თსუ-ში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

თარიღი: 2022-12-24 19:19:39

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით 21 დეკემბერს დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

ფორუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშიაც ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს წარმატებული გასაუბრება უსურვა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობაზე.

„ჩვენი სტუდენტებისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც მათ შეუძლიათ დამსაქმებლებთან ურთიერთობა. დღეს ის კომპანიები არიან შერჩეულები, რომლებიც სტუდენტებთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში გამოირჩევიან თავისი ლოიალურობით და პროფესიონალიზმით. მინდა ჩვენს სტუდენტებს ვუსურვო წარმატებული გასაუბრება და კარიერული წინსვლა მომავალ სამსახურებში“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 40-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანია, როგორებიცაა: საქართველოს ბანკი, პსპ, რებანკი, სილქნეტი, თი ბი სი, ავერსი, კრედო ბანკი, იმპექსი, საქსტატი და სხვები, რომლებიც დასაქმების სერვისებს  ადგილზევე სთავაზობდნენ სტუდენტებს. დამსაქმებელთა შორის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

„გასაუბრება გავიარე სილქნეტის კომპანიასთან. გავაცანი ჩემი ინტერესები – თუ რა სფეროში მინდოდა დასაქმება და მათგანაც მოვისმინე შეთავაზებები. ჩემთვის სრულიად მისაღებია ეს პროფესია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ ამ სფეროში საკუთარი თავი მეცადა. ვნახოთ, იმედია, დავსაქმდები“, – აღნიშნა თსუ-ის ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტმა თამარ კობიაშვილმა.

ამასთან ერთად, თსუ-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებიც ჩატარდა, სადაც საუბარი იყო პროფორიენტაციასა და მოტივაციაზე, რომლის მომხსენებელიც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო დოლიძე გახლდათ. საუბარი იყო ასევე საქართველოს შრომის ბაზრის ტენდენციებზე და ყველა რჩევაზე, რომლებიც სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს რეზიუმეს მომზადებისას.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფორუმი პანდემიის შემდგომ პირველად გაიმართა ფიზიკურ გარემოში და განსაკუთრებულია იმითაც, რომ, პარალელურად ფორუმისა, ჩატარდა კარიერის განმავითარებელი სესიები.

ცნობისთვის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან მიმდინარეობს დასაქმების ხელშეწყობის ფორუმები.

თსუ-ს კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. თსუ-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა 60% საკუთარი პროფესიით იწყებს მუშაობას, რაც ევროპული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის იდენტურია.

ეკა ხოფერია

Facebook
Twitter
LinkedIn