„ჩვენი დროის ნაცარქექია, ლუარსაბი, ჯაყო…“
პოსტმოდენისტული ინტერპრეტაციები თსუ-ს ჟურნლისტებისგან
28 დეკემბერს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დარბაზში კრებულის – „ჩვენი დროის ნაცარქექია, ლუარსაბი, ჯაყო…“ – წარდგინება შედგა. ღონისძიება ამავე ფაკულტეტის სტუდენტის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკა მახარობლიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. პრეზენტაციას აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კრებული „ჩვენი დროის ნაცარქექია, ლუარსაბი, ჯაყო…“ (პოსტმოდერნისტული ინტერპრეტაციები) – სტუდენტურ თხზულებებს უყრის თავს. მისი შექმნის იდეა, ტრადიციულად, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის სალექციო კურსის – „კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტები“ – სწავლების პროცესში გაჩნდა. საგნის ლექტორებმა, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა და მოწვეულმა ლექტორმა ადა ნემსაძემ ერთი სასემინარო დავალების შედეგად შექმნილი ნაშრომები საინტერესო კრებულად აქციეს.
ღონისძიება სიტყვით ფაკულტეტის პროფესორმა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა შამილიშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ ახალი კრებულის გამოცემა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც 2017 წელს წარმატებით განხორციელდა მსგავსი მიზანდასახულობის პროექტი „პოსტმოდერნისტული კომბლე“ (ერთი სასემინარო დავალება).
„დღევანდელი პრეზენტაცია მივუძღვენით ნიკა მახარობლიშვილის ხსოვნას, რომელიც ამ ზაფხულს ტრაგიკულად დაიღუპა. ეს პროექტი მე და ქალბატონმა ადა ნემსაძემ ჩვენი სალექციო-სასწავლო კურსის პირობებში კონცეფციის სახით შევქმენით. დავალებას ვაძლევთ ხოლმე ცალკეული კულტურულ-ესთეტიკური მიმდინარეობების და თეორიების გაცნობისას, რათა ის თეორიული ნიშნები კარგად აისახოს შემდგომ პრაქტიკულ ნამუშევარში და ასე შეერწყას თეორიული გამოცდილება პრაქტიკულს. შესაბამისად, მივიღეთ შედეგი და გადავწყვიტეთ, რომ წიგნად შეგვეკრა. მადლობა მინდა გადავუხადო კრებულის რედაქტორს, ბექა ქურხულს, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის და ჯილდოს ლაურეატი გახლავთ.
კრებულს თავისი პეწი იერსახემაც შესძინა. გაფორმება, ყდა, ტექსტებში ჩართული ვიზუალური ნარატივი ლიანა მარქარიანს ეკუთვნის. თითოეულმა ელემენტმა დამატებითი ექსპრესია და მნიშვნელობა შემატა შინაარსს“,- თქვა მანანა შამილიშვილმა.
მანვე აღნიშნა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტისა და ქალბატონი თამარ დოლბაიას მუდმივი მხარდაჭერა და კრებულის გამოცემაში შეტანილი წვლილი.
ამჯერად კრებული აერთიანებს ნაწარმოებებს, რომლებიც პოსტმოდერნიზმის თეორიული საფუძვლის შესწავლისა და გაცნობიერების შემდეგ სტუდენტებმა ბოლო სამი წლის მანძილზე დავალების სახით დაწერეს. კერძოდ, მათ ქართული ხალხური ზღაპრის „ნაცარქექიას“, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით, ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სტილური თავისებურებების გათვალისწინებით, თანამედროვე რეალიათა კონტექსტში შექმნეს ინტერპრეტაციები.
კრებულის შედგენისას სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, საგნის პედაგოგების: ცნობილი ლიტერატორის – ადა ნემსაძისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – მანანა შამილიშვილის, ასევე – მწერალ ბექა ქურხულის შემადგენლობით, 70-მდე ნაშრომიდან შეარჩია 27 საუკეთესო. შერჩევის კრიტერიუმებად განისაზღვრა შემდეგი მახასიათებლები: თხზვის ორიგინალური მანერა, თეორიული მასალის ცოდნა, განსჯა-შეფასების უნარი, შემოქმედებითობა და თავისუფალი აზროვნება.
ღონისძიების მსვლელობისას ქალბატონმა ადა ნემსაძემ თავის სიტყვაში სტუდენტებისთვის ამ კრებულის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება თქვენი სტუდენტური ცხოვრებიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, საუკეთესო მოსაგონარი, რადგან მატერიალური სახე აქვს ამ დავალებას. ეს მეორე კრებულია, რაც ამ პროექტის ფარგლებში დავბეჭდეთ და ორივეჯერ გვქონდა ფაკულტეტის უპირობო მხარდაჭერა. ასეთი ფორმის თუ შეიძლებოდა ყოფილიყო კრებული, ვერ წარმომედგინა. გილოცავთ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ავტორებს“, – თქვა მან.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფაკულტეტის ახლადარჩეული დეკანის სალომე დუნდუას გამოსვლა. მან სპეციალურად მომზადებული სიგელები გადასცა ნიკა მახარობლიშვილის დედას და მიმართა: „ნიკა იყო ჩვენი – პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტი, რომელიც მუდამ გვემახსოვრება. მინდა გადმოგცეთ ორი სიგელი – ერთი არის სერთიფიკატი, რომელიც თვითონ ნიკამ ვეღარ წაიღო, ეს არის 81-ე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი. ხოლო მეორე – მადლიერების სიგელი, რომელიც ფაკულტეტმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა გავაკეთეთ ნიკა მახარობლიშვილის მიღწეული წარმატებებისა და დატოვებული სიკეთისთვის. მადლობა ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ტრაგიკულად დაღუპული ძმების – ივანე და ნიკა მახარობლიშვილების პედაგოგი ნინო ჯალაღონია, რომელმაც ძმების შემოქმედება შეკრიბა და კრებულის სახე მისცა. კრებული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხვდა.
„დავუკავშირდი და თანხმობა მივიღე გამომცემლობა „ინტელექტისგან“ და რამდენიმე კვირაში, კოლოსალური შრომის შედეგად, გამოიცა ეს წიგნი. ამ დროს ახლოვდებოდა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ჩემი მიზანი იყო ძმების სახელი გამეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მიზანს მივაღწიე. 19-23 ოქტომბერს ამ ფესტივალზე ჩავატარე პირველი პრეზენტაცია წიგნისა, რომელიც, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი ეთმობა უმცროსი ძმის – ივანე მახარობლიშვილის ჩანახატებს, ესეებსა და ზოგადად მხატვრობას. მეორე ნაწილი კი – ნიკას სამეცნიერო სტატიებს. წიგნის რეცენზენტები გახლავთ პროფესორები – ბატონი გია მურღულია, ქალბატონი მანანა შამილიშვილი, ქალბატონი მაია ჯალიაშვილი და ქალბატონი ნინო გორდელაძე. დღეს აქ იმყოფება ივანეს და ნიკას დედა – ქალბატონი ანა, რომელიც მინდა გავამხნევო და საზოგადოების სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი შვილების აღზრდისთვის“,- აღნიშნა ნინო ჯალაღონიამ.
ღონისძიების კიდევ ერთი სპეციალური სტუმარი გახლდათ მწერალი ბექა ქურხული, რომელმაც კრებულის რედაქტირება ითავა: „დრო ძალიან სწრაფად გარბის, ზუსტად გუშინ-გუშინწინ ვიყავი თქვენხელა. წავიკითხე თქვენი ნაწარმოებები და მინდა ვთქვა, რომ ყველა ძალიან საინტერესო იყო. რამაც ყველაზე მეტად გამახარა, ესაა ის, რომ ყველა თხზულება განსხვავებულია. ზოგადად ძალიან უყვართ ხოლმე ლიტერატურის და მწერლობის დაყოფა – მოდერნიზმი, პოსტ-მოდერნიზმი, ასეთი და ისეთი ლიტერატურაო… არ დაუჯეროთ არავის. სინამდვილეში ლიტერატურა იყოფა ორ ნაწილად – კარგი და ცუდი. თუ კარგად წერთ, დაწერეთ რაზეც გინდათ“, – უთხრა სტუდენტებს ბექა ქურხულმა.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა ტრადიციულად წაიკითხეს ნაწყვეტები საკუთარი ნაშრომებიდან. უნდა ითქვას, რომ ნიკა მახარობლიშვილის ნაშრომი მისმა საუკეთსო მეგობარმა თორნიკე ყრუაშვილმა წაიკითხა. წელს კრებულში შემდეგი სტუდენტების ნამუშევრები შევიდა: ანა თვალავაძე („მეტამორფოზა“), ანანო შალამბერიძე („ნაცარქექია კარანტინში“), ამირან ქორიძე („მეზობლები“), ბესო ბოსტოღანაშვილი („ნაცარქექია კარანტინში“), გვანცა სეთურიძე („ნაცარქექია კარანტინში“), ეთო მიდელაშვილი („ნაცარქექია კარანტინში“), ეკატერინე გიგაური („გაქცევა კოვიდშენკიდან – ნაცარი ქექიას თავგადასავალი“), ელენე ზაქაშვილი („ნაცარქექიას მმართველობა მოუნდა“), ელიზაბეტ ფორჩხიძე („ნაცარქექია კარანტინში“), ვანო გომურაშვილი („სილიბისტრო ნაცარქექია – ჟურნალისტი ვარ დაბადებიდან, თავისუფლებამ გამაბედინა“), თორნიკე სახურია („ნაცარქექია კარანტინში – ისტორია გრძელდება“), კოკა ქარდავა („ამბავი ნაცარში ჩავარდნილი კოვზისა ან ერთი კოვზი ნაცრისა“), ლიკა კობახიძე („ნაცარქექია 21-ე საუკუნეში – კაცი, რომელიც ცისმარე დღეს ტელეფონს სქროლავდა“), მარიამ ბუკია („ნაცარქექია კარანტინში“), მარიამ გველესიანი („ნაცარქექია კარანტინში“), მარიამ გრძელიშვილი („ნაცარქექია კარანტინში“), მარიამ იაკობიძე („ნაცჩო ნაცარქექია კარანტინში“), მარიამ კამკამიძე („ნაცარქექიადან ინfლუენსერობამდე“), ნათია მიხელიძე („ვქექე, ვქექე და ჩემი თავი გამოვქექე“), ნეო („JAKO (ჯეი ქოუ)-ს გათემილი რეივ-აქცია“), ნიკოლოზ მახარობლიშვილი („ნაცარქექია“), ნინო გაზაშვილი („ნაცარქექია კარანტინში“), ნინო გიორგაძე („მარადიული ნაცარქექია – ის აქ არის“), ნინო მჭედლური („ნაცარქექია კარანტინში“), ქეთევან მთვარელიძე („არსაით-ა“), შალვა ლაშხია („რაღაცნაირი ნაცარქექია“), შოთა ჩანქსელიანი („ჯერ ჭამა“).
ღონისძიების შემდეგ თავისი ემოციები გაგვიზიარა ერთ-ერთმა ავტორმა, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების კურსდამთავრებულმა ნათია მიხელიძემ: „ეს მოთხრობა ბოლო კურსზე ვიყავი, როცა დავწერე. პანდემია იყო, სახლში ვისხედით ყველა. ამ პროექტმა საინტერესო გახადა სწავლის პროცესი, რაღაც სხვა სამყარო შეგვიქმნა. ამიტომ მასზე მუშაობა, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო. ის ფაქტი, რომ დავალებები გამოიცა კრებულის სახით, სასიხარულოა ჩემთვის და მადლობელი ვარ, რომ ჩემი მოთხრობაცაა შესული. წერა მიყვარს და ეს იყო ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა. რაც უფრო ბევრს წერ, რაც უფრო მეტად გამოცდი შენს თავს წერაში, უფრო და უფრო კარგი ხდება მერე შენი ნაწერი. ამიტომ ძალიან დიდი როლი ჰქონდა ამ თხზულებას ჩემს განვითარებაში“, – თქვა მან.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად კრებულები გადაეცათ, გახმიანდა მომავალში ახალ გამოცემაზე მუშაობის მიზნები და სურვილი.