი, უამრავი ღირსებით შემკული, ამავე დროს პრინციპული, შეუვალი და საქვეყნო საქმისთვის თავდადებული ბატონი გიორგი, რომელიც კოლეგებისთვის სანდო მეგობარი იყო, სტუდენტებისთვის კი – საყვარელი ლექტორი.
მშვიდი, გაწონასწორებული, ზოგჯერ ემოციებით აღსავსე – ასე იხსენებენ მისი ყოფილი სტუდენტები გიორგი ოთხმეზურის ლექციებს, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას ემსახურებოდა, არამედ ქვეყნის ისტორიისა და დღევანდელობისადმი რეალისტური დამოკიდებულების ჩანერგვას. ასეთი იყო ის, როგორც მეცნიერი და როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელსაც არასოდეს, არც ერთხელ არ შეუცვლია პრინციპული პოზიცია და ყველა გარდამტეხ ეტაპზე ღირსეულ მამულიშვილად წარმოჩნდა.
უნივერსიტეტელებმა კარგად იციან, რომ გიორგი ოთხმეზური დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის ვაჟი და სამეცნიერო-სამკვლევრო გზის გამგრძელებელი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს მოქცეულა დედის ჩრდილში და არასოდეს უსარგებლია პრივილეგიებით, თუმცა ბოლომდე დარჩა მოსიყვარულე, ყურადღებიან შვილად, რომელიც საჯარო ლექციებზეც კი გვერდით ეჯდა ქალბატონ მარიკას და უკვე ხანში შესულს უადვილებდა დარბაზთან ურთიერთობას.
გიორგი ოთხმეზური 1954 წლის 4 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1980 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1999 წელს – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
1976 წლიდან გიორგი ოთხმეზური მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად, 1991 წლიდან კი მოღვაწეობა თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც იკავებდა ჯერ დოცენტის, შემდგომ კი პროფესორის თანამდებობას; პარალელურად იყო საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომ კი – ხელმძღვანელი. განათლების რეფორმის შემდგომ, 2005 წლიდან, გიორგი ოთხმეზური უცვლელად იკავებდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციას.
გიორგი ოთხმეზური სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აწარმოებდა. წლების განმავლობაში კითხულობდა სხვადასხვა კურსებს, მათ შორის: „საქართველოს ისტორია (ზოგადი კურსი)“; „საქართველოს ისტორია (რუსულ ენაზე)“; „საქართველოს ისტორია XV-XVIII სს“; „ქართული წყაროთმცოდნეობა“; „ქართული ეპიგრაფიკა“ და სხვ.
აქვე, აღსანიშნავია მისი ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთმა ახალგაზრდამ დაიცვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი.
„პროფესორი გიორგი ოთხმეზური „საქართველოს ისტორიის“ ლექციაზე გავიცანი. ეს იყო ჩვენი, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტების ძირითადი სასწავლო კურსი – პირველი საგანი, რომლითაც სწავლა დავიწყეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მახსოვს, პირველი სემესტრის პირველი ლექცია და პირველი კურსი აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიყვანა, ხოლო მომდევნო სემესტრი უკვე ბატონმა გიორგიმ გააგრძელა. მშობლიური ისტორიის შუა საუკუნეების პერიოდი, რომლის შესახებაც ბატონი გიორგი ლექციას კითხულობდა, ყოველთვის გამორჩეულად მაინტერესებდა. მისი ლექცია იყო ისეთივე მშვიდი, გაწონასწორებული და მომენტებში ემოციებით აღსავსე, როგორიც თავად ბატონი გიორგი. თხრობის განსაკუთრებული, ინდივიდუალური სტილი, რომელიც გასდევდა მის ნარატივს, რთულია ოდესმე დაგავიწყდეს. ბატონი გიორგის ლექცია იყო ერთგვარი ნაზავი თავისი სამეცნიერო კვლევებისა და იმ მიღწევებისა, რომელიც ქართულმა ისტორიოგრაფიამ შექმნა კონკრეტული საკითხის შესახებ. ამგვარი მიდგომა არის ის, რაც მისაბაძია ყველა პროფესორ-მასწავლებლისთვის. ლექცია, ხომ, უპირველეს ყოვლისა, იმისთვისაა, რომ ლექტორმა საკუთარი კვლევა გააცნოს სტუდენტებს – ის, რაც თავისი შექმნილია, ორიგინალურია და გამორჩეული. სწორედ ასეთი, უნივერსიტეტის ჭეშმარიტი ლექტორი და მეცნიერი გახლდათ ბატონი გიორგი ოთხმეზური! ადამიანი, რომლის ლექცია და სამეცნიერო ნაშრომიც იყო თავისივე კვლევის, დაკვირვებისა და ორიგინალური შემოქმედების ნაყოფი. 2002 წლის 11 ივნისს, როდესაც სტუდენტური აკადემიური მოსწრების წიგნაკში თავისი ხელით გამიფორმა ფრიადი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ ბატონი გიორგის კოლეგა ვიქნებოდი. 2007 წლიდან, როდესაც საქართველოს ისტორიის კათედრის ლაბორანტი გავხდი, ბატონ გიორგისთან ხშირად მქონდა შეხება, მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა, რომელმაც წლები გასტანა და ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა“, – ასე იხსენებს პედაგოგს ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე.
გიორგი ოთხმეზური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და ღონისძიებებში, სადაც საქართველოს ისტორიისა და ქართული მეცნიერების მიღწევებს წარმოადგენდა, მათ შორის, ხშირად, ეროვნული ინტერესების არგუმენტირებულად დაცვაც უწევდა. მისი გამოკვლევები გამოცემულია საქართველოსა და უცხოეთის არაერთ რეიტინგულ სამეცნიერო კრებულსა და პერიოდულ გამოცემაში, ნაშრომები გამოქვეყნებულია: ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ ენებზე.
გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ზოგადად ქართული მეცნიერებისთვის და კონკრეტულად საქართველოს ისტორიის მკვლევრებისთვის. აი, როგორ იხსენებს მას აკადემიკოსი როინ მეტრეველი:
ღირსეული მეცნიერი და მოქალაქე
არ შემიძლია გულისტკივილის გარეშე გავიხსენო (ეს სიტყვაც მეჩოთირება) ქართველ მეცნიერთა შორის გამოჩენილი, ღირსებით სავსე პიროვნება გიორგი ოთხმეზური – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბატონი გიორგი ჩემი უმცროსი კოლეგა იყო და ყოველთვის კეთილი ურთიერთობა გვქონდა, როგორც საქმიანი, ისე მეგობრული. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იგი წარმატებული მეცნიერი – ისტორიკოსი გახლდათ. ძირითადი საგანი მისი კვლევებისა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია იყო. სწორედ ამ პერიოდის არაერთი პრობლემა გამოიძია და თავისი ანალიზითა და სათანადო დასკვნებით მეცნიერულ სამსახურში ჩააყენა. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ეპიგრაფიკული მასალების შესწავლაში.
ხაზი უნდა გავუსვათ მის მეცნიერულ პრინციპულობას (რაც დიდი დედისგან მოსდგამდა). ეს გამოიხატებოდა ამა თუ იმ საკითხის შესწავლასთან დამოკიდებულებასა და კრიტიკულ შეფასებებში.
მნიშვნელოვანი იყო მისი საქმიანობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც იგი საქართველოს ისტორიის პრობლემების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გიორგი ოთხმეზურის წვლილი საქართველოს ისტორიის გამყალბებლებთან ბრძოლაში; იგი ყოველთვის ჭეშმარიტებას იცავდა რეალური ვითარებიდან გამომდინარე სათანადო მასალის მოხმობით. მრავალ ამგვარ გამოსვლათა შორის (პრესაში, ტელევიზიით) მეტად მნიშვნელოვანი იყო ბატონი გიორგის შემართებული ბრძოლა გარეჯის მონასტრის ისტორიის დანაშაულებრივ გამყალბებლებთან (ეს შეიძლება მისი ბოლო სატელევიზიო გამოსვლაც იყო).
ვფიქრობ, განსაკუთრებულად ხაზგასასმელია გიორგი ოთხმეზურის დამოკიდებულება დედასთან – აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძესთან. თავის მხრივ, დედამ, ოჯახმა ბევრი მისცა მეცნიერს და საოცარი იყო დედისადმი – როგორც მეცნიერისადმი, ისე პიროვნებისადმი სამაგალითო თანადგომა. მხედველობაში მაქვს ის პერიოდი, როცა ქალბატონი მარიკა სიცოცხლის ბოლო წლებში შეუძლოდ გრძნობდა თავს. გიორგი ოთხმეზური ღირსებით უმკლავდებოდა ოჯახურ ტრაგედიას – შვილისა და მეუღლის დაღუპვას. იგი ვაჟკაცურად ატარებდა ტკივილს.
არ შემიძლია კმაყოფილებით არ აღვნიშნო, რომ გიორგი ოთხმეზურს ჰყავს ღირსეული შვილი – კოტე, რომელიც მამის მეცნიერულ გზას აგრძელებს. კოტე ოთხმეზური მოკრძალებით შემოვიდა მოქმედ მეცნიერ-ისტორიკოსთა შორის, უმცროს კოლეგად მოგვევლინა და მიმაჩნია, რომ წარმატებით მოღვაწეობს.
გიორგი ოთხმეზურს თავისი მნიშვნელოვანი შემოქმედებით (მონოგრაფიები, სტატიები, სახელმძღვანელოები) ქართული საისტორიო ამქრის მოღვაწეობაში სოლიდური ადგილი უკავია. მისი ამქვეყნიდან ადრე წასვლა დიდ დანაკლისად მიიჩნია საზოგადოებამ. ერთი რამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ პროფესორი გიორგი ოთხმეზური ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ყოველთვის ღირსეულ მეცნიერად და მოქალაქედ დარჩება.
* * *
გიორგი ოთხმეზურის სამეცნიერო მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მზადების ეტაპზეა მისი შრომების ორტომეულის გამოცემა. დაწყებულია მასალების დამუშავება პირადი არქივიდან.
ორტომეულის პირველ ტომში გაერთიანებული იქნება გიორგი ოთხმეზურის შესახებ ვრცელი შესავალი ნაწილი, ნაშრომების სრული ბიბლიოგრაფია და მისი ორი დისერტაცია – „XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო“ (1980. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული დისერტაცია) და „შიდა ქართლის მცირე სათავადოები (XV-XVII საუკუნეები)“ (1999. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად შესრულებული დისერტაცია).შრომების II ტომში შევა მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული სამეცნიერო სტატიები, რომლებიც გაბნეულია სხვადასხვა კრებულში. მათ შორის: „უხუცესი ვაზირები და მათი რიგი საქართველოში XII-XIII სს-ის მიჯნაზე (ეპიგრაფიკული მასალის მიხედვით), („მაცნე“. ისტორიის სერია, #1. 1979 გვ. 115-128); „ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან – ამირეჯიბი“ (თბ. 2009. A4. 67 გვ.); „Abkhazia’s status as part of Geprgia: Histroical perspective“ (“The Caucasus & Globalization”. Volume 4. Issue 1-2. Sweden. 2010. გვ. 178-183 (თანაავტორი მ. ლორთქიფანიძე); „ქართული პალეოგრაფია-ეპიგრაფიკა ( „საქართველოს ისტორიის კათედრა. 1918-2005“, თბ. 2010, გვ. 229-238); „ნიაბის წარწერები“ („თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“. ტ. II. თბ. 2011, გვ. 112-123); „თემურ-ლენგის საქართველოში ლაშქრობების შესახებ (რელიგიური ასპექტი)“ („საისტორიო კრებული“. I. წელიწდეული. თბ. 2011, გვ. 54-67); „დავით აღმაშენებლის ეპოქის ეპრაფიკული ძეგლები“ („თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების სპეციალური გამოშვება); „ დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა“ (თბ. 2011, გვ. 26-38); „ბარანის ციხის წარწერის თარიღისათვის“ („საისტორიო კრებული“. 5. წელიწდეული. თბ. 2015, გვ. 201-215); „დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგლები“ (თბ. 2016) და სხვ.
ასევე, მეორე ტომში გამოსაცემად არის განსაზღვრული მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომებიც. ცნობილია, რომ გიორგი ოთხმეზური გარდაცვალებამდე ინტენსიურად მუშაობდა XIV საუკუნის საქართველოს ისტორიაზე, კვლევა დაასრულა, მაგრამ გამოცემა ვერ მოასწრო. ნაშრომი შეეხება თემურ ლენგის ლაშქრობების პერიოდის საქართველოს ისტორიას, კონკრეტულად კი, ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის მეფობის ხანას. გამოკვლევას თან ერთვის ვრცელი დანართი, სადაც განხილულია დასახელებული პერიოდის ისტორიული დოკუმენტები.
* * *
გიორგი ოთხმეზური, როგორც სანდო მეგობარი, დარჩა ახლობლებისა და მეგობრების ხსოვნაში. მის ღირსებებსა და ადამიანური თანალმობის გასაოცარ უნარზე საუბრობს ყველა, ვისთანაც კი შეხება ჰქონია. ამ დიდ ადამიანს შეეძლო ყოფილიყო შეუვალი მეომარიც და თანამგრძნობი მეგობარიც.
„გიორგი ჩემთვის ძალიან ახლობელი პიროვნება იყო – ჩვენი მშობლები ჯერ კიდევ ბავშვობიდან მეგობრობდნენ და მეამაყება, რომ ეს ურთიერთობა ჩვენით გაგრძელდა. ის იყო ბრწყინვალე პიროვნება და მეცნიერი და, რაც მთავარია, ყველაფერში ჰქონდა თავისი ძალიან მყარი პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ტრაგედია გადაიტანა, გიორგი მუდმივად ცდილობდა, ეს არ შეემჩნია სამეგობროში – ჩვენთან ურთიერთობაში ის არაჩვეულებრივად თბილი და ლაღი იყო. საზოგადოებამ იცის, რომ სამეფო ოჯახმა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დააარსა ერეკლე მეორეს ორდენი, რომელიც, ჩვენ, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მის ძმას – დავითს გადავეცით დარეჯანის სასახლეში. ამით მინდოდა დიდი პატივისცემა გამომეხატა ბატონი გიორგის მიმართ. მასთან ყოფნა ძალიან დიდი ბედნიერება და სიამოვნება იყო“, – გვითხრა გიორგი ოთხმეზურის მეგობარმა, რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ.
გადის წლები. მიდიან დიდი ადამიანები. გიორგიმ ოთხმეზური კი, როგორც მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ერთი ძალიან კარგი ადამიანი, მუდმივად ცოცხლობს.
ასეც უნდა იყოს. სიკვდილი ხომ დროებითი მოვლენაა – ცოცხლობ მანამ, სანამ ახსოვხართ…