საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მარიამ ლორთქიფანიძე – 100″

თარიღი: 2022-12-27 19:54:45

2022 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. 23 დეკემბერს სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებული  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მარიამ ლორთქიფანიძე – 100“.

კონფერენცია გახსნა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც გაიხსენა მარიამ ლორთქიფანიძის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე და აღნიშნა, რომ ამგვარი სამეცნიერო ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერის ხსოვნისადმი პატივისცემას.

კონფერენციის პირველ სხდომაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები, რომელთაგან ორი ეძღვნებოდა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სამეცნიერო მემკვიდრეობის მიმოხილვას.  „მარიამ ლორთქიფანიძე – 100“ – ამ თემაზე ისაუბრა ქეთევან ნადირაძემ (თსუ),  „გლეხობის ეკონომიკური ისტორია მარიამ ლორთქიფანიძის ნაშრომებში“ – წარადგინა აკაკი ჩიქობავამ (თსუ).

ორ სხდომაზე კონფერენციამ მოისმინა ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოხსენებები: „ისიდა ლაქტანსის გვიანრომაული ხანის ძვლის ფიგურები“ (ვესელა ათანასოვა, ბალკანეთის კვლევების ინსტიტუტი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია); „ლუციუს ვერუსის პართული ექსპედიცია და იბერები“ (ნათია ფიფია (თსუ), ეკატერინე კობახიძე (თსუ); „რომაული მონეტების ქართული (იბერული) მინაბაძები“ (თედო დუნდუა (თსუ), ნათია ფიფია (თსუ); „სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში დაცული სამი ვერცხლის თასის ატრიბუციისა და დათარიღების საკითხისათვის“ (ნინო სილაგაძე (თსუ); „მოხირისი – დაკარგული ქალაქი ლაზიკაში. ლოკალიზაციის პრობლემა“ (მარჩინ ვიეჩორეკი, პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი); „გრიგოლ I ჰამამი და მეფობის აღდგენა ჰერეთში: რანთა სამეფო IX საუკუნის მეორე ნახევარში“ (ლერი თავაძე (თსუ); „XII საუკუნის ქართულ-ჯვაროსნული  ურთიერთობებიდან“ (მამუკა წურწუმია);  „გიორგი XII-ის გამეფების საკითხი“  (აპოლონ თაბუაშვილი (თსუ); „ოთხი პარტია და ოთხი საპროგრამო ხედვა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში (1919 წლის მარტი)“ (დიმიტრი შველიძე (თსუ); „ქართული ემიგრაციის როლი ებრაელთა გადარჩენაში მეორე მსოფლიო ომის დროს“ (ნიკოლოზ ჯავახიშვილი (თსუ); „კახეთში მცხოვრები ლეკები (ხუნძები/ავარები) და საბჭოთა ხელისუფლება 1940-1960-იან წლებში (საარქივო მასალების ფონზე)“ (თენგიზ სიმაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ესტონეთის კულტურის დღეები საქართველოში (1971 წ.)“ (სერგეი ტამბი, ტარტუს უნივერსიტეტი); „ანთიმოზ ივერიელი – რუმინული ბიბლიოგრაფიული მიდგომა (1990-2022)“ (მირჩა-კრისტიან გენგა, „ალექსანდრუ იოან კუზას“ იაშის უნივერსიტეტი).

კონფერენციაზე ასევე გაიმართა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების XVIII ტომის (რედაქტორები: თედო დუნდუა, ალექსანდრე ბოშიშვილი) პრეზენტაცია, რომელიც წინა დღეებში გამოვიდა.

მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობა მრავალმხრივ არის გამორჩეული. იგი გახლავთ 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და წლების განმავლობაში იბრძოდა ქართული ენის და საქართველოს ისტორიის, როგორც დისციპლინის, დასაცავად. საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის გამო მარიამ ლორთქიფანიძეს მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი.

Facebook
Twitter
LinkedIn